შპს „მაგთიკომისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 19, 2013
შპს „მაგთიკომისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/234-13, 07/06/2013) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში – 24 საათი.
კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „მაგთიკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
შპს „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მითითებულია 2014 წლის 1 მაისი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია და გამოარკვია, რომ შპს „მაგთიკომის” ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან გენერალური დირექტორი, გერმანიის მოქალაქე ლარს პიტერ რაიშელტი (პ/ნ - 68588288), გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, საქართველოს მოქალაქე ნათია კახიძე (პ/ნ - 01010008160), გენერალური დირექტორის მოადგილეები, საქართველოს მოქალაქეები - ანდრია ზოდელავა (პ/ნ - 01008004115), ზურაბ გალუმაშვილი (პ/ნ - 01012011611) და გია კოშორიძე (პ/ნ - 01008020934), მთავარი ბუღალტრის მოადგილე, საქართველოს მოქალაქე გიორგი აფაქიძე (პ/ნ 62001024358). შპს ”მაგთიკომის” 51%-იანი წილის მფლობელია იურიდიული პირი ”ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ” (ს/კ 3636090, რეგისტრირებული მისამართზე: აშშ, დელავერის შტატი, 8000, თაუერ პოინტ დრაივი შარლოტი), ხოლო 49%-იანი წილის მფლობელია იურიდიული პირი ”ტელსელ უაიერლეს კომპანი” (ს/კ 8101449, რეგისტრირებული მისამართზე: აშშ, დელავერის შტატი, 19901, დოვერი, ისთ ნორსი 15). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ”ტელსელ უაიერლეს კომპანის” 100%-იანი წილის მფლობელია ”ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”, რომლის საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებს წარმოადგენენ გიორგი ჯოხთაბერიძე (პ/ნ - 1008003521) – 51%, ნათელა პატარკაციშვილი (პ/ნ 1017002455) – 6,0237%, ინა გუდავაძე (პასპორტის ნომერი -51№4717496) – 6,0237%, ლიანა ჟმოტოვა (პასპორტის ნომერი- პ/ნ 51№4822618) – 6,0237%, ლია პატარკაციშვილი (პასპორტის ნომერი - 51№4822460) – 6,0237%, ალან მაკინტოში (Alan Macintosh, პასპორტის ნომერი - 801118390) – 4,3374%, ედვარდ სპენსერ ჩერჩილი (Edward Spencer Churchil, პასპორტის ნომერი -504709756) – 4,3374%, ჯამალ ხანი (Jamal Khan,პასპორტის ნომერი -094271837) – 2,1896%, დევიდ როსი (David Ross, პასპორტის ნომერი -601117990) – 2,1687%, ჰიუ ოსმონდი (Hugh Osmond, პასპორტის ნომერი -540680193) – 0,9858%, მარკ ჯონასი (Marc Jonas, პასპორტის ნომერი -540236687) – 0,7886%, მეთიუ ალენი (Matthew Allen, პასპორტის ნომერი - 099283268) – 0,1972%, ედვარდ ჰოუკესი (Edward Hawkes, პასპორტის ნომერი -506812530) – 0,0789%, სტივენ ფარუჯა (Stephen Farrugia, პასპორტის ნომერი - 513256455) - 0,0789%, გრეიდონ ბელინგანი (Graydon Bellingan, პასპორტის ნომერი -761081831) – 0,0789%, აშოკ გუფთა (Ashok Gupta, პასპორტის ნომერი -204781102) – 0,0789%, ჯონ კუსინსი (John Cusins, პასპორტის ნომერი -572234766) – 0,0789%, ზურაბ გოჯიაშვილი (პ/ნ - 1008005830) – 0,3000%, ალექსი ანჩაბაძე (პ/ნ - 1024006335) – 0,3000%, ნოდარ აღდგომელაშვილი (პ/ნ - 1022001097) – 0,3000%, დავით გაჩეჩილაძე (პ/ნ - 1024017635) – 0,3000%, ზურაბ გოჩიტაშვილი (პ/ნ - 1008003926) – 0,3000%, თინათინ ლომაძე (პ/ნ - 1024022922) – 0,3000%, ეკატერინე აღდგომელაშვილი (პ/ნ - 1029003856) – 0,3000%, ლეილა გაჩეჩილაძე (პ/ნ - 1024040589) – 0,3000%, ნინო ვასილევა (პ/ნ - 1024020932) – 0,3000%, მაია ჭავჭანიძე (პ/ნ - 1009007923) – 0,3000% და ”Capital Manegement & Investment” PLC – 6,5061%. ”Capital Manegement & Investment” PLC -ის მმართველი ორგანოს წევრია ედვარდ სპენსერ ჩერჩილი (Edward Spencer Churchil ,პასპორტის ნომერი -504709756).
კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს ”მაგთიკომი” საკუთარი პასუხისმგებლობით ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №462/23 გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2013 წლის 19 აგვისტოს 16:00 საათზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი N450140000.05.001.017018), რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ივლისს. აღნიშნული კანონის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტში განხორციელებული დამატების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელ იურიდიულ პირს დაეკისრა ვალდებულება, კომისიას კანონით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წამოუდგინოს ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი N450140000.05.001.017018) 2013 წლის 12 ივლისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიას დაეკისრა ვალდებულება კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაადგინოს მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით 2013 წლის 26 ივლისს კომისიის №472/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, დაინიშნა 2013 წლის 23 აგვისტოს.
გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყო 2013 წლის 22 ივლისს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე (2013 წლის 25 ივლისი) და ამავე დროს, შპს „მაგთიკომისთვის“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, ისევე როგორც აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის დღეს, კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ეტაპისთვის, ასევე ზეპირი მოსმენის სხდომისთვის, შპს „მაგთიკომი“ ვერ უზრუნველყოფდა კომისიაში ქონებრივი დეკლარაციის წარმოდგენას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს, შპს ”მაგთიკომმა” კომისიაში წარმოადგინა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/4562-13) ინფორმაცია განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აქტივებისა და პასივების შესახებ, საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, კერძოდ კომპანიის მიერ წარმოდგენილ წერილს თანდართული აქვს შემდეგი ინფორმაცია:
1. აუდიტორული კომპანია ”KPMG CIS Limited”-ის დასკვნა;
2. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
3. სრული შემოსავლის ანგარიშგება;
4. საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;
5. ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
6. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები.
2013 წლის 19 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენლები გიორგი წიქარიშვილი, დავით ძიძიგური და ირაკლი შარაბიძე. გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „მაგთიკომისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება შპს „მაგთიკომისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზის გაცემის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე 41–ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ კერძო მაუწყებლობის №B147 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 19 აგვისტომდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;
3. შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს 2014 წლის 1 მაისამდე;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
რ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მაგთიკომისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
