”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2013
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2013
”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები: მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი; ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი. ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.
კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ აგვისტომდე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 ივლისის № 474/19 გადაწყვეტილებით, შევიდა ცვლილება “საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 1 ნოემბრამდე.
კომისია მიუთითებს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, კომისია ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიან რეგულაციებს;
2. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის N199/9 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისადაც დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები, კერძოდ:
ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 31 ოქტომბერს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
