წვდომის მენიუ

,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 485 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ 2012 წლის 15 აგვისტოს მიღებულ იქნა დადგენილება N9 ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“.

  საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ივლისს. არნიშნული კანონის შესაბამისად ცვლილება იქნა შეტანილი  საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლებში და საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულაციები ასევე გავრცელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე.

   კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში, რათა აღნიშნული დადგენილება შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს ორგანულ კანონთან ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 2 სექტემბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                                    კომისიის თავმჯდომარე                                           კ. კვიტაიშვილი

                                    კომისიის წევრი                                                     ს. ბრიტანჩუკი

                                    კომისიის წევრი                                                     ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები