კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2013
კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის 2013 წლის 7 აგვისტოს № 10/968-13 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 2013 წლის 22 ივლისის წერილის (№04/1550-13) პასუხად, 2013 წლის 6 აგვისტოს კომისიაში შემოსულია შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ წერილი (№13/1218; 2.08.13.; კომისიაში რეგისტაციის თარიღი: 6.08.13. №6/4263-13), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,მეცხრე არხი ინფო“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე), არ ახორციელებს მაუწყებლობას 2012 წლის 7 დეკემბრის 19:00 საათიდან.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი - ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს შპს „მეცხრე არხი ინფოს“ 2013 წლის 2 აგვისტოს №13/1218 და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №04/1550-13 წერილები.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის №624/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 11 ოქტომბერს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მეცხრე არხი ინფოსთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
