შპს ,,ICT Solutions“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 16, 2013
შპს ,,ICT Solutions“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას სამსახურებრივი ბარათი (№10/884-13; 24.07.13), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,აი-დი-თექმა“ განახორციელა რიგი ცვლილებები სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ, შეიცვალა კომპანიის სახელწოდება (შპს ,,აი-დი-თექის“ ნაცვლად შპს ,,ICT Solutions”); შეიცვალა დამფუძნებელი (ირაკლი უსანეთაშვილმა თავისი კუთვნილი 50 % წილი დათმო დავით მაისურაძის სასარგებლოდ, რის შედეგადაც დავით მაისურაძე გახდა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი); შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართი. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახად, კომპანიამ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 24 ივლისის სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №10/815-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, შეიცვალა შპს ,,აი-დი-თექის“ სახელწოდება შპს ,,ICT Solutions“-ის სახელწოდებით, რაც კომისიის უწყებრივ რეესტრში არ არის ასახული. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 24 ივლისის სამსახურებრივ ბარათს ასევე თან ერთვის 2013 წლის 4 აპრილის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დავით მაისურაძის 2013 წლის 3 აპრილის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე და აღნიშნული განცხადების მიღების ბარათი, შპს ,,აი-დი-თექის“ 2013 წლის 3 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი №2 და ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 24 ივლისის №10/884-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 31 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ICT Solutions“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 9 აგვისტოს, რის შესახებ შპს ,,ICT Solutions“-ს გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე. 2013 წლის 9 აგვისტოს კომისიის სხდომაზე შპს ,,ICT Solutions“-ს წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (31.07.2013; №03/1605-13) ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (09.08.2013; №486/17) შპს ,,ICT Solutions“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და სხდომის 2013 წლის 16 აგვისტოს, 16.00 საათზე გამართვის თაობაზე. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შპს ,,ICT Solutions“-ს ეცნობა 2013 წლის 12 აგვისტოს ტელეფონოგრამით და ასევე, შეტყობინებით (09.08.2013; 03/1690-13), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და ჩაბარდა 2013 წლის 13 აგვისტოს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040005026856). შეტყობინებით მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 16 აგვისტოს კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს ,,ICT Solutions“-ის დირექტორი დავით მაისურაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს ,,ICT Solutions”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრში შპს ,,აი-დი-თექის“ შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ. ამასთან, დ. მაისურაძის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვადები და მიაჩნდა, რომ კომისიას უნდა ეცნობებინა მისთვის კომისიაში წარსადგენი ინფორმაციის თაობაზე.
კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, კომისიას ინფორმაცია წარუდგინა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ელისო ასანიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შპს ,,ICT Solutions“-ს არ მოუმართავს კომისიისთვის თავისი წილის გასხვისების განზრახვის შესახებ და შესაბამისად, არ მიუღია კომისიისგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, რითაც დარღვეულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (24.07.2013; №10/884-13);
2. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (15.07.2013; №10/815-13);
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი: 04.04.2013; 12:10:39, განაცხადის ნომერი: 600433, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B13034894);
4. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ICT Solutions“-ის შესახებ მონაცემები;
5. შპს ,,ICT Solutions“-ის დირექტორის მიერ 2013 წლის 16 აგვისტოს კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
6. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის ე. ასანიძის მიერ 2013 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ICT Solutions“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 28.03.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელების შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ინტერნეტ მომსახურება);
2. 2013 წლის 4 აპრილს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრში შპს ,,აი-დი-თექის“ შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიცვალა კომპანიის სახელწოდება, კერძოდ, შპს ,,აი-დი-თექის“ ნაცვლად კომპანიის სახელწოდებაა შპს ,,ICT Solutions”; შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართი, კერძოდ, ნაცვლად იურიდიული მისამართისა - საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, დიღმის მასივი, VI კვ., კორპ. №13, ბ. 33, კომპანიის იურიდიული მისამართია: საქართველო, გორი, სტალინის გამზ.№10, ბ.22; კომპანიის 100% წილის მფლობელი გახდა დავით მაისურაძე (კერძოდ, კომპანიის 50% წილის მფლობელმა ირაკლი უსანეთაშვილმა თავისი წილი გაასხვისა ამავე კომპანიის 50% წილის მფლობელის, დავით მაისურაძის სასარგებლოდ), რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით (ამონაწერის მომზადების თარიღი: 04.04.2013; 12:10:39, განაცხადის ნომერი: 600433, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B13034894). აღნიშნული ცვლილებების თაობაზე შპს ,,ICT Solutions”-ს კომისიისთვის არ უცნობებია და სათანადო დოკუმენტები არ წარმოუდგენია;
3. შპს ,,ICT Solutions“-ს (ს.კ. 202446521) არ მოუმართავს კომისიისთვის თავისი წილის გასხვისების განზრახვის შესახებ, შესაბამისად, შპს ,,ICT Solutions“-ს არ მიუღია კომისიისგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
4. შპს ,,ICT Solutions”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირისთვის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წილის მფლობელთა ცვლილების, კომპანიის საფირმო სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის შეცვლის შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კომისიაში წარმოუდგენლობით, ასევე, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილის გასხვისებით, შპს ,,ICT Solutions”-მა დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ICT Solutions”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს ,,ICT Solutions”-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მისი შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე და 43-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ICT Solutions”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ), მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
2. შპს ,,ICT Solutions”-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:
ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;
გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;
დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ICT Solutions”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა:
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ICT Solutions”-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ICT Solutions”-ს ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ICT Solutions”-ს ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე, ასევე შპს ,,ICT Solutions”-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
