შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 26 აგვისტოს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4750-13) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ მის მიერ კომისიაში 2013 წლის 19 აგვისტოს წარმოდგენილი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
შპს „მაგთიკომის“ 2013 წლის 26 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N6/4750-13) განცხადების თანახმად, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის N462/23 გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომპანიამ 2013 წლის 19 აგვისტოს წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა კომპანიის აქტივების, პასივების, განცხადებული და განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობის თაობაზე. აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასახულია ინფორმაცია საწარმოს აქტივების, ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების, მოგებისა და ზარალის, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის, აგრეთვე სააღრიცხვო პოლიტიკისა და სხვა დამატებითი მაჩვენებლების შესახებ. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მათი კომპანიის კონკურენტუნარიანობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.
კომისიამ 2013 წლის 4 სექტემბერს წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის N01/1888-13) მიმართა შპს „მაგთიკომს“ და მოსთხოვა დაზუსტება, კომპანიის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს წარმოდგენილი ინფორმაციიდან, კონკრეტულად რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ეხებოდა მოთხოვნა და ამავე დროს შპს „მაგთიკომს“ მოეთხოვა შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, რათა კომისიას ჰქონოდა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.
2013 წლის 12 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის N6/4971-13) საპასუხო წერილის თანახმად, კომპანიამ წარმოადგინა მონაცემების ჩამონათვალი, რომელიც შპს „მაგთიკომის“ აზრით ცნობილ უნდა იქნას კონფიდენციალურად; კერძოდ, მათ მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია კომპანიის შემოსავლების, გასავლების, აქტივების, პასივების შესახებ, ასევე ასახულია ფულადი ნაკადების მოძრაობა და ყოველივე აღნიშნული გამოსახულია კონკრეტულ ციფრებში, თანხებში. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული თანხები წარმოადგენს კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას და მისი გასაჯაროებით შესაძლოა ზიანი მიადგეს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. კერძოდ, მათ პირდაპირ და არაპირდაპირ კონკურენტებს მიეცემათ საშუალება მათი ფინანსური მონაცემებისა და შედეგების გამოყენებით გამოიკვლიონ, შეისწავლონ და განსაზღვრონ შპს „მაგთიკომის“, როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები და შესაბამისად დაგეგმონ თავიანთი სტრატეგია, მარკეტინგული გეგმა ისე, რომ შეასუსტონ შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს კონფიდენციალურად იქნას ცნობილი მათ მიერ წარმოდგენილ მასალებში მოცემული თანხები.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 27 სექტემბერის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 17 სექტემბრის (N10/1159-13) სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს ისეთ მონაცემებს, რომელთა კონფიდენციალურად ცნობა დაუშვებელია. ასეთი მონაცემების მაგალითს წარმოადგენს ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ, რაც კომისიის მიერ ქვეყნდება წლიურ ანგარიშში და მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 18 სექტემბრის (N10/1171-13) სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტში შპს „მაგთიკომის“ მიერ ორჯერ არის წარმოდგენილი იგივე სახის ინფორმაცია (26.07.2013 N13/137/1; 05.08.2013 N13/143-8); კერძოდ, კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს: აუდიტორთა დასკვნას, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას, სრული შემოსავლის ანგარიშგებას, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების ანგარიშგებას და ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებს. შპს „მაგთიკომს“ ზემოაღნიშნული წერილებით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა არ მოუთხოვია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 19 სექტემბრის (N10/1184-13) სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მოწოდებული ინფორმაციის ღიაობა არ არის დადგენილი კანონით, უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ2 ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავი განსაზღვრავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარგენის შესახებ, ხოლო 117-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ უნდა იქნას განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე; დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში; იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი დოკუმენტების ასლები.
2013 წლის 27 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა წინადადებით მიმართა კომისიას შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
კომისიამ, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ზემოაღნიშნული გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ 2013 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/4562-13) განცხადება და მასზე თანდართული 2012 წლის კომპანიის ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და გამომდინარე აქედან, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წერილში წარმოდგენილი ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ცნოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 116-ე და 117-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ2 ქვეპუნქტის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ 2013 წლის 26 აგვისტოს განცხადება (N6/4750-13) კომისიისთვის 2013 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის № 6/4562-13) წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;
2. შპს „მაგთიკომის“ 2013 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/4562-13) წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „მაგთიკომმა“ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 15 დღის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
