კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2013
კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ და წარმოადგინეს კომპანიებს შორის 2013 წლის 22 ივლისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 2010 წლის 9 მარტის N10-285 ხელშეკრულებაზე.
კომისიაში 2013 წლის 22 ივლისს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ N10-285 ხელშეკრულებას-2016 წლის 23 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N220/5 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებით და სს „სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (N10-285) შესაბამისად, პირდაპირი გადაპირების წესით დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა სს „სილქნეტს“ 2013 წლის 23 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 22 ივლისს კომისიის N460/6 გადაწყვეტილების საფუძველზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2023 წლის 23 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზია ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით — 827,955მჰც÷831,645მჰც და 872,955მჰც÷876,645მჰც სარგებლობის უფლებას მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2023 წლის 23 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაპირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ სს “სილქნეტი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას ფლობს სს “გაერთიანებული ტელეკომთან“ 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული გადაპირების N10-285 ხელშეკრულების და კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის N460/6 გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს “გაერთიანებული ტელეკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას 2023 წლის 23 ივლისამდე და სს “სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2013 წლის 22 ივლისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ გადაპირების ხელშეკრულებაში ცვლილებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების შეტანა კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში და ამ მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 9 სექტემბერს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის სოფიო ბრიტანჩუკი
მოვალეობის შემსრულებელი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
