შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2013
შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/303-13, 23.07.2013), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირება მნიშვნელოვნად გაზრდის ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლებს და უზრუნველყოფს ტელეპროდუქციის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიას, 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-8 სატელევიზიო არხზე, 50 ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით ქ. ჭიათურა;
დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს №497/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 9 სექტემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 9 სექტემბერს 16:00 საათზე. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B30 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №817/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ მაუწყებლობის №B30 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
დ.ა) ტელემაუწყებლობა მე-8 სატელევიზიო არხზე, 50 ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით ქ. ჭიათურა;
დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
