წვდომის მენიუ

შპს ,,ჯეოინტერკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 534 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 30, 2013

შპს ,,ჯეოინტერკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

                ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროს ი. ხარებავას  სამსახურებრივი ბარათი (19.08.2013; №10/1017), საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ჯეოინტერკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/4385-13), თანდართული 2013 წლის 13 აგვისტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ 2011 წლის 5 დეკემბერს შეიცვალა შპს ,,ჯეოინტერკომის“ დირექტორი, კერძოდ, ნუგზარ ადეიშვილის ნაცვლად დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა დავით ელაშვილი. გამომდინარე აქედან,  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოინტერკომის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 19 აგვისტოს №10/1017 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 26 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოინტერკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 30 აგვისტოს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ჯეოინტერკომს“ ეცნობა შეტყობინებით (26.08.2013; №03/1795-13), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჯეოინტერკომის“  წარმომადგენელი ნათია ჯოჯუა (მოქმედი შპს ,,ჯეოინტერკომის“ დირექტორის დავით ელაშვილის მიერ 2013 წლის 29 აგვისტოს გაცემული მინდობილობის საფუძველზე). ნ. ჯოჯუამ დაადასტურა, რომ შპს ,,ჯეოინტერკომს“ კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში შპს ,,ჯეოინტერკომის“ შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში 2011 წლის 5 დეკემბერს განხორციელებული  ცვლილების შესახებ. ამასთან, მისი განმარტებით, კომპანიის დირექტორის ცვლილება განხორციელდა იმ პერიოდში, როცა შპს ,,ჯეოინტერკომში“ მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, კომპანიის იურისტი იყო წასული და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის უცნობი იყო კომისიისთვის ზემოაღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში მიწოდების ვალდებულების შესახებ.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი. ხარებავას სამსახურებრივი ბარათი (19.08.2013; №10/1017);

2.       შპს ,,ჯეოინტერკომის“ 2013 წლის 13 აგვისტოს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № №6/4385-13) თანდართული 2013 წლის 13 აგვისტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.       მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ჯეოინტერკომის“ შესახებ მონაცემები;

4.       შპს ,,ჯეოინტერკომის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.             შპს ,,ჯეოინტერკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 16.02.2010. ავტორიზებული საქმიანობის  სახეები: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა);

2.             2011 წლის 5 დეკემბერს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში შპს ,,ჯეოინტერკომის“ შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შედეგად, კომპანიის დირექტორად განისაზღვრა დავით ელაშვილი, რაც დასტურდება 2011 წლის 5 დეკემბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი: 05/12/2011; 17:53:04; განაცხადის ნომერი: 402498; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B11173024);

3.             2013 წლის 13 აგვისტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ჯეოინტერკომის“ დირექტორს წარმოადგენს დავით ელაშვილი (ამონაწერის მომზადების თარიღი: 13/08/2013; 10:32:27; განაცხადის ნომერი: 647921; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13080008);

4.             2013 წლის 13 აგვისტოს შპს ,,ჯეოინტერკომმა“ კომისიას წერილობით აცნობა 2011 წლის 5 დეკემბერს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში შპს ,,ჯეოინტერკომის“ შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების თაობაზე. შესაბამისად, შპს ,,ჯეოინტერკომმა“ არ აცნობა კომისიას აღნიშნული ცვლილების შესახებ კანონით განსაზღვრული 7 სამუშაო დღის ვადაში;

5.             შპს ,,ჯეოინტერკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

            ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

                 ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

                „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირისთვის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

              კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოინტერკომის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით, შპს ,,ჯეოინტერკომის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ჯეოინტერკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოინტერკომს’ უნდა მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე,  98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ჯეოინტერკომს“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ჯეოინტერკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ჯეოინტერკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოინტერკომისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოინტერკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 პუნქტის გარდა) დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები