კერძო მაუწყებლობის № B111 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 16, 2013
კერძო მაუწყებლობის № B111 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 2 ივლისის N10/732-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისადაც ააიპ „ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერია“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB111 ლიცენზიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით მაუწყებლობაზე, არ ახორციელებს მაუწყებლობას, ამავე დროს, კომპანია თავის ვებ გვერდზე არ აქვეყნებს და არც კომისიას აწვდის მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ 2013 წლის 12 ივნისის N6/3035-13 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ააიპ „ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერია“ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 2012 წლის განმავლობაში არ გასულა ეთერში და კომპანია არ ფუნქციონირებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 19 ივლისის N457/23 გადაწყვეტილებით კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიის” კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა ააიპ „ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიის“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის 2013 წლის 19 ივლისის N457/23 გადაწყვეტილება გაეგზავნა ააიპ „ქართულ ტელე-მაუწყებლობა ივერიას“ და ჩაბარდა 2013 წლის 2 აგვისტოს (გზავნილის კოდი 040004961626), შესაბამისად კომპანიისთვის ცნობილი იყო კომისიაში ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღისა და დროის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ააიპ ,,ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს და ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, მათ შორის თავად ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2013 წლის 12 ივნისის N6/3035-13 წერილით უტყუარად დასტურდება ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ მიერ მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტი, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ კერძო მაუწყებლობის NB111 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს N436/1 გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს ააიპ ”ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიის” კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №436/1 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა(ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიისთვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
