წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 499 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2013

 

შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯეოსელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის N7/261-13, 01.07.2013) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი“ კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს  N404/1 და 2006 წლის 2 ივნისის N238/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით — 1725.1მჰც÷1740.0მჰც; 1820.1მჰც÷1835.0მჰც სარგებლობის უფლებას, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე 2013 წლის 13 აგვისტომდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”ჯეოსელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2013 წლის 13 აგვისტოს, შესაბამისად, შპს ”ჯეოსელის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

“ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“  შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

 ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”

  კომისია აღნიშნავს, რომ  ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1,000.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის N6/4191-13, 31.07.2013)

კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის სარგებლობით უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

C×Σin =1(Ai/Bi)/n ,

 

 

სადაც:

C-გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობა;

n-ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა;

Ai--i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n;

Bi-i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n.

„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/910-13, 29.07.2013), რომლის შესაბამისადაც, ვინაიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ბოლო ორი წლის, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად  დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად (ანუ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად) არ გამართულა არც ერთი  აუქციონი, შპს “ჯეოსელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით და ამავე მუხლის  ვ) ქვეპუნქტით.

კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებულ რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო  ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩატარებული ბოლო სამი აუქციონის შედეგები შემდეგნაირია:

·          კომისიის 2006 წლის 23 მაისის N210/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 35 მჰც სიხშირულ ზოლზე (1950მჰც÷1965მჰც; 2140მჰც÷2155მჰც; 2010მჰც÷2015მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა  შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 18,681,072.00 (თვრამეტი მილიონ ექვსასოთხმოცდაერთი ათას სამოცდათორმეტი) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა  35მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 18,681,072/35 = 533,744.91 (ხუთასოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი და 91) ლარი.

·         კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N533/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10 მჰც სიხშირულ ზოლზე  (1740,4მჰც÷1741,2მჰც; 1835,4მჰც÷1836,2მჰც; 1780,6მჰც÷1784,8მჰც; 1875,6მჰც÷1879,8მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯეოკომ ინვესტი“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური- 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაასრვა ათას ხუთასთვრამეტი) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა 10მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 17,808,518/10 = 1,780,851.80 (ერთი მილიონ შვიდასოთხმოცი ათას რვაასორმოცდათერთმეტი და 80) ლარი.

·         კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N795/8 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10.98 მჰც სიხშირულ ზოლზე (880.335მჰც÷883.365; 887.055მჰც÷889.515მჰც; 925.335მჰც÷928.365მჰც; 932.055მჰც÷934.515მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მობიტელი“, აღნიშნულ აუცქიონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 27,874,175.00 (ოცდაშვიდი მილიონ რვაასსამოცდათოთხმეტი ათას ასსამოცდათხუთმეტი) ლარი, შესაბამისად  1 მჰც სიხშირის საფასურმა 10.98მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 27,874,175/10.98 = 2,538,631.60 (ორი მილიონ ხუთასოცდათვრამეტი ათას ექვსასოცდათერთმეტი  და 60) ლარი.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20  ლიცენზია ითვალისწინებს 29.8 მჰც (1725.1მჰც÷1740მჰც; 1820.1მჰც÷1835მჰც) სიხშირული ზოლით  სარგებლობის უფლებას. კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგნაირად: 29.8×((533,744.91+1,780,851.80+2,538,631.60)/3)=48,208,734.55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შპს „ჯეოსელის“ მიერ  გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 48,208,734.55 (ორმოცდარვა მილიონ ორასრვა ათას შვიდასოცდათოთხმეტი და 55) ლარს.

 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2013 წლის 9 აგვისტოს. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, რომელმაც  დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 48,208,734.55 (ორმოცდარვა მილიონ ორასრვა ათას შვიდასოცდათოთხმეტი და 55) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე შპს “ჯეოსელის“ მზადყოფნა. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან კომისიის მიერ განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, რომლის გაანგარიშებაც განხორციელდა 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში 2013 წლის 17 ივლისის N6 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით და რომლის ოდენობაც შეადგენს 48,208,734.55 (ორმოცდარვა მილიონ ორასრვა ათას შვიდასოცდათოთხმეტი და 55) ლარს,  არ იყო გათვალისწინებული შპს „ჯეოსელის“ ბიუჯეტში, კომპანიას შესაძლოა მოუხდეს სესხის აღება და აღნიშნულის გამო ესაჭიროება დამატებითი ვადა, რათა უზრუნველყოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლევან გიორგაძემ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს „ჯეოსელისთვის“ განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ერთ წელზე განწილვადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ იმსჯელა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა, ასევე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის   განწილვადება  6 თვეზე, ყოველთვიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის  გ) და ვ) ქვეპუნქტების,   კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ჯეოსელს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიას 2013 წლის 13 აგვისტოდან 10 წლით - 2023 წლის 13 აგვისტომდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1725.1მჰც÷1740მჰც; 1820.1მჰც÷1835მჰც

ბ) დანიშნულება: მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;

გ) გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 13 აგვისტომდე;

ე) შპს „ჯეოსელი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F20 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

2. შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს 48,208,734.55 (ორმოცდარვა მილიონ ორასრვა ათას შვიდასოცდათოთხმეტი და 55) ლარით.

3. უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის-48,208,734.55 (ორმოცდარვა მილიონ ორასრვა ათას შვიდასოცდათოთხმეტი და 55) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402

8,034,789.10 ლარი-2013 წლის 13 სექტემბრამდე;

8,034,789.09 ლარი-2013 წლის 13 ოქტომბრამდე;

8,034,789.09 ლარი-2013 წლის 13 ნოემბრამდე;

8,034,789.09 ლარი-2013 წლის 13 დეკემბრამდე;

8,034,789.09 ლარი-2014 წლის 13 იანვრამდე;

8,034,789.09 ლარი-2014 წლის 13 თებერვლამდე.

4. შპს „ჯეოსელი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში              აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. შპს „ჯეოსელის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);

გ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა(ნ.ლორთქიფანიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს შპს „ჯეოსელისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა დ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) ამავე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                           აკაკი სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                         ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები