საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2013
მიღების თარიღი იანვარი 28, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
რადიოსიხშირული სპექტრი: 12468 მჰც ±150 მჰც; ზოლის სიგანე 300 მჰც, გადამცემის სიმძლავრე 1 ვატი, ქ. ზუგდიდში წერტილი მრავალწერტილი არქიტექტურით უსადენო ქსელის ასაგებად, ავტორიზაციით გათვალისწინებული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 8,977.50 (რვა ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი და 50) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 14 იანვარი, 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2013 წლის 28 იანვარი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა -448.00 (ოთხას ორმოცდარვა ლარი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებული აუქციონის ბიჯის ”448.00 (ოთხას ორმოცდარვა ლარი)” ლარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს ”449.00 (ოთხას ორმოცდაცხრა ლარი)”, ვინაიდან რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობის 5% დამრგვალებული მთელ რიცხვამდე შეადგენს 449.00 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2013 წლის 28 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ დირექტორი დავით გრიგოლია, რომელსაც კომისიის სხდომაზე განემარტა კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის. დავით გრიგოლია კომისიის სხდომაზე დაეთანხმა ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხს.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ დირექტორმა დავით გრიგოლიამ. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 8,977.50 (რვა ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი და 50) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის - 449.00 (ოთხას ორმოცდარვა) ლარის საერთო ოდენობის - 9426,50 (ცხრა ათას ოთხასოცდაექვსი და 50) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებული ”448.00 (ოთხას ორმოცდარვა ლარი)” შეიცვალოს ”449.00 (ოთხას ორმოცდაცხრა ლარი)”-ით და შემდგომ, როგორც ტექსტშია;
2. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 9426,50 (ცხრა ათას ოთხასოცდაექვსი და 50) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 2827,95 (ორი ათას რვაასოცდაშვიდი და 95) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 900.00 (ცხრაასი) ლარი ანუ 1927,95 (ერთი ათას ცხრაასოცდაშვიდი და 95) ლარის გადახდა 2013 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300343402;
4. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 6598,55 (ექვსი ათას ხუთასოთხმოცდათვრამეტი და 55) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
6. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
11. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა) ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში“–სთვის ჩაბარებისთანავე;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 და მე-6 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
