ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 26, 2013
ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ.თბილისში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 22 ივლისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 25 ივლისის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 10,692.00 (ათი ათას ექვსსოთხმოცდათორმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს შპს „არტ პალასმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/21-13, 19.07.2013), შპს ”ენერჯი გრუპმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/22-13, 22.07.2013), შპს ”სტერეო+”-მა (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/23-13, 22.07.2013), შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/24-13, 22.07.2013) და შპს ”არტ რადიომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/25-13, 22.07.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად კომისიამ დაადგინდა, რომ ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს. კერძოდ, კომპანიების მიერ წარმოდგენილ იქნა: ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის 10%–ს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ)ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე)შესაბამისობის დეკლარაცია; ვ) სამაუწყებლო კონცეფცია; ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; თ) ცნობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის შესახებ; ი) ცნობა დაფინანსების შესახებ.
კომისიის მიერ ასევე შესწავლილ იქნა შპს ”სტერეო +”-ის, შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთის”, შპს „არტ პალასის“, შპს ”არტ რადიოს” და შპს ”ენეჯი გრუპის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371–ე და მე–60 მუხლების მოთხოვნებთან და 2013 წლის 25 ივლისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
ზეპირი მოსმენა ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”სტერეო +“-ის დირექტორი დავით ზილფიმიანი შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთის” უფლებამოსილი წარმომადგენელი რამაზ სამხარაძე, შპს „არტ პალასის“ დირექტორი ჯიმშერ მეფარიშვილი, შპს ”არტ რადიოს” დირექტორი ირაკლი დათეშიძე, შპს ”ენეჯი გრუპის” უფლებამოსილი წარმომადგენლები მაია ჭუჭულაშვილი, გიორგი აღდგომელაძე, ლია შავგულიძე.
ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა, შპს ”სტერეო +”-ის, შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთის”, შპს „არტ პალასის“, შპს ”არტ რადიოს” და შპს ”ენეჯი გრუპის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე (შედარებითი ანალიზი).
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან (საერთო რადიომაუწყებლობა) გამომდინარე და იმის გამო, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განსაზღვრული არ არის, კომპანიების მიერ წარმოდგენილი კონცეფციების შეფასება/ანალიზი განხორციელდა პროგრამული მრავალფეროვნების გათვალისწინებით. შესაბამისად, სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა ლიცენზიის მაძიებელის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი. დასკვნის თანახმად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ვინაიდან საერთო მაუწყებლობა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა, ამიტომ თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციებში არ იქნება შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული გამოიწვევს ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაცას.
1. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია:
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოადგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანია მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
– ანალიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- ახალგაზრდული პროგრამა;
- საბავშვო პროგრამა;
- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
- სპორტული პროგრამა;
წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიზანია დამოუკიდებელი, თავისუფალი და პროფესიული მასმედიის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება, დამოუკიდებელი მედია ბიზნესის განვითარება. საზოგადოებისათვის სანდო, ობიექტური და მიუკერძოებული ინფორმაციის მიწოდება. „ჰერეთი თბილისი“ მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, აქედან გამომდინარე გადაცემებში და რუბრიკებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტსა და ახალგაზრდების სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს. მომზადდება და ეთერში გავა სოციალური ხასიათის არაერთი სარეკლამო რგოლი;
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – „ჰერეთი თბილისის“ ახალი ამბები მსმენელს დღის განმავლობაში, სრულ საათზე საინფორმაციო გამოშვებას შესთავაზებს. დღეში ორჯერ (დილას და შუაღამეს) ახალი ამბების გამოშვება ინგლისურ ენაზე მომზადდება. გაშუქდება ყველა ის საკითხი, რაც დედაქალაქში, ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად „ჰერეთი თბილისი“ ოპერატიულობის და მაღალი ხარისხის თვალსაზრისით, საინფორმაციო სამსახურში აქტიურად გამოიყენებს პარტნიორი საერთაშორისო მედიაორგანიზაციების და რადიოსადგურების (რადიო „თავისუფლება“, „გერმანული ტალღა“, „ამერიკის ხმა“) მედია რესურსსაც. ექსკლუზიურ ხმებს და რადიოსინქრონებს, სტრინგერებს. ამასთანავე, პარტნიორი რეგიონალური რადიოსადგურების საინფორმაციო და ჟურნალისტურ რესურსს.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „შუაგულში“ – ყოველ სამუშაო დღეს, დღის მიწურულს ახალი ამბების შოუ. ყოველდღიური 1 საათიანი თოქ–შოუ. დღის მთავარი მოვლენები სტუმრებთან ერთად. მოსაზრებები, შეფასებები, კომენტარები, პირდაპირი ჩართვები მოვლენების შუაგულიდან;
· „ხმა“ – ყოველკვირეული 1 საათიანი საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ, რომელიც სტუმრებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვან თემას მიმოიხილავს დებატების და მსმენელთან ინტერაქციის ფორმატში;
· „მთელი კვირა“ – ყოველ კვირას, 1 საათიანი საინფორმაციო–ანალიტიკური რადიოჟურნალი. „მთელი კვირა“ მსმენელს კვირის მოვლენების ანალიზს შესთავაზებს (მიმდინარე მოვლენები თბილისში, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ). პირველი რადიოჟურნალი საქართველოში, რომელიც სპეციალურად „გერმანული ტალღისა“ და „ბი ბი სის“ კონსულტანტების დახმარებით იქმნება;
· „ხიდი“ – ყოველკვირეული 1 საათიანი პროგრამა, ერთგვარი რადიო ხიდი თბილისის სტუდიასა და რეგიონალურ სტუდიებს შორის. საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ, რომელიც საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებზეა ორიენტირებული. გადაცემაში ქვეყნის ოთხი რადიოსადგური მიიღებს მონაწილეობას („ჰერეთი“, „ძველი ქალაქი“, „ჰარმონია“, „ათინათი“);
· „ქსელი“ – 30 წუთიანი თოქ–შოუ, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გავა ეთერში. ქართულ სოციალურ ქსელებში და ბლოგებზე გამოქვეყნებული აქტუალური თემები, მიმოხილვა და კომენტარები. გადაცემის მსვლელობისას, მსმენელი მიიღებს ინფორმაციას წინა დღეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში გააქტიურებული თემების შესახებ. გადაცემას ეყოლება სტუმარი, აქტუალური და საინტერესო ბლოგის ავტორი, რომელიც წამყვანთან ერთად მისი ბლოგის და ასევე სხვა ბლოგების მაგალითზე ანალიზს გაუკეთებს სოციალურ მედიაში არსებულ ტენდენცეიებს და იმას თუ რომელ მოვლენაზე ან რომელ პერსონაზე გავრცელდა უფრო მეტი ინფორმაცია, ვინ იყო ჩრდილში, რაზე დაიწერა პოსტები, რა თემებზე აკეთებენ აქცენტებს ნაცნობი სახეები, ხოლო გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნულ თემებს თბილისურ რადიო სადგურებში ცალკე გადაცემის სახით დრო არ ეთმობა, „ჰერეთი“ იქნება პირველი რადიო კომპანია, რომელიც მსგავსი ტიპის გადაცემას შექმნის;
· „პრეს–რევიუ“ – 10 წუთიანი გადაცემა ეთერში გავა დღეში ხუთჯერ, ყოველდღე კვირის გარდა. თბილისის, ქვეყნის და საერთაშორისო პრესის მთავარი სტატიების მიმოხილვა. ახალი და ტრადიციული მედიის სინთეზი, პარალელები და შედარებები.
ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „ბიზნეს–რევიუ“ – 10 წუთიანი გადაცემა საქმიანი ადამიანებისათვის, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების შესახებ, ეთერში გავა დღეში სამჯერ, ყოველ სამუშაო დღეს. გადაცემაში მოხდება მთავარი თემების მიმოხილვა სტუმართან ერთად. ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური ეკონომიკური პროცესები, ბიზნესკომპანიების ნოვაციები, პრობლემები, მიღწევები. მსოფლიო ბიზნესის სიახლეები. ახალი ბიზნესი, პირდაპირი ჩართვები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. ვალუტის კურსი, ოქროს ფასი, ნავთობის ფასი ქართულ და მსოფლიო ბაზარზე;
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
· „თბილისის დროით“ – 30 წუთიანი გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს გავა პირდაპირ ეთერში. გადაცემა სამ სეგმენტად იქნება დაყოფილი. პირველ ნაწილში წამყვანი მსმენელს თბილისში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ, სამეცნიერო, მედიცინასთან, მოდასთან, ახალგაზრდობასთან, რეკრეაციასთან და სხვა არა პოლიტიკურ, საინტერესო საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებს გააცნობს. გადაცემის მეორე ნაწილში მოწვეული იქნება სტუმარი, ცნობილი თბილისელი კოლორიტი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, რომელთანაც 10 წუთამდე დროის განმავლობაში შედგება საუბარი სხვადასხხვა, თბილისთან დაკავშირებულ თემაზე (მაგ: არქიტექტურული ტენდეციები თბილისში; თბილისი როგორც კულტურული ცენტრი; რა მდგომარეობაა თბილისის რეკრეაციულ ზონებში; თბილისელი ახალგაზრდობა; თბილისი ტურისტების თვალით, თბილისი მრავალეთნიკური, რელიგიური ქალაქი და ა.შ). გადაცემის მესამე ბლოკი თბილისურ კულტურულ, გასართობი ღონისძიებების მიმოხილვას და დაანონსებას შესთავაზებს მსმენელს;
· „განათლება დღეს“ – ყოველკვირეული, 30 წუთიანი გადაცემა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, არსებული და დასრულებული რეფორმების შესახებ. მოწვეული სტუმრები, სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები, განათლების ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები ღია ეთერში ანალიზს გაუკეთებენ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ექსპერტები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გადაცემაში ინტერაქციის რეჟიმში: ფეისბუქის, სკაიპისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით ჩართული მოსახლეობის კითხვებსა და მოსაზრებებს უპასუხებენ;
· „გიდი“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ოთხჯერ. გადაცემა საქართველოს ღირშესანიშნაობების, კულტურული ძეგლების შესახებ. ძირითადი აქცენტი საქართველოს ტურისტულ რეგიონებზე გაკეთდება;
· „საქართველო ოდესღაც“ – ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ, ყოველ სამუშაო დღეს. გადაცემა საქართველოს ისტორიის, წინა საუკუნეებში მომხდარი საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებ;
· „მსოფლიოს გარშემო“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში სამჯერ. გადაცემა მსოფლიო სანახაობების შესახებ;
· „მედეა“ – გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ. საგანმანათლებლო გადაცემა მედიცინის შესახებ. სიახლეები, ინოვაციები, პრაქტიკა, ახალი ტენდენციები, ჯანსაღი ცხოვრების წესი;
· გადაცემა რელიგიის შესახებ – ყოველკვირეულად, მოწვეულ სტუმრებთან ერთად 30 წუთიან პროგრამაში საუბარი შეეხება სხვადასხვა რელიგიურ საკითხებს, წეს–ჩვეულებებს. რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის, მათი პრობლემების, ტრადიციების შესახებ. რელიგიისა და სახელმწიფოს, რელიგიისა და საზოგადოების, რელიგიისა და კულტურის ურთიერთქმედებათა საკითხები;
· საავტორო გადაცემა „კინო–მანია“ – 30 წუთიანი საავტორო პროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ. პროგრამა სამ 10 წუთიან სეგმენტად დაიყოფა. პირველი ნაწილი მიეძღვნება კინო სიახლეებს – რა ხდება ქართულ და მსოფლიო კინოში, რომელი ფილმი გამოჩნდა მსოფლიოს კინოეკრანებზე, რომელი ფილმის გადაღება იგეგმება საქართველოსა და მსოფლიოში. მეორე ნაწილში საუბარი იქნება ქართულ კინოზე, მსახიობებსა და რეჟისორებზე. სტუდენტურ და ახალ კინოზე. გადაცემაში გაშუქდება კინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები. აქცენტები ყველასთვის კარგად ნაცნობ ქართულ ფილმებზეც გაკეთდება. ამ შემთხვევაში მსმენელი გაეცნობა ამა თუ იმ ცნობილი ფილმის გადაღების დროს მომხდარ უცნობ დეტალებს და კურიოზებს. გადაცემის სეგმენტი აგრეთვე იქნება ქართული და საერთაშორისო კინოფესტივალები, კინოინდუსტრიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორები და მსახიობები. მესამე ბლოკი შედევრებს, კინო კლასიკას დაეთმობა. წამყვანი მსმენელს ერთი კლასიკური კინოფილმის გადაღების, მასში მონაწილე მსახიობების ფილმთან დაკავშირებულ ისტორიებს და პირად ცხოვრებას დაუთმობს. გადაცემა ერთგვარი მეგზური იქნება ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს;
· „რადიო–თეატრი“ – 30 წუთიანი საავტორო პროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ერთხელ. გადაცემაში განხორციელდება ნოველების რადიოინსცინირება ცნობილი მსახიობების ხმებით. გადაცემა გაფორმებული იქნება მუსიკალური და ხმის ეფექტებით, რაც მეტ დადებით ემოციას გამოიწვევს მსმენელში;
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია რამოდენიმე რუბრიკა, კერძოდ:
· „აღმაფრენის 3 წუთი“ – ყოველდღიური, რუბრიკა ლიტერატურისა და პოეზიის, პროზის შესახებ, ეთერში განთავსდება დღეში სამჯერ. ძველი და თანამედროვე ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები ცნობილი და ახალგაზრდა მსახიობების ხმებით;
· „ცოცხალი ბუნება“ – ყოველდღიური, 2–3 წუთიანი რუბრიკა ბუნების შესახებ. ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ.
· „ნოუ–ჰაუ“ – ყოველდღიური, 5 წუთიანი შემეცნებით–საინფორმაციო ტიპის რუბრიკა მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული ახალი ტექნოლოგიების შესახებ. „ჰერეთი თბილისის“ მსმეენელი გადაცემაში ასევე მოისმენს სიახლეებს საქართველოში შემოსული უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების, მათი ფუნქციებისა და საბაზრო ღირებულებების შესახებ;
· „ამინდის პროგნოზი“ – დღის ეთერში, ყოველ საათში თბილისის, ქვეყნის და მსოფლიო ამინდის შესახებ ინფორმაცია;
ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში:
· „ღია დიალოგი“ – გადაცემის 2 საათიანი დრო დაეთმობა იმ თემებს, რაზეც ხშირად არ ან ვერ საუბრობენ. თოქ–შოუ შემეცნებით საგანმანათლებლო ხასიათისაა და ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. გადაცემაში სტუმრებთან ერთად განხილული იქნება სხვადასხვა სენსიტიური თემა. ძირითადად ახალგაზრდულ საკითხებს მიეძღვნება. გადაცემას სტუმრად მუდმივად ეყოლება ფსიქოლოგები, სოციოლოგები, მედიცინის და სხვა დარგის სპეციალისტები; წინასწარ მომზადდება რეპორტაჟები იმ საკითხებზე, რაც გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში განიხილება. ნებისმიერ მსმენელს საშუალება ექნება წამყვანს და სტუმრებს ეკონტაქტოს, გაესაუბროს, მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვაზე. გადაცემის მიზანია მოზარდებისათვის სწორი რჩევა/რეკომენდაციების მიცემა, პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით, ჯანსაღი აზროვნების დანერგვა. ტაბუს მოხსნა იმ თემებზე, რაზეც საჭიროა და აუცილებელია „ღია დიალოგი“. სოციალურ ვებ–გვერდებსა და ბლოგებზე ზემოთ აღნიშნული თემატიკის სტატიებზე ხშირად ვაწყდებით მოზარდების მიერ გაკეთებულ არატოლერანტულ კომენტარებს. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მცდარი სტერეოტიპები;
მუსიკალურ-გასართობი თემატიკის ფარგლებში:
· „საშაქრე“ – დილის 2 საათიანი გამამხნევებელი თოქ–შოუ. გადაცემას რამდენიმე წამყვანი ეყოლება. იქნება როგორც გართობა და იუმორი ასევე მუსიკა, ინფორმაცია და შემეცნებითი ხასიათის რუბრიკები. გადაცემის მთავარ ხიბლს წარმოადგენს ის, რომ „საშაქრეს“ ყოველდღიუად ესტუმრება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანი, რომელიც მისთვის უჩვეულო ამპლუაში წარსდგება მსმენელის წინაშე. (მაგ. პოლიტიკოსი ფეხბურთის შესახებ, მსახიობი ასტროლოგიაზე) გადაცემის მიზანია ახალგაღვიძებული და სამსახურისკენ მიმავალი ადამიანებისათვის დილის საუკეთესო, მხიარული განწყობის შექმნა და საჭირო ინფორმაციის მიღება. თბილისის რადიოსადგურების ბაზარს აკლია დილის გამახნევებელი და გასართობი გადაცემები, რადიოსადგურების უმეტესობა დილას კრიმინალური ამბებით გაჯერებული საინფორმაციო გამოშვებებით იწყებს. ეს ფაქტორი თბილისის მედია ბაზარზე რადიო ჰერეთის კონკურენტულ უპირატესობას გააძლიერებს;
· „თანამედროვე კლასიკის 1 საათი“ – ყოველდღიური გადაცემა;
· „ჯაზომანია“ – ყოველკვირეული 20 წუთიანი გადაცემა ჯაზის მოყვარულთათვის;
· „Night Club“ – საავტორო პროგრამა. ღამის ყოველკვირეული ელექტრონული მუსიკის 4 საათიანი მონაკვეთი;
· „სოლო“ – ყოველკვირეული საავტორო პროგრამა. 2 საათიანი გადაცემის პირდაპირი ეთერი მსმენელს ქართველი ან უცხოელი მუსიკალური ჯგუფების და მომღერლების მიერ ცოცხლად შესრულებულ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ჰიტებს შესთავაზებს.
· „Fresh” – 1 საათიანი მუსიკალური გადაცემა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ ქართულ ჯგუფებსა და შემსრულებლებზე, რომლებიც თანამედროვე მუსიკალურ ამინდს ქმნიან (ახალგაზრდა როკ და ჯაზ ბენდები, დამწყები მომღერლები). გადაცემაში დიდი დრო დაეთმობა ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას მათ შორის ეთნო–ჯაზსაც, რომელიც დედაქალაქში ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გადაცემის სამუშაო ჯგუფი წინასწარ მოამზადებს ინფორმაციას კონკრეტული ბენდისა თუ შემსრულებლის შესახებ, მოიწვევს მას პირდაპირ ეთერში და წარადგენს ფართო საზოგადოების წინაშე. გადაცემის მიზანია, ერთის მხრივ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული მუსიკოსებისა და მომღერლების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და გამხნევება, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი შემოქმედი ადამიანების გაცნობა და ხელოვნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
· იუმორი ჰერეთზე – იუმორისტული გადაცემები ორიენტირებული იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი იუმორის პოპულარიზაციაზე. საათში ერთხელ, ეთერში გაჟღერდება 1–2 წუთიანი „ცოცხალი ანეგდოტები“. ანეგდოტებს და მხიარული ისტორიებს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და საქართველოს მოქალაქეები მოყვებიან;
· „Orange Show“ – 2 საათიანი ღამის მუსიკალურ–გასართობი გადაცემა, რომლის მსვლელობისას მსმენელს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში დარეკოს, გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება, ესაუბროს წამყვანს და მის სტუმარს თემაზე, რომელიც კონკრეტული დღისთვის იქნება შერჩეული. თემაზე საუბარი მსმენელს შეუზღუდავათ, ჩარჩოების გარეშე შეეძლება. გადაცემის მიზანი გართობა და საზოგადოებაში ღია დიალოგის გააქტიურებაა.
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
· „ფერადი ამბები“ – 30 წუთიანი საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც ბავშვები თავად გააკეთებენ. გადაცემაში მოხდება იმ ამბების გაშუქება, რაც პატარებს დააინტერესებთ. სიახლეები საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან და სხვადასხვა ივენთი სადაც ბავშვებს დააინტერესებთ წასვლა. გადაცემაში ინტენსიურად იქნება შემეცნებითი რუბრიკები, გამოკითხვები. წამყვანები და კორესპონდენტები კი თავად ბავშვები იქნებიან, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. მათი შერჩევა სპეციალური კონკურსის და ჟიურის საშუალებით მოხდება. ეს იქნება ერთგვარი სტუდია, რომლის ფაგლებშიც 13 წლამდე ბავშვები შეისწავლიან რადიოს სპეციფიკას და თავად მოამზადებენ სხვადასხვა რუბრიკას. პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვების საგანმანათლებლო, მედია პროექტში ჩართვას. მათგან გავრცელებული სახალისო, შემეცნებითი ინფორმაცია პოზიტიურ განწყობას შეუქმნის ყველა ასაკის ადამიანს. პროექტში მონაწილე ბავშვები გაიუმჯობესებენ მეტყველების კულტურას და გამოიმუშავებენ ბევრ, მათთვის მნიშვნელოვან და ცხოვრებაში გამოსადეგ უნარებს. გახდებიან ცნობილი ხმები, მონაწილეობას მიიღებენ რადიოში გამართულ კონკურსებში.
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
· „სპორტ News” – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ოთხჯერ. თითო გადაცემას დაეთმობა 5 წუთი, სადაც მსმენელი საქართველოს და მსოფლიო სპორტის სამყაროდან უახლეს სიახლეებს შეიტყობს;
· „სპორტის კვირა“ – ყოველკვირეული 1 საათიანი თოქ–შოუ სტუმრებთან ერთად კვირის სიახლეებს შეაჯამებს. ეს არის გადაცემა საქართველოში და მსოფლიოში მომხარი სპორტული ამბების, სიახლეების და ცვლილებების შესახებ’
2. შპს „სტერეო +“–ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია:
შპს „სტერეო +“–ის სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
– ანალიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- ახალგაზრდული პროგრამა;
- საბავშვო პროგრამა;
- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
- სპორტული პროგრამა;
წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შესაბამისად შპს „სტერეო +“-ის მიზანია საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება. ობიექტური გაშუქება ისეთი თემების როგორიცაა: პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება, კულტურა, შოუ–ბიზნესი, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, სპორტი და სხვა. მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო, გასართობი, ანალიტიკური, შემეცნებითი, ახალგაზრდული, საბავშვო, საავტორო გადაცემების, თოქ–შოუების, რუბრიკების და მიმოხილვების სახით.
შპს „სტერეო +“-ს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა ყოველდღე, საათში ერთხელ. მსმენელი გაეცნობა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებს. ინფორმაციის მოძიება მოხდება შპს „სტერეო +“–ის საკორესპონდენტო ქსელის მეშვეობით;
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „დღის თემა“ – ყოველდღიური საავტორო გადაცემა, საქართველოში განვითარებულ და საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოვლენებს გაანალიზებს;
· „თოქ–შოუ“ – ყოველკვირეული თოქ–შოუ, რომელშიც გაიმართება დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემებზე;
· „ანალიტიკა“ – ყოველდღიური გადაცემა. მოწვეული ექსპერტი სტუმრებთან ერთად შეაფასებს ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლელებს;
· „დებატები“ – ყოველდღიური გადაცემა. გადაცემაში ორი მოწვეული სტუმარი დაუპირისპირდება ერთამენთს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ პროცესებს განიხილავენ;
· „ჩემი არჩევანი“ – ყოველკვირეული გადაცემა, სადაც პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გამართავენ მწვავე დებატებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „ბიზნესნიუსი“ – ყოვლდღიური გადაცემა, ეთერში გავა დღეში ერთხელ. გადაცემაში განხილული იქნება ბიზნესის სფეროში მიმდინარე სიახლეები;
საგანმანათლებლო–შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
· საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ორჯერ და მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და რეგიონების ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ტრადიციების შესახებ;
· „ბიზნეს–თაიმი“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ორჯერ. გადაცემა განკუთვნილია ბიზნესმენებისათვის ან მათთვის ვისაც სურს ბიზნესის დაწყება. გადაცემაში წარმოდგენილი იქნება სიახლეები, რჩევები და კონსულტაციები ბიზნესის დაწყებასა და წარმართვის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საგადასახადო, საბაჟო და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
· „კულტურული სიახლეები“ – ყოველდღიური (განთავსდება ეთერში ყოველ სამუშაო დღეს) საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, მიაწვდი მსმენელს უახლეს ინფორმაციას ქვეუანაში და მსოფლიოს კულტურის სფეროში მიმდინარე ღონისძიებების და სიახლეების შესახებ;
· „ჯანსაღი ცხორება“ – ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ორჯერ და გააცნობს მსმენელს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროდან. დაავადებათა მკურნალობისა და თავიდან არიდების პრევენციის შესახებ. წამყვანი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებზე. მსმენელთა სურვილების გათვალისიწნებით მსმენელს შესაძლებლობა ექნება პირდაპირ ეთერში გაესაუბროს პროფესიონალ ექიმს და მიიღოს უფასო კონსულტაცია;
· „საქართველოს ისტორია“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ორჯერ. საქართველოს ისტორიული მოვლენებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ;
· „რელიგია“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემა ქრისტიანული რელიგიის, წმინდანების და დღესასწაულების შესახებ. გადაცემაში მოწვეული იქნება საეკლესიო პირი;
· „კოლორიტი“ – ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემა გააცნობს მსმენელს საქართველოს კოლორიტულ პიროვნებებს რადიო–პორტრეტის ჟანრში;
· „Welcome to Georgia“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემა გააცნობს საზოგადოებას საქართველოს ტურისტულ რეგიონებში დაგეგმილ სიახლეებს, ტურიზმის განვითარებისათვის ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. ასევე, უამბობს იმ აუცილებელი ღირსშესანიშნაობების შესახებ, რომლითაც გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ესა თუ ის ტურისტული რეგიონი;
· „ალმანახი“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემა მსმენელს საქართველოს და მსოფლიოს მწერლობაში მიმდინარე სიახლეებს გააცნობს;
ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში:
· „თინეიჯერები“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ორჯერ. გადაცემას ეყოლება ახალგაზრდა წამყვანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გაესაუბრებიან მსმენელს, განიხილავენ სოციალურ მედიაში არსებულ აქტუალურ თემებს. გადაცემის მიზანია ახალგაზრდებმა განსხვავებული კუთხით მიაწოდოს მსმენელს მიმდინარე თინეიჯერების პრობლემები.
· „პროფესია“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემაში მიწვეული იქნება წარმატებული ადამიანი და საკუთარ პროფესიაში მიღწეული წარმატების შესახებ მოუთხრობს ახალგაზრდებს – რა გზა გაიარა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მის მიერ არჩეულ პროფესიას;
მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:
· „ცოცხალი მუსიკა“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ორჯერ. გადაცემაში სტუმრად მოწვეული იქნება ქართული მუსიკალური ბენდები. მუსიკოსები პირდაპირ ეთერში ცოცხლად შეასრულებენ საკუთარ ჰიტებს;
· „ვიქენდი“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ორჯერ. გადაცემაში სტუმრად მოწვეული იქნება ცნობილი ადამიანი, რომელიც მსმენელს წამყვანთან ერთად გააცნობს სად შეუძლია საღამოს გატარება, ნაკლები დანახარჯით. გადაცემაში ასევე გათამაშდება პრიზები;
· „ტოპ ათეული“ – ყოველდღიური გადაცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 10 საუკეთესო სიმღერა, რომელიც მსოფლიო ჩარტების მიხედვით შეირჩევა;
· ჩვენი დილა“ – ყოველდღიური საინფორმაციო, მუსიკალური გადაცემა. ამბები ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან. საუკეთესო მუსიკა, პრესის მიმოხილვა, ამინდის პროგნოზი და სხვა;
· მუსკულტურა“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემაში მოწვეული მუსიკისმცოდნე და მსმენელი წამყვანთან ერთად შეაფასებს ქართული მუსიკალური ჯგუფების და შემსრულებლების შემოქმედებას;
· ქრონოგრაფი“ – ყოველდღიური გადაცემა, რომელიც მელომანებს შესთავაზებს უცხოელი შემსრულებლების კომპოზიციებს და გააცნობს მსმენელს მათ ბიოგრაფიას;
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
· „ანა–ბანა“ – ყოველდღიური საბავშვო, გასართობი შემეცნებითი–საგანმანათლებლო გადაცემა პატარებისათვის.
· „ძილისპირული“ – ყოველდღიური საბავშვო გადაცემა. ქართული და მსოფლიოს საუკეთესო ზღაპრები „სტერეო +“–ის პატარა მსმენელთათვის;
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
· „სპორტული სიახლეები“ – ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას მსოფლიოს სპორტული სიახლეების შესახებ;
· „პერსონა“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემაში სტუმრად მოწვეული იქნება ცნობილი ქართველი სტუმარი;
· „ქართული სპორტი“ – ყოველკვირეული გადაცემა, განთავსდება ეთერში კვირაში ერთხელ. გადაცემაში წამყვანი სტუმართან ერთად ისაუბრებს ქართულ სპორტში მიმდინარე სიახლეებზე. ასევე განხილული იქნება ქართულ სპორტში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები;
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად შპს „სტერეო +“-ის მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია „რეკლამა და სარეკლამო სახის“ თემატიკის პროგრამები და „მოგზაურობაში მყოფ უცხოელ და ქართველ ტურისტებზე“ მომზადებული პროგრამები. აღნიშნული თემატიკის პროგრამები კონცეფციაში ცალკე გამოყოფილი არ არის.
3. შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია:
შპს „ენერჯი გრუპის“ (რადიო „ზენიტი“) მიერ წარმოადგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანია მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
– ანალიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- მუსიკალური პროგრამა;
- სპორტული პროგრამა.
წარმოდგენილი სამაუწყებლო კონფეცფიის თანახმად, შპს „ენერჯი გრუპის“ მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, ასევე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე. ქართული მედია–საშუალებების უმრავლესობა დღეს დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური თემატიკის ფაქტების გაშუქებით. მხოლოდ რამოდენიმე წუთიანი გადაცემით ან კვირაში ერთ საათიანი ფორმატით ხდება ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების ინფორმირება. შპს „ენერჯი გრუპს“ მიაჩნია, რომ ამ მხრივ ინფორმირებული საზოგადოება ბევრად აქტიურია ბიზნესის დაწყების მიმართულებით. რადიო „ზენიტი“ შესთავაზებს მსმენელს მეტი ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე, გაიგონ რა გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე ეკონომიკური და ბიზნეს წარმატებები და წარუმატებლობები.
შპს „ენერჯი გრუპს“ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – „დღეს“, ეთერში განთავსდება საათში ორჯერ, სრულ საათსა და ნახევარზე. საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა დილის 07:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, ხოლო 22:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე კოლაჟების სახით. სრულ საათზე განთავსებული საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა იქნება 10 წუთი, ხოლო ნახევარზე განთავსებული 3–5 წუთი. საინფორმაციო გამოშვების მთავარ თემებს რადიოს პროდიუსერებისა და ჟურნალისტების მიერ მომზადებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომელიც ეხება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებას. ამასთან, საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდება ყველა აქტუალური პოლიტიკური, კულტურული და სპორტული მოვლენა, რათა მსმენელს ჰქონდეს სრული ინფორმაციის მიღების საშუალება. ეკონომიკური და ბიზნეს ხასიათის ინფორმაცია მსმენელს მიეწოდება როგორც ინფორმაციის დონეზე, ასევე ხდება მისი ანალიზი. ახალი ამბების 99 პროცენტის თავად „ზენიტის“ ჟურნალისტების მიერ არის მოპოვებული;
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „პარლამენტი“ – ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი. ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს 18:10 საათზე და გაგრძელდება 40 წუთის განმავლობაში. გადაცემა იქნება ინტერაქტიული და მასში მონაწილეობას მიიღებს მსმენელი სატელეფონო ზარების საშუალებით (გადაცემა მეორედება შაბათ–კვირას);
· „მსმენელის პოზიცია“ – გადაცემა ატარებს სოციალურ–საზოგადოებრივ ხასიათს. გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს 13:10 საათზე და გარძელდება 40 წუთის განმავლობაში. გადაცემა ინტერაქტიულია, მისი მთავარი დანიშნულება მსმენელის ზარების მიღება და მათი პოზიციების მოსმენა იქნება. პირველ დღეს მოხდება მსმენელთა ზარების მიღება, მათი პოზიციების მოსმენა – რა კონკრეტული მიმართულებებით აქვთ კითხვები. მეორე დღეს მოხდება რამოდენიმე თემის გამოყოფა და იმ თემებზე წამყვანი კითხვებს სვამს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან. ეს ფორმატი საშუალებს იძლევა მსმენელის კითხვები მივიდეს იმ უწყებამდე, ვისაც ეხება საკითხი და არ დარჩეს პასუხგაუცემელი;
ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „ეკონომიკური ანალიზი“ – ეკონომიკური და ბიზნეს ხასიათის ინფორმაციის ანალიზი. გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველი სამუშაო დღის ბოლოს 19:00 საათზე და გაგრძელდება 40 წუთის განმავლობაში. გადაცემაში განხორციელდება დღის ეკონომიკური და ბიზნეს თემის გაშლა–გაანალიზება. თემის ანალიზი ხდება მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრების, ბიზნესმენების და ექპერტების მონაწილეობით (გადაცემა მეორედება შაბათ–კვირას);
· „ბიზნეს ნიუსი“ – ეთერში განთავსდება კვირას, 11:00 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში;
· „ეკონომიკური შეცდომები“ – ეთერში განთავსდება სამშაბათს, 20:15 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემის მიზანია საზოგადოებისათვის ეკონომიკურად აქტუალური თემების წარმოჩენა, პრობლემების ანალიზი;
საგანმანათლებლო–შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
· „ბანკირი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს 14:10 საათზე. ორშაბათიდან–ხუთშაბათი ჩათვლით გადაცემა გავა რუბრიკის სახით და გაგრძელდება 3–5 წუთის განმავლობაში, ხოლო პარასკევს გადაცემა 40 წუთიანი ფორმატით გავა. გადაცემის მიზანს ერთის მხრივ საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებზე მსმენელის ინფორმირება წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ მას ექნება საგანმანათლებლო ხასიათი. გადაცემის დანიშნულება არა მხოლოდ სიახლეების მიწოდება, არამედ მსმენელთა საბანკო განათლების ხელშეწყობაა, რათა ბანკთან ურთიერთობისას იცოდნენ, თუ რა სახის კითხვები დასვან, ხელშეკრულების ხელმოწერამდე დეტალურად გაერკვიონ შექმნილ ვითარებაში, რათა არ შეექმნათ პრობლემები. პარასკევის გადაცემაში სტუმრის მონაწილეობით ხდება თემის ანალიზი, ხოლო რუბრიკებში ინფორმაციული სახით ხდება სიახლეების და რჩევების მიწოდება (გადაცემა მეორდება შაბათ–კვირას);
· „მზღვეველი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს 15:10 საათზე. ორშაბათიდან–ხუთშაბათი ჩათვლით გადაცემა გავა რუბრიკის სახით და გაგრძელდება 3–5 წუთის განმავლობაში, ხოლო პარასკევს გადაცემა 40 წუთიანი ფორმატით გავა. გადაცემის მიზანს წარმოადგენს მსმენელის ინფორმირება სადაზღვეო სფეროში მიმდინარე პროცესებზე, რომელი კომპანია რა სახის დაზღვევას გვთავაზობს და როგორ გამოვიყენოთ ის. ასევე რა მიმართულებით მიდის ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, როგორ შეუძლია მოქალაქეს მისით სარგებლობა, რა პრობლემებია და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. პარასკევის გადაცემაში სტუმრის მონაწილეობით ხდება თემის ანალიზი, ხოლო რუბრიკებში ინფორმაციული სახით ხდება სიახლეების და რჩევების მიწოდება (გადაცემა მეორდება შაბათ–კვირას);
· „ვაკანსია“ – გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს 16:10 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემა წარმოადგენს საზოგადოებრივ–საგანმანათლებლო პროექტს. გადაცემის მიზანია მსმენელის ინფორმირება არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით. გადაცემის მთავარი არსია კომპანიებმა გააცნონ მსმენელს რა სახის ვაკანსიები არსებობს, მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა მოთხოვნები აქვთ და როგორ უნდა მოემზადონ გასაუბრებისათვის. გადაცემა ორ 15 წუთიან ბლოკად იყოფა. გადაცემის პირველ ნაწილში კომპანია წარმოადგენს ინფორმაციას საკუთარ ვაკანსიებზე, ხოლო მეორე ნაწილში მოხდება საჭირო რჩევები მიცემა ამავე კომპანიის მხრიდან თუ როგორ დაიკავონ ესა თუ ის ვაკანსია. გადაცემა ინტერაქტიული იქნება და განხორციელდება მსმენელთა ზარების მიღება.
· „დაიწყე ბიზნესი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს 17:10 საათზე. ორშაბათიდან–ხუთშაბათი ჩათვლით გადაცემა გავა რუბრიკის სახით და გაგრძელდება 3–5 წუთის განმავლობაში, ხოლო პარასკევს გადაცემა 40 წუთიანი ფორმატით გავა. გადაცემის მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს – ინფორმირება საკანონმდებლო სიახლეებზე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდეციებზე, რაში შეიძლება სახელმწიფოსგან დახმარების მიღება, როგორ შეიძლება ბიზნეს–პარტნიორებისა და დონორების პოვნა, როგორ იურთიერთონ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა ალტერნატიულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. პარასკევის გადაცემაში სტუმრის მონაწილეობით ხდება თემის ანალიზი, ხოლო რუბრიკებში ინფორმაციული სახით ხდება სიახლეების და რჩევების მიწოდება გადაცემა მეორდება იმავე დღის ღამის ეთერში და კვირას);
შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია რამოდენიმე რუბრიკა, კერძოდ:
· „რუბრიკა ჯანმრთელობა“ – რუბრიკა ეთერშია ყოველი სამუშაო დღის დილას 08:15 და 09:15 საათზე და გრძელდება 10–12 წუთის განმავლობაში. რუბრიკის ფარგლებში ხდება მსმენელის ინფორმირება, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, როგორ მოვუაროთ თავს. რა უნდა ვიცოდეთ ამა თუ იმ დაავადების შესახებ;
· „რეცეპტი“ – რუბრიკა ეთერშია ყოველი სამუშაო დღის დილას 08:45 და 09:45 საათზე და გრძელდება 5–7 წუთის განმავლობაში. რუბრიკის ფარგლებში მსმენელი იღებს ინფორმაციას როგორ მოამზადონ მარტივად ესა თუ ის კერძი;
· „ბიზნეს პრესა“ – რუბრიკა ეთერშია დილას 08:35 და 09:35 საათზე და გრძელდება 7–8 წუთის განმავლობაში. ქართული და მსოფლიო პრესის მიმოხილვა.
· „რადიო ბირჟა“ – რუბრიკა ეთერშია 10:15 და 21:15 საათზე და გრძელდება 3–5 წუთის განმავლობაში. რუბრიკის ფარგლებში ხდება მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესების მიწოდება – ანალიზი.
· „ავტო“ – რუბრიკა ეთერშია 10:15 და 21:15 საათზე და გრძელდება 10–12 წუთის განმავლობაში. ყველაფერი ავტომობილებზე, ავტომოყვარულებზე.
· „სპორტის ამბები“ – რუბრიკა ეთერშია 07:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე. ეთერში განთავსებულია ყოველ საათში ერთხელ, საათის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ და გრძელდება 3–5 წუთის განმავლობაში. გადაცემა სპორტზე, როგორც სუფთა სპორტული სიახლეები, ასევე სპორტი როგორც ბიზნესი.
· ამინდის პროგნოზი – რუბრიკა ეთერშია 07:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე. ეთერში განთავსებულია ყოველ საათში ერთხელ, საათის მთავარი საინფორმაციო გამოშვების და სპორტული ამბების შემდეგ;
· „ვალუტის კურსი“ – რუბრიკა ეთერშია 07:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე საათის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წინ;
· „საწვავის ფასები“ – რუბრიკა ეთერშია 07:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე საათის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წინ;
ამასთან ერთად კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შესაბამისად, ირკვევა, რომ რადიო „ზენიტის“ ეთერში განთავსდება შპს „TV3“–ის გადაცემები რადიო ფორმატში, კერძოდ:
· „საქმიანი ამბები“ – ეთერში განთავსდება შაბათს, 11:00 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში;
· „სოფლის მეურნეობა“ – ეთერში განთავსდება ოთხშაბათს, 20:15 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემის მიზანია სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსმენელის ინფორმირება;
· „რეგიონები“ – ეთერში განთავსდება ხუთშაბათს, 20:15 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემის მიზანია საქართველოს რეგიონებში არსებული სურათის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
· ”საკონტროლო შესყიდვები“ – ეთერში განთავსდება პარასკევს, 20:15 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემის მიზანია პროდუქციის ხარისხის დადგენა;
· „ტურიზმი“ – ეთერში განთავსდება შაბათს, 20:15 საათზე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;
4. შპს „არტ პალასის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია:
შპს „არტ პალასის“ მიერ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანია მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- საბავშვო პროგრამა;
- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
- სპორტული პროგრამა;
შპს „არტ პალასს“ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – ეთერში განთავსდება საათში ერთხელ 09:00 საათიდან 22:00 საათამდე. მოსახლეობისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ. საინფორმაციო გამოშვება ითვალისწინებს სპორტისა და კულტურის სიახლეებს, ამინდის პროგნოზს;
საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „პოლიტიკური თოქ–შოუ“ – ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ (სამშაბათი–პარასკევი) 19:30 საათიდან 21:00 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის და 30 წუთის განმავლობაში. პროფესიონალი ჟურნალისტი ირჩევს პოლიტიკაში მიმდინარე ყველაზე საინტერესო თემას და პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრების დახმარებით განიხილავს ამ თემას;
· „სოციალური თოქ–შოუ“ – ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ (ოთხშაბათი–შაბათი) 19:30 საათიდან 21:00 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის და 30 წუთის განმავლობაში. პროფესიონალი ჟურნალისტი ირჩევს საზოგადოებისათვის საინტერესო და აქტუალურ თემას და პირდაპირ ეთერში მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავს ამ საკითხს;
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
· „ცნობილი ადამიანის პორტრეტი“ – ეთერში განთავსდება 13:00 საათიდან 13:30 საათამდე და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემის წამყვანი რადიო მსმენელს იმ კონკრეტულ დღეს დაბადებული, ცნობილი ადამიანის შესახებ, საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის და მოკლედ მიმოიხილავს მის შემოქმედება თუ მოღვაწეობას. შესაძლებელია იუბილარის ეთერში მოწვევა;
· „ღამის საუბრები ფსიქოლოგთან“ – ეთერში განთავსდება 23:00 საათიდან 24:00 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. პოფესიონალი ფსიქოლოგი რადიომსმენელს გაცემს მათ მიერ დასმულ კითხვებზე კვალიფიციურ პასუხებს;
· „საუბრები ლიტერატურაზე“ – ეთერში განთავსდება ყოველ ხუთშაბათს, 19:30 საათიდან 20:30 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. გადაცემის წამყვანი აირჩევს მწერალს ან კონკრეტულ ნაწარმოებს და მსმენელს მოუთხრობს მოცემული თემატიკის შესახებ. რადიომსმენელს ასევე მიეწოდება ინფორმაცია ლიტერატურული სიახლეებისა და ახალი წიგნების შესახებ;
· „არტ საქართველო“ – ეთერში განთავსდება ყოველ ორშაბათს, 19:30 საათიდან 20:30 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. გადაცემის წამყვანი მსმენელს მოუთხრობს ხალხური შემოქმედების შესახებ, მოიწვევს სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – საინტერესო ადამიანებს საინტერესო ისტორიებით, მთხრობელებს, მომღერლებს, ანსამბლებს;
· „რადიო მოგზაურობა“ – ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ (ორშაბათი–ხუთშაბათი) 18:30 საათიდან 19:30 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. წამყვანი ირჩევს კონკრეტულ ქვეყანას ან ქალაქს და სთავაზობს მსმენელს რადიო მოგზაურობას, როგორც მუსიკალურს, ასევე საინფორმაციოს;
მუსიკალურ-გასართობი თემატიკის ფარგლებში:
· „დილის ეთერი“ – ეთერში განთავსდება 08:00 საათიდან 12:00 საათამდე. გადაცემას ეყოლება ორი წამყვანი, რომლებიც მოსახლეობას ამაღლებულ და მხიარულ განწყობას შეუქმნიან, როგორც მუსიკალური ასევე სხვადასხვა ინფორმაციით.
ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შესაბამისად, ირკვევა, რომ „დილის ეთერი“ ითავსებს მრავალ რუბრიკას, კერძოდ: სპორტი, ჰოროსკოპი, რადიო პატრული, ფეშენი, კულტურული მოვლენების მიმოხილვა, კინოაფიშა, საბავშვო რუბრიკა, ჯანმრთელობა, კულინარია და მრავალი სხვა. დილის ეთერში მოწვეული იქნებიან სტუმრები.
· „მუსიკალური ვიქტორინა“ – ეთერში განთავსდება 17:00 საათიდან 18:00 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. გადაცემა არის მხიარული მუსიკალური თამაში, სადაც მსმენელმა უნდა გამოიცნოს სხვადასხვა მელოდია და გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს საჩუქარს. თამაშს ეყოლება წამყვანი;
· მუსიკალური თხოვნების შესრულება – ეთერში განთავსდება 15:00 საათიდან 16:00 საათამდე და 22:00 საათიდან 23:00 საათამდე. გადაცემა გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. წამყვანი ასრულებს მსმენელის მუსიკალურ თხოვნებს. თხოვნები დაკომპლექტდება მუსიკალური მიმდინარეობების მიხედვით (როკი, ჯაზი, პოპი, რეპი, მეტალი და სხვა.);
· „ჭორნიუსი“ – გადაცემის წამყვანი მოუთხრობს რადიო მსმენელს სხვადასხვა ყვითელ პრესაში გავრცელებული სიახლის შესახებ;
· ქართული მუსიკის TOP ათეული – ეთერში განთავსდება 16:00 საათიდან 17:30 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის და 30 წუთის განმავლობაში. რადიოს ეთერში ყოველდღე ჩატარდება მსმენელის გამოკითხვა და შედეგების მიხედვით გამოვლინდება TOP ათეული;
· „კლასიკური მუსიკა“ – ეთერში განთავსდება 12:00 საათიდან 12:15 საათამდე და გაგრძელდება 15 წუთის განმავლობაში. რადიოს ეთერი ყოველდღე დაეთმობა კლასიკური მუსიკის შედევრებს, მოკლე თხრობით წარმოდგენილი ნაწარმოების შესახებ;
· „ღამის DJ“ – საუკეთესო მუსიკალური მიქსები და საუბრები პროფესიონალ DJ-სთან ერთად მთელი ღამე რადიო ეთერში;
· „რადიო პრემიერები“ – ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ (სამშაბათი–პარასკევი) 18:30 საათიდან 19:30 საათამდე და გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. რადიო შესთავაზებს თავის მსმენელს ქართული მუსიკის პრემიერებს და სტუმრად მოიწვევს პირდაპირ ეთერში ავტორებსა და შემსრულებლებს;
5. შპს „არტ რადიოს“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია:
შპს „არტ რადიოს“ მიერ წარმოადგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანია მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- ახალგაზრდული პროგრამა;
- საბავშვო პროგრამა;
- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
- სპორტული პროგრამა;
წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, შპს „არტ რადიოს“ მიზანია უზრუნველყოს ფინანსურად მდგრადი და მომგებიანი რადიოკომპანიის მუშაობა; შეინარჩუნოს და განიმტკიცოს ლიდერის პოზიციები ქართულ რადიობაზარზე; აამაღლოს რადიობაზრის სტანდარტები; საგანმანათლებლო–შემეცნებითი შინაარსით მიწვდეს უფრო ფართო აუდიტორიას, ვიდრე სწვდება დღეის მონაცემებით; გაზარდოს რადიოს აუდიტორია ახალი სამომხმარებლო ჩვევების დამკვიდრების გზით (მაგ. სახლში რადიოს მოსმენის ჩვევის წახალისება ეთერში გაყვანითა და საჩუქრების მიღების გზით, თემატური გადაცემების საშუალებით სხვადასხვა ადგილას რადიოს მოსმენის წახალისება და სხვა.); ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
შპს „არტ რადიოს“ მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – ეთერში განთავსდება ყოველდღე, საათში ერთხელ 09:00 საათიდან 22:00 საათამდე. საინფორმაციო გამოშვება გაჯერებული იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო მოვლენებით. რადიო შეეცდება პირველმა მიაწოდოს თავის მსმენელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· „დღის ბოლოს“ – გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, სავარაუდოდ 20:00 საათზე და მიმოიხილავს მოვლენებს, რომლებიც მოხდა ქვეყანაში. ანალიტიკა და პროგნოზები მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ან ამავე მიზნით სატელეფონო ჩართვები პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან (სასურველია ინტერაქტივი მსმენელთან). გადაცემას ექნება ზომიერად სატირულ–ირონიული ელფერი);
· „კვირის ბოლოს“ – გადაცემა ეთერში განთავსდება ყოველ პარასკევს, სავარაუდოდ 20:00 საათზე და მიმოიხილავს მოვლენებს, რომლებიც მოხდა ქვეყანაში მთელი კვირის განმავლობაში. ანალიტიკა და პროგნოზები მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ან ამავე მიზნით სატელეფონო ჩართვები პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან (სასურველია ინტერაქტივი მსმენელთან). გადაცემას ექნება ზომიერად სატირულ–ირონიული ელფერი);
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში;
· „ყოველდღიური დილის გადაცემა“ – ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს და გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში. გადაცემა შედგება 2 ნაწილისგან. პირველი ნაწილი იქნება შემეცნებით, გასართობი, საინფორმაციო, მუსიკალური (გადაცემაში არც ერთი სიმღერა არ გავა კონკრეტულად ამ სიმღერის შესახებ სათანადო ინფორმაციის გარეშე), ინტერაქტიული ეთერით (მუდმივი კონტაქტი მსმენელთან წამყვანის მიერ ან თუნდაც მსმენელი მიერ შეთავაზებულ თემებზე) და ყოველდღიური მინი რუბრიკებით (პირველი საათის პირველო ნაწილის ბოლო 10 წუთი დაეთმობა რუბრიკას „ვაკანსიები და პერსპექტივები“ (სათანადო პროფილის მქონე ინტერნეტ რესურსების საშუალებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით რუბრიკა მსმენელს მოკლედ და კონკრეტულად გააცნობს ინფორმაციას სამუშაოს, დასაქმების, სხვადასხვა ტრეინინგის და კურსების შესახებ). დილის გადაცემის მეორე ნაწილი (ხანგრძლივობა 1 საათი) გარდაიქმნდება სხვადასხვა ტიპის თემატურ გადაცემად;
· „ისტორია“ – სტუმრების შემოსვლამდე ეთერში გავა 5–8 წუთიანი არტი კონკრეტულ ისტორიაულ თემაზე, რომელიც მსმენელს გააცნობს გადაცემის თემის არსს. შემდეგ წამყვანი მოწვეულ სათანადო სტუმრებთან (სასურველია ორი სტუმარი, ერთი ისტორიკოსი, ექსპერტი და მეორე ან მოქმედი პოლიტიკოსი ან ე.წ. საზოგადო მოღვაწე) ერთად გაარჩევს სამყაროს ისტორიიდან ერთ მნიშვნელოვან და ეპოქალურ ეპიზოდს (მაგ. რუის–ურბნისი კრება, მაკარტიზმის ეპოქა აშშ–ში, ვერმახტის ქართული ლეგიონი მეორე მსოფლიო ომში, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა და საქართველო, გიორგი სააკაძის არშემდგარი რეფორმები და ა.შ.)
· მოგზაურობა და თავგადასავლები „National Geographic“–თან ერთად – ჟურნალ „National Geographic“–ის თემები, აღნიშნულ ჟურნალთან და მის სტაფთან მჭიდრო თანამშრომლობით და სტუმრობით (ლევან ბუთხუზი), აგრეთვე სხვადასხვა მოგზაური სტუმრები;
· საქმიანი და წარმატებული ადამიანები – გადაცემა დაიყოფა 2 პირობით ნაწილად. ცნობილი ბიზნესმენის, მაგნატის, ინოვატორის, ხელოვნების (ანუ „საუკუნოს ადამიანის“ და ა.შ. ცხოვრებისეული, შრომის და წარმატების ისტორია გადმოცემული 8–10 წუთიანი არტის სახით (წინასწარ დამუშავებული და ჩაწერილი); მოწვეული თემატური სტუმარი, რომელთანაც საუბარი იქნება ქართულ ბიზნესზე, სიახლეებზე, პრობლემებზე და ა.შ. აგრეთვე იმ თემებზე თუ რა სფეროს წარმატებული ადამიანი იქნება სტუმრად ან თუნდაც არტში გაჟღერებულ პიროვნებაზე;
· „ამბასადორი“ – გადაცემა იყოფა 2 პირობით ნაწილად. მნიშვნელოვანი მსოფლიო ფაქტი მსოფლიო დიპლომატიის ისტორიიდან გადმოცემული 5–8 წუთიანი არტით (მაგ. კარიბის ზღვის კრიზისის ისტორია ან 1918–1932 წლის საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიიდან ეპიზოდები); საუბრები ქართულ დიპლომატიაზე, დიპლომატიის ისტორიაზე, ეტიკეტზე, პროტოკოლზე. წამყვანთან ერთად მოწვეულები იქნებიან ქართველი დიპლომატები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები. მათთან იქნება საუბრები ამჟამინდელ საგარეო სიტუაციაზე, მსოფლიო დიპლომატიის პრიორიტეტებზე და ეს ყველაფერი საქართველოს კონტექსტში. რუბრიკას ესტუმრებიან ელჩები, საპატიო კონსულები, დესპანები და ა.შ. აგრეთვე საუბარი იქნება როგორც ოფიციალური კუთხით, ასევე ე.წ. „სმოკინგის მიღმა“ თემებზე;
· „ეკრანზე და ეკრანს მიღმა“ – გადაცემა კინოზე, ორიგინალური კუთხით – წამყვანები ირჩევენ ეპოქალურ, საკულტო ფილმს, იწვევენ პირველ რიგში კინომცოდნეს და ასევე პოლიტიკოსს ან საზოგადო მოღვაწეს. საუბარი კონკრეტულად ფილმის გარდა იქნება თემებზე თუ რა ეპოქაში გამოვიდა ფილმი, რა პრობლემებზეა იგი (მაგ. ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“ – საუბარი იქნება არა მხოლოდ იმაზე თუ ვინ იყო ფილმის რეჟისორი და ვინ ითამაშა მთავარი როლი, არამედ იმ ეპოქაზე როდესაც ფილმი გამოვიდა და რაც მთავარია სასამართლო სისტემაზე და კერძოდ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, საქართველოს კონტექსტში);
მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:
· „მსოფლიოს ეთნო მუსიკა“ – ეთერში განთავსდება ყოველ ორშაბათს და გაგრძელდება 30–35 წუთის განმავლობაში (ნოდარ მანჩხაშვილი „ძია ნოდარი“). გადაცემა განმეორდება შაბათ–კვირას);
· „კლასიკური როკი და ბლუზი“ – ეთერში განთავსდება ყოველ სამშაბათს და გაგრძელდება 30–35 წუთის განმავლობაში (აჩიკო ბენაშვილი). გადაცემა განმეორდება შაბათ–კვირას);
· „ოპერა და კლასიკური მუსიკა“ –ეთერში განთავსდება ყოველ ოთხშაბათს და გაგრძელდება 30–35 წუთის განმავლობაში (შავლეგ გეგეჭკორი). გადაცემა განმეორდება შაბათ–კვირას);
· „ინდი და თანამედროვე“ – ეთერში განთავსდება ყოველ ხუთშაბათს და გაგრძელდება 30–35 წუთის განმავლობაში (ლაშა გაბუნია). გადაცემა განმეორდება შაბათ–კვირას);
· „ჰარდ ანდ ჰევი“ – ეთერში განთავსდება ყოველ პარასკევს და გაგრძელდება 30–35 წუთის განმავლობაში (მინდია გაბაშვილი – ჯგუფი „ვაკის პარკი“). გადაცემა განმეორდება შაბათ–კვირას);
· „LIVE რომელსაც უნდა მოუსმინო“ – ეთერში განთავსდება კვირაში სამჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს). რომელიმე ცნობილი კონკრეტული საკულტო LIVE როკოს, ბლუზის, ჯაზის ლეგენდების შესრულებით. გადაცემის ციკლის ავტორი და წამყვანის კვალიფიცირებული და დაწვრილებითი კომენტარებით და საინტერესო ან ტექნიკური ინფორმაციებით, რომელიც ამ კონკრეტულ LIVE-ს შეეხება;
· ყოველდღიური რადიოსერიალი – ქრონომეტრაჟი 5–7 წუთი, თითო სერია გავა დღეში ხუთჯერ, ხოლო შაბათ–კვირას გამეორდება წინა კვირას გასული ხუთივე სერია. კომედიური ჟანრის რადიოსერიალი ერთ თბილისურ ოჯახზე, სადაც ოჯახის წევრები და მათი მეგობრები მოიცავენ ქალაქში არსებულ ყველა სოციალურ ფენას, სიუჟეტი განვითარდება იმ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად და იქნება პატარა შარჟი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე. სერიალის სცენარზე იმუშავებენ გამოცდილი სცენარისტები („ფორმულა კრეატივი“) და მსახიობები;
ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში:
· „ბეჭდების მბრძანებლები“ – საბავშვო და მოზარდთა გადაცემა, რომელიც ეთერში განთავსდება კვირაში ერთხელ. თემატიკა ე.წ. თინეიჯერული სუბკულტურები, პრობლემები, მსოფლხედველობა, აზროვნება. აგრეთვე ფილმები, მუსიკა (რაც კონკრეტულად ამ თაობაშია პოპულარული), კომიქსები, კომპიუტერული თამაშები (თამაშების გარჩევა, რჩევები). თინეიჯერი წამყვანები მოიწვევენ სტუმრებს – როგორც თანატოლებს, ასევე პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს. შემოდგომიდან „ნიუტონის სკოლაში“ ფუნქციონირებას დაიწყებს სკოლის შიდა ინტერნეტ–რადიო, რომლებთანაც იმუშავებს სწორედ ამ რადიოში მომუშავე სტაფი. შესაბამისად, გადაცემას გააკეთებენ „ნიუტონის სკოლის“ ბავშვები, რომელთაც საკმაო გამოცდილება ექნებათ ამ სფეროში და კარგ პრაქტიკასაც გაივლიან;
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
· „სპორტული სიახლეები“ – საათში ერთხელ, განსაზღვრულ დროს „არტ რადიო“ ყურადღებას დაუთმობს ქართული და უცხოური სპორტის სიახლეებს;
· „როკი და ფეხბურთი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება შაბათ–კვირას, 18:00 საათიდან 24:00 საათამდე. გადაცემა არის გაგა გობრონიძის და აჩიკო ბენაშვილის საავტორო გადაცემა. მთლიანად იმპროვიზებულ ხასიათს ატარებს და აგებულია წამყვანების მჭერმეტყველებაზე, ძირითადად საფეხბურთო და მუსიკალურ თვალსაწიერსა და სხვადასხვა ტიპის საუბრებზე ლიტერატურით დაწყებული, კინოთი თუ ისტორიული მოვლენებით დასრულებული. გადაცემის ლაიტმოტივია მიმდინარე საფეხბურთო მატჩები (ტრადიციულად „უიკენდები“ სამყაროში საფეხბურთო დღეებია), რომელთა ირგვლივაც მიმდინარეობს საუბარი, იქნება ეს პროგნოზი თუ უბრალოდ ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბის გარჩევა (კლუბის ისტორიიდან დაწყებული დღევანდელი ვითარებით დამთავრებული). საჭიროების შემთხვევაში ხდება ხოლმე ამა თუ იმ გუნდის გამხნევება მუსიკით (მაგ. თუ ლივერპული აგებს ბლექბერნთან დიდი შანსია, რომ მის გასამხნევებლად ეთერში ბითლზის “HELP” გავიდეს. გადაცემა ტემპს კრეფს და საბოლოოდ საოცარ დინამიზმს აღწევს, რადგან მიმდინარეობს მსმენელთა გაუთავებელი ჩართვა (ზარები ტრადიციულად უწყვეტია) და მუსიკალური თხოვნების შესრულება, ან რომელიმე ანგარიშის გამოცხადება (რომელიც მსმენელს გამორჩა), ან რომელიმე მატჩის შესახებ საუბარი, ან ჯიმი ჰენდრიქსის ან ფრან ფერდინანდის შემოქმედების გარჩევა. რადიო შოუ ამ ყველაფრის ფონზე იძენდა არა მხოლოდ გასართობ, არამედ შემეცნებით და ინფორმატიულ ფონს. 8 წლის განმავლობაში გადაცემას უკვე სტაჟიანი მსმენელი გამოუჩნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი რიცხვი თანდათანობით მატულობს, რადგან დიდია მოთხოვნილება როგორც ფეხბურთთან ორიგინალურ მიდგომაზე, ისე ნორმალურ მუსიკაზე, რისი დეფიციტიც ნამდვილად შეიმჩნევა ჩვენს ქვეყანაში. ინტერნეტ კავშირის განვითარებასთან ერთად მსმენელთა რაოდენობამ იმატა უცხოეთიდან და გაუტოლდა ადგილობრივ მსმენელს და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გადაცემას გამოცდილი და ინტელექტუალი წამყვანები მართავენ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ხნის განმავლობაში გადაცემამ ყველა ასაკის ორივე სქესის მსმენელთა დიდი რაოდენობა შეიძინა. ამაზე მეტყველებს ინტერნეტში სოციალური ქსელების გამოკითხვებიც. თავის დროზე რადიოშოუში მუდამ იღებდნენ მონაწილეობას სტუმრის და სიმბოლური წამყვანის სტატუსით პოლიტიკოსები, მსახიოებები, მწერლები და სხვადასხვა ე.წ. ცნობადი სახეები. საკმაო დრო დაეთმობა განსაკუთრებით რაგბის თემატიკას. ეს იქნება საუბრები რაგბზე, მის ისტორიაზე, წესებსა და რაგბის მდიდარი სუბკულტურის „მინი კურსები“, ინფორმაციები რაგბის (და კალათბურთისაც) როგორც საშინაო ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო რაგბის გრანდებზე, უკვე საკულტო მოთამაშეებზე და ა.შ. მოწვეული იქნებიან ყველა კლუბის წარმომადგენლები, რომლებიც მინაწილეობენ რაგბის საშინაო ჩემპიონატში. აგრეთვე ეროვნული ნაკრების წევრები, რაგბის კავშირის და რაგბის ქომაგთა კლუბის წარმომადგენლები. გადაცემის არსებობის პირველ ეტაპზე მსგავსი გამოცდილება და კონტაქტები არსებობდა და ჯერ კიდევ „მწვანე ტალღის“ პერიოდში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩების დაწყებამდე სტადიონზე ჟღერდა აღნიშნული გადაცემის ჰიტებისაგან შემდგარი მიქსი. რადიოს კარი მუდამ ღიაა სხვა ნებისმიერი სპორტის სახეობების წარმომადგენლებისთვისაც. შოუს მუდამ აქვს შინაგანი, როგორც ადამიანური, ასევე იდეური რესურსი, რომ თავის თავში „შეიწოვოს“ ნებისმიერი მოვლენა და რადიოს ნებისმიერი პოზიცია (თუნდაც ახალი ამბები) ან რაიმე ტიპის მინი გადაცემები. რადიო ეთერს ამ დროს ეძლევა რაღაც ერთი მთლიანი სახე, რომელიც მთლიანად ორგანულად იკავებს შაბათ–კვირის საღამოს. გადაცემა ტრადიციულად მიყავს სამ ადამიანს.
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
· ყოველდღიური საბავშვო პროგრამა – განთავსდება ყოველ დილას და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემა იქნება შემეცნებით–გასართობი;
· „ძილისპირული“ – ეთერში განთავსდება ყოველ საღამოს, რომელშიც მთხრობელი ბავშვებს სხვადასხვა ქვენის ზღაპარს მოუყვება;
შპს „არტ რადიოს“ მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია რამოდენიმე თემატიკის არტი (რუბრიკა), რომლებიც მუდმივად იტრიალებენ ეთერში და რომლებსაც გაახმოვანებენ პროფესიონალი მსახიოებბი, კერძოდ:
· შემეცნებით–ისტორიული – მარტივი, პოპულარული და ეფექტური ხერხებით მოთხრობილი იქნება საქართველოს (ბევრი რა უცნობი) და მსოფლიოს ისტორიიდან საინტერესო, მნიშვნელოვანი ან ჰეროიკულ–რომანტიული ამბავი (მაგ. თუ როგორ იბრძოდა კრწანისზე, კერძოდ ნარიყალიდან პირველი ქართული არტილერია ან ნაპოლეონის ძველი გვარდიის გმირობა ვატერლოუს ბრძოლის მიწურულს);
· თეოლოგიური – მარტივი და პოპულარული ხერხებით საინტერესოდ მოთხრობილი იქნება მნიშვნელოვანი მომენტები წმინდა წერილებიდან, საინტერესო მომენტები წმინდა გადმოცემიდან, წმინდა მამების ცხოვრებიდან;
· უბრალოდ შემეცნებითი – უბრალოდ შემეცნებითი და საინტერესო ამბები საერთო ერუდირებისთვის;
· მუსიკალური – რადიო ეთერში სიმღერების უდიდესი ნაწილი გავა არტის სახით. სიმღერის დასაწყისში მოთხრობილი იქნება ან მინი ისტორია კომპოზიციის შემსრულებელზე ან საინტერესო ამბავი შემსრულებლის შესახებ, ან შემსრულებლის საინტერესო და მოსწრებული გამონათქვამი ან უბრალოდ საინფორმაციო ტექსტი (რომელი წელია, რომელი ალბომია და საერთოდ რა ჯგუფია);
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად ლიცენზიის მაძიებლების მიერ შეთავაზებული თემატიკა, ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი უპირატესად უზრუნველყოფილია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს „სტერეო +“–ის მიერ. ამასთან აღსანიშნავია, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის საბავშვო და ახალგაზრდული თემატიკის პროგრამები, შესაბამისად, კომპანიის მიერ საზოგადოების ამ ნაწილის ინტერესები გათვალისწინებული არ არის. ამასთან წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, ასევე გათვალისიწნებული არ არის გასართობი ხასიათის პროგრამები, ხოლო რაც შეეხება მუსიკალურ თემატიკას, აქ მხოლოდ ზოგადი მითითებაა რადიოს მუსიკალურ მიმართულებაზე. შპს „არტ პალასის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის ანალიტიკური და ახალგაზრდული თემატიკის პროგრამები, ხოლო საბავშვო და სპორტული თემატიკის ფარგლებში პროგრამული მრავალფეროვნება შემოთავაზებულია მხოლოდ რუბრიკების მეშვეობით (გადაცემაში „დილის ეთერი“), თუმცა აქაც კონკრეტული პროგრამები მითითებული არ არის. შპს „არტ რადიოს“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის ანალიტიკური თემატიკის პროგრამები.
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს „სტერეო +“–ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ურთიერთშედარების შედეგად, დეპარტამენტს საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან (საერთო რადიომაუწყებლობა) გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებულ იქნას ლიცენზიის მაძიებლების მიერ საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი, რაც დეპარტამენტის აზრით მეტწილად უზრუნველყოფილია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში. ამასთან, დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ რადიომაუწყებლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 26 აგვისტოს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო +“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი, შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთის” უფლებამოსილი წარმომადგენელი რამაზ სამხარაძე, შპს „არტ პალასის“ დირექტორი ჯიმშერ მეფარიშვილი, შპს ”არტ რადიოს” დირექტორი ირაკლი დათეშიძე და შპს ”ენეჯი გრუპის” უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი აღდგომელაძე.
კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. პირველად კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. თბილისში შპს „არტ პალასის“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა კომისიის არცერთმა წევრმა. მეორედ კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. თბილისში შპს „ენერჯი გრუპის“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (სოფიო ბრიტანჩუკი, ირაკლი მოსეშვილი) კომისიის წევრმა კარლო კვიტაიშვილმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს. მესამედ კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. თბილისში შპს ”სტერეო +“-ის გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა კომისიის არცერთმა წევრმა. მეოთხედ კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. თბილისში შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთის” გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ერთმა წევრმა კარლო კვიტაიშვილმა, კომისიის წევრებმა სოფიო ბრიტანჩუკმა და ირაკლი მოსეშვილმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს. მეოთხედ კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. თბილისში შპს ”არტ რადიოს” გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა კომისიის არცერთმა წევრმა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის თითოეულმა წევრმა დამოუკიდებლად შეისწავლა ყველა კონკურსანტის დოკუმენტაცია და გადაწყვეტილება, თუ რომელ კომპანიას დაუჭერდა მხარს, ინდივიდუალურად მიიღო.
კომისია აღნიშნავს, რომ ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსია, სხვაობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ კონკურსანტთა ნაწილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში რაოდენობრივად მეტი გადაცემაა ჩამონათვალში. კომისიის წევრებს სოფიო ბრიტანჩუკის და ირაკლი მოსეშვილის აზრით, სრულიად განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა შპს „ენერჯი გრუპის“ სამაუწყებლო კონცეფცია, რადგან, გარდა საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა, რაც კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებისთვის სავალდებულო პირობაა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია გათვლილია კონკრეტულ სფეროზე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს ამბებზე. თუმცა, ამავე დროს, კონცეფციაში დინამიურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში მიმდინარე მოვლენების ზეგავლენა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე და პირიქით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ტემპი. გარდა ამისა, შპს ”ენერჯი გრუპის” სამაუწყებლო კონცეფციაში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა სოციალური თემატიკის გადაცემებს, როგორიც არის სადაზღვევო თემა, დასაქმებულების თემატიკა, ასევე საბანკო სექტორი და ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მისი თითოეული წევრი მარეგულირებელი ფუნქციის შესრულების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის პროცესში კომისიონერები მხედველობაში იღებენ შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნებას და ითვალისწინებენ აუდიტორიის ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ორი ერთის წინააღმდეგ
გადაწყვიტა:
1. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ენერჯი გრუპი“;
2. უზრუნველყოს შპს „ენერჯი გრუპმა“, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 2137.60 (ორი ათას ასოცდაჩვიდმეტი და 60) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 7,484.40 (შვიდი ათას ოთხასოთხმოცდაოთხი და 40) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ენერჯი გრუპისთვის“ ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
