წვდომის მენიუ

შპს ,,სტუდია ტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 589 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013

მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2013

 

შპს ,,სტუდია ტივისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

                ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

   კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, 2013 წლის 09 სექტემბერს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 06 სექტემბრის  №10/1106-13 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,სტუდია ტივის“ წერილი N 24-13 02.09.2013 (კომისიაში რეგისტრაციის N6/4815-13 04.09.2013), რომლის თანახმადაც კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, შპს „სტუდია ტივის“ 100% წილის მფლობელი გოჩა სირაძის ნაცვლად გახდა თემურ გაფრინდაშვილი. 

  კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 06 სექტემბრის  №10/1106-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 09 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტუდია ტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 13 სექტემბერს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სტუდია ტივის“ ეცნობა შეტყობინებით (040005020405 გზავნილის კოდი; 12.09.2013), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

    კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 13 სექტემბერს კომისიის ორი წევრი (სოფიო ბრიტანჩუკი და კარლო კვიტაიშვილი) შვებულებაში იმყოფებოდნენ, რის გამოც კომისიის სხდომა 2013 წლის 23 სექტემბერს გადაინიშნა. 2013 წლის 23 სექტემბერს კომისიის სხდომაზე   შპს „სტუდია ტივის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა 2013 წლის 27 სექტებრამდე გადაიდო,  ხოლო აღნიშნულის შესახებ შპს „სტუდია ტივის“ განმეორებით ეცნობა შეტყობინებით (040005022188 გზავნილის კოდი), რომელიც შპს „სტუდია ტივის“ 2013 წლის 24 სექტემბერს ჩაბარდა, რაც კომპანიის დირექტორის ხელმოწერით დასტურდება.

კომისიის 2013 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სტუდია ტივის“ დირექტორი - ზურაბ ტაბატაძე, რომელმაც განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ როგორც ავტორიზებული პირი ცდილობდა გაეთვალისწინებინა კანონის ყველა მოთხოვნა, მას გამორჩა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტში ასახული ავტორიზებული პირის ვალდებულება,  წინასწარ ეცნობებინა კომისიისათვის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ.                                                                                                      კომისიის სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული შპს „სტუდია ტივის“ მიერ განხორციელებული აქტივობები, რის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

-          2013 წლის 02 სექტემბერს შპს „სტუდია ტივიმ“ N24-13 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4815-13 04.09.2013) აცნობა კომისიას სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომელსაც დართული ჰქონდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიულად 2013 წლის 31 აგვისტოს;

-          მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში   აღნიშნული ცვლილება დარეგისტრირდა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ვებგვერდზე განთავსდა 2013 წლის 6 სექტემბერს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ,,სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრაცია გაუქმებულად, ხოლო რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე". 

-          2013 წლის 16 სექტემბერს N25-13 წერილით  შპს „სტუდია ტივიმ“ კომისიაში წარმოადგინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული სრული დოკუმენტაცია. 

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.09.2013; №10/1106-13) თანდართული შპს „სტუდია ტივის“ 2013 წლის 06 სექტემბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

2.    შპს ,,სტუდია ტივის“ 2013 წლის 02 სექტემბრის N24-13 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის 04.09.2013; №6/4815-13) თანდართული ნოტარიულად დამოწმებული  წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით  2013 წლის 31 აგვისტოს;

3.    შპს „სტუდია ტივის“ 2013 წლის 16 სექტემბრის N25-13 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის  N6/5078-13);

4.    შპს „სტუდია ტივის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

5.    შპს ,,სტუდია ტივის“ დირექტორის, ბატონ ზურაბ ტაბატაძის  მიერ კომისიის 2013 წლის 27 სექტემბრის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

                ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.             შპს ,,სტუდია ტივი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 01.02.2010. ავტორიზებული საქმიანობის  სახეები: საკაბელო ადგილობრივი დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა და ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2.             შპს „სტუდია ტივი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.             შპს „სტუდია ტივის“ არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;

4.             შპს „სტუდია ტივის“ 100%  წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა გოჩა სირაძემ 2013 წლის 31 აგვისტოს  ფიზიკურ პირ თემურ გაფრინდაშვილთან გააფორმა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და დაამოწმა ნოტარიულად;

5.             შპს „სტუდია ტივიმ“ 2013 წლის 02 სექტემბრის წერილი N24-13, რომელსაც თან ერთვოდა  წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიულად 2013 წლის 31 აგვისტოს,  წარმოადგინა კომისიაში 2013 წლის 04 სექტემბერს გასაცნობად და არა წინასწარი თანხმობის მისაღებად;

6.             2013 წლის 6 სექტემბერს შპს „სტუდია ტივიმ“ წილის ნასყიდობა დაარეგისტრირა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში;

7.             2013 წლის 16 სექტემბერს შპს „სტუდია ტივიმ“ წარმოადგინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა წილის გასხვისება ამ მომენტისათვის უკვე განხორციელებული და სათანადო წესით რეგისტრირებული ჰქონდა;

8.             შპს  ,,სტუდია ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

         ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

                „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

   ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სტუდია ტივის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი.

    გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,სტუდია ტივის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს  ,,სტუდია ტივის“  მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს N25-13 წერილით წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე,  98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 26-ე და  43-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით (ორი ხმა ერთის წინააღმდეგ; კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა მხარი არ დაუჭირა  გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ იგი მომხრეა მიიღონ შუალედური გადაწყვეტილება და დაელოდონ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის დასკვნას; იმ შემთხვევაში, თუ  შპს „სტუდია ტივის“ მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდება, რომ ეს ტრანზაქცია არ მოახდენდს გავლენას  შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და შპს „სტუდია ტივის“ ამ ინფორმაციის წინასწარ წარმოდგენის შემთხვევაში მიეცემოდა  თანხმობა წილის გასხვისებაზე, შპს „სტუდია ტივის“ მიმართ სანქცირება შეწყვეტილიყო)

გადაწყვიტა:

1.    შპს ,,სტუდია ტივის“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2.       დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სტუდია ტივისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა:

3.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ამირიძე)  შპს ,,სტუდია ტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სტუდია ტივისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.       გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სტუდია ტივისათვის“   ჩაბარების დღიდან;

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 პუნქტის გარდა) დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                აკაკი სიხარულიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები