წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 553 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ და წარმოადგინეს კომპანიებს შორის 2013 წლის 22 ივლისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 2010 წლის 9 მარტის N10-285 ხელშეკრულებაზე.

კომისიაში 2013 წლის 22 ივლისს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ N10-285 ხელშეკრულებას-2016 წლის 23 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N220/5 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  NF11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებით და სს „სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (N10-285) შესაბამისად პირდაპირი გადაპირების წესით დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა სს „სილქნეტს“ 2013 წლის 9 მარტამდე. კომისიის 2013 წლის 15 აპრილის N257/19 გადაწყვეტილების და 2013 წლის 9 მარტს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების N10-285/1 თანახმად, მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ N10-285 ხელშეკრულებას - 2013 წლის 23 ივლისამდე.

 კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 22 ივლისს კომისიის N460/6 გადაწყვეტილების საფუძველზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2023 წლის 23 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზია ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით — 827,955მჰც÷831,645მჰც და 872,955მჰც÷876,645მჰც სარგებლობის უფლებას მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2023 წლის 23 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაპირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ: ა) სს “სილქნეტი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას ფლობს სს “გაერთიანებული ტელეკომთან“ 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული გადაპირების N10-285 ხელშეკრულების და კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ) კომისიის 2013 წლის 22 ივლისის N460/6 გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს “გაერთიანებული ტელეკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას 2023 წლის 23 ივლისამდე და გ) სს “სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2013 წლის 22 ივლისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ გადაპირების ხელშეკრულებაში ცვლილებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილებების შეტანა კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში და ამ მიზნით კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს N487/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2013 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დირექტორი ლევან ტრაპაიძე და სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მაია გონაშვილი. კომისიის სხდომაზე მაია გონაშვილმა აღნიშნა, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთანავე 2013 წლის 22 ივლისს სს „სილქნეტსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება, ლიცენზიის დროებით გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, კომპანიებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების წყვეტა არ მომხდარა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომპანიებმა მიმართეს კომისიას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11 ლიცენზიის დროებით გადაპირების თაობაზე უფლების მოსაპოვებლად.    კომისიის სხდომაზე ლევან ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის გადაპირების შემდგომ, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის N460/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  საფასურის გადახდის ვალდებულება რჩება  სს „გაერთიანებულ ტელეკომს“.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიღება.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მფლობელად 2016 წლის 23 ივლისამდე განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა)   რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;

ბ)  დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;

გ)    გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ)   ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.“

2.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

3.    გადაწყვეტილება ძალაში შედის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

5.    კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები