წვდომის მენიუ

შპს ,,City Net“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 528 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2013

 

შპს ,,City Net“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

                ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

                კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 14 აგვისტოს №10/1003-13 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,City Net“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/4104-13; 25.07.2013), რომლითაც კომისიას ეცნობება, რომ შპს ,,City Net“-ის  დამფუძნებლებს გაზრახული აქვთ წილების გასხვისება და ამავე განცხადებით წარმოდგენილია შპს ,,City Net“-ის დამფუძნებლების, აბონენტებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 14 აგვისტოს სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაცია იყო არასრულყოფილი, შპს ,,City Net“-ს კომისიის მიერ გაეგზავნა წერილი (01.08.2013; №08/1625-13), სადაც მოთხოვნილ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა კომისიას მისცემოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,City Net“-ის მიერ გამოგზავნილ იქნა ახალი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/4394-13; 13.08.2013), რომლის თანახმად, შპს ,,City Net“-ს შეეცვალა დირექტორი და პარტნიორები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლები.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 14 აგვისტოს №10/1003-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 19 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,City Net“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 23 აგვისტოს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,City Net“-ს ეცნობა შეტყობინებით (19.08.2013; №03/1748-13), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

                კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,City Net“-ის დირექტორი შალვა ჯიღაური, რომელმაც დაადასტურა კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 14 აგვისტოს №10/1003-13 სამსახურებრივი ბარათში აღნიშნული ინფორმაცია და აღიარა შპს ,,City Net“-ის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის დარღვევის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.     კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (14.08.2013; №10/1003-13);

2.   შპს ,,City Net“-ის 2013 წლის 13 აგვისტოს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/4394-13) თანდართული 2013 წლის 12 აგვისტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.  შპს ,,City Net“-ის 2013 წლის 25 ივლისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/4104-13) თანდართული წერილობითი ინფორმაციით შპს ,,City Net“-ის აბონენტებისა და შემოსავლების შესახებ და 2013 წლის 20 მარტის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4. კომისიის 2013 წლის პირველი აგვისტოს №08/1625-13 წერილი და მისი შპს ,,City Net”-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:040004960264);

5.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,City Net“-ის შესახებ მონაცემები;

6.   შპს ,,City Net“-ის დირექტორის შალვა ჯიღაურის მიერ კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

                ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.             შპს ,,City Net“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 21.03.2013. ავტორიზებული საქმიანობის  სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა  და ინტერნეტ მომსახურება);

2.             2013 წლის 25 ივლისს, შპს ,,City Net“-მა კომისიას აცნობა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/4104-13) რომ შპს ,,City Net’’-ის დამფუძნებლები აპირებენ წილების გასხვისებას. ამავე წერილით კომისიას ეცნობა, რომ არც ერთ დამფუძნებელს არ აქვს წილი სხვა ავტორიზებულ პირებში და წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია კომპანიის აბონენტებისა და შემოსავლების შესახებ, ასევე, 2013 წლის 20 მარტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.   კომისიის 2013 წლის პირველი აგვისტოს №08/1625-13 წერილით შპს ,,City Net“-ს მოეთხოვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე; ამავე წერილით შპს ,,City Net“-ს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა კომისიის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. კომისიის 2013 წლის პირველი აგვისტოს №08/1625-13 წერილი შპს ,,City Net“-ს ჩაბარდა 2013 წლის 3 აგვისტოს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილით (გზავნილის კოდი:040004960264);

4.             2013 წლის 12 აგვისტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრში შპს ,,City Net”-ის შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა შედეგად, შპს ,,City Net”-ის დირექტორი შალვა ჯიღაური გახდა, კომპანიის 40 % წილის მფლობელი  გიორგი ბასილაშვილი გახდა, ხოლო კომპანის 60 % წილის მფლობელი - რიტა დარბინიანი, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი:12.08.2013; 11:58:50; განცხადების ნომერი: 647226; განცხადების რეგისტრაციის ნომერი: B13079366);

5.             2013 წლის 12 აგვისტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრში შპს ,,City Net”-ის შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებამდე, შპს ,,City Net”-ის წილის მფლობელები იყვნენ: ეკატერინე ყალაბეგაშვილი - 25 % წილი კაპიტალში, რეგინა ბადალიანი -  25 % წილი კაპიტალში, გიორგი ბასილაშვილი - 25 % წილი კაპიტალში და ზურაბ ქარდავა 25 % წილი კაპიტალში, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი:20.03.2013; 16:23:47; განცხადების ნომერი:593050; განცხადების რეგისტრაციის ნომერი: B13027833);

6.         2013 წლის 13 აგვისტოს შპს ,,City Net“-მა კომისიას წერილობით აცნობა  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრში შპს ,,City Net”-ის  შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში 2013 წლის 12 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, ხოლო კომისიის მიერ 2013 წლის პირველი აგვისტოს №08/1625-13 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოუდგენია;

7.             შპს ,,City Net“-ს არ მიუღია კომისიისგან წინასწარი თანხმობა თავისი წილის გასხვისებასთან დაკავშირებით;

8.             შპს  ,,City Net“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

         ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

                „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,City Net“ -ის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის ამავე პუნქტის შესაბამისად კომისიაში წარმოუდგენლობისა და ასევე, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი.

                გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,City Net“ -ის მიმართ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს  ,,City Net“ -ის  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მისი შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე,  98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 26-ე და  43-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,City Net”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. შპს ,,City Net”-ს   დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

 დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,City Net“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა:

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია)  შპს ,,City Net”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,City Net”-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,City Net”-ისთვის   ჩაბარების დღიდან;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე, ასევე შპს  ,,City Net”-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები