შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2013
შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/303-13, 23.07.2013), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირება მნიშვნელოვნად გაზრდის ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლებს და უზრუნველყოფს ტელეპროდუქციის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიას, 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-8 სატელევიზიო არხზე, 50 ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით ქ. ჭიათურა;
დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 09 სექტემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
