საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 23, 2013
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.
მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დასრულებულია, კომისიის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 23 სექტემბერს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
