წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №427/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 569 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2013

მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 28 ივნისის  №427/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და  ახალი  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ  2013 წლის  28 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება  N427/23  ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.

გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2013 წლის 13 სექტემბერს 16.00 საათზე, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 3 თვე.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჯარაო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2013 წლის 13 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ: ირაკლი ესართია, შპს ”მობიტელის” იურიდიული სამსახურის უფროსი; ლევან გიორგაძე, შპს ”ჯეოსელის” იურისტი; ნათია კახიძე, შპს ”მაგთიკომის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე;  ანდრია ზოდელავა, შპს ”მაგთიკომის” გენერალური დირექტორის  მოადგილე; გია კოშორიძე, შპს ”მაგთიკომის” გენერალური დირექტორის  მოადგილე; არჩილ გომიაშვილი, შპს ”მაგთიკომის” ფინანსური დირექტორის მოადგილე; დავით ძიძიგური, შპს ”მაგთიკომის” იურისტი; დავით თუთბერიძე, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორი.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) მიერ კომისიის წინაშე დაყენებული იქნა შუამდგომლობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ამავე დროს, ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო:

                ა) მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელი და კომისიის 2013 წლის 1 ივლისის №08/1399-13 , №08/1400-13, №08/1401-13 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მიუხედავად კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის და კომპანიების ინტენსიური თანამშრომლობისა,  კომპანიების მიერ   სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში. კერძოდ, შპს „მაგთიკომმა“ ინფორმაცია ნაწილობრივ  დააზუსტა 2013 წლის 13 სექტემბრის (ზეპირი მოსმენის სხდომის დღეს)  №13/156 წერილით;   შპს „ჯეოსელმა“ ინფორმაცია ნაწილობრივ  დააზუსტა 2013 წლის 2 სექტემბრის  №2/283-13 წერილით; კომისიამ 2013 წლის 12 სექტემბერს დამატებით გაუგზავნა წერილი № 08/1953-13 შპს „ჯეოსელს“,  შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების თაობაზე; შპს „ჯეოსელს“ ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა 2013 წლის 19 სექტემბერი. შპს „მობიტელმა“ ინფორმაცია დააზუსტა 2013 წლის 13 სექტემბრის (ზეპირი მოსმენის სხდომის დღეს)  N 6/4974-13  (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი) წერილით. შესამაბისად, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა გაანგარიშების შესწავლის შედეგები კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

ბ) შპს „ჯეოსელის“ 2013 წლის 2 სექტემბრის  №2/283-13  წერილში აღნიშნულია, რომ  სახელმწიფოს მიერ ჩატარებულმა კონსოლიდირებულმა ტენდერმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ტრაფიკზე, გამომდინარე იქედან რომ ტრაფიკის მოცულობა  წარმოადგენს ტარიფის განსაზღვრის მნიშვნელოვან ფაქტორს,  შპს „ჯეოსელს“ მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას დაემატოს 2013 წლის ივნისის და ივლისის თვეების მონაცემები;

                გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ვინაიდან, 2013 წლის 28 ივნისის  N427/23  გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების 3 თვიანი ვადა იწურება 2013 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვის მიზნით, უნდა შეწყდეს კომისიის 2012 წლის 28 ივნისის №427/23 გადაწყვეტილებით  დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ახლიდან უნდა დაიწყოს იგივე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის (ლ.გიორგაძის) მიერ კომისიის წინაშე დაყენებული იქნა შუამდგომლობა მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მოდელში 2013 წლის ივნისის და ივლისის თვეების მონაცემების დამატების თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აუცილებელი იქნება შპს ”მაგთიკომის”, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელისაგან“ შესაბამისი ფორმით გაანგარიშებების გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი, კომისიას საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის,  3 თვიანი ვადის განსაზღვრა.

კომისია დამატებებით აღნიშნავს, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე  კომისიის წევრებს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რის გამოც კენჭისყრაზე დადგა კომისიონერთა შემდეგი წინადადებები:

         პირველად კენჭი  ეყარა  საკითხს იმის თაობაზე, რომ კომისიის  2013 წლის  28 ივნისის N427/23  გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ზეპირი მოსმენის სხდომა  ჩაითვალოს შემდგარად; დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გააგრძელოს კომპანიების მიერ წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციის დამუშავება და 10 სამუშაო დღის ვადაში  დეპარტამენტმა მოამზადოს კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით კომისიის გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული შესაბამისი ზედა ზღვრული ტარიფები.

         აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა თავად წინადადების ინიციატორმა კომისიის წევრმა ი. მოსეშვილმა.     

                 მეორედ  კენჭი   ეყარა  საკითხს  იმის თაობაზე,  რომ შეწყდეს  კომისიის   2013 წლის  28 ივნისს   N427/23   გადაწყვეტილებით   დაწყებული საჯარო  ადმინისტრაციული   წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის   (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის  სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის  შედეგების შესახებ” კომისიის 2010  წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში   ცვლილებების  შეტანის მიზნით“ და ამავე დროს,  დაიწყოს  ახალი საჯარო ადმინისტრაციული  წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო  ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის  (სატელეფონო  ზარების   წამოწყების/დასრულების) საბითუმო     ბაზრის შესაბამის  სეგმენტებზე კონკურენციის   კვლევისა და ანალიზის  შედეგების   შესახებ” კომისიის  2010 წლის 21 მაისის №240/9   გადაწყვეტილებაში  ცვლილებების  შეტანის  მიზნით;

       აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის თავმჯდომარემ კ. კვიტაიშვილმა და კომისიის წევრმა ა. სიხარულიძემ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს კომისიის  2013 წლის  28 ივნისს   N427/23  გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო

ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს  3 თვე;

4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის  29 ნოემბერს  16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

5. დაევალოთ შპს „მაგთიკომს“,  შპს „ჯეოსელს“ და შპს “მობიტელს“  უზრუნველყონ 2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 7 თვის მონაცემების საფუძველზე მომზადებული მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოწოდება,  შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა)  ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხოლო გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                        კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                       ა. სიხარულიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები