წვდომის მენიუ

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე შპს ”მობიტელის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 510 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2013

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე შპს ”მობიტელის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს ”მობიტელმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/280-13, 10.07.13) და მოითხოვა არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით 10 ნომრიან ბლოკზე (90XXX) ნებართვა.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

           კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის  და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით უფასო, სტანდარტული ტარიფით, დამატებული ღირებულების, დამატებული ღირებულებით (საქველმოქმედო), დამატებული ღირებულებით (ინტერაქტიული), და დამატებული ღირებულებით (მოზრდილთათვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად, ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების მოკლე ნომრებისთვის შეადგენს  - 5 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

          კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი” როგორც ავტორიზებულ პირი,  კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №496/24 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N43   ნებართვას ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 10 ნომრიან ბლოკზე. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა,  რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%.

         კომისიამ  მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მობიტელის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის  100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის 50 ლარის (5 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე)   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები. თუმცა შპს ”მობიტელის” მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი დადასტურება იმისა, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ ათვისებულია კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №496/24 გადწყვეტილებით გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის 75%.

      კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2013 წლის 1 აგვისტოს № 01/1636-13 წერილით შპს ”მობიტელს” განუსაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის  გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75% ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის. შპს ”მობიტელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

          კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად დარჩეს შპს ”მობიტელის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/280-13, 10.07.13)  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   შპს  ”მობიტელისთვის” ჩაბარებისთანავე; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                  აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                  ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები