საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის № 624/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზიის გაუქმებისა შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2013
მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის № 624/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზიის გაუქმებისა შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის 2013 წლის 7 აგვისტოს № 10/968-13 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 2013 წლის 22 ივლისის წერილის (№04/1550-13) პასუხად, 2013 წლის 6 აგვისტოს კომისიაში შემოსულია შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ წერილი (№13/1218; 2.08.13.; კომისიაში რეგისტაციის თარიღი: 6.08.13; №6/4263-13), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,მეცხრე არხი ინფო“ არ ახორციელებს მაუწყებლობას 2012 წლის 7 დეკემბრის 19:00 საათიდან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს მიაჩნია, რომ შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი - ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს შპს „მეცხრე არხი ინფოს“ 2013 წლის 2 აგვისტოს №13/1218 და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №04/1550-13 წერილები.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 13 სექტემბრის № 568/23 გადაწყვეტილებით კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზიის გაუქმების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2013 წლის 11 ოქტომბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2013 წლის 13 სექტემბრის №568/23 გადაწყვეტილება საჯარო გაცნობითვის გამოქვეყნდა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რითაც ყველას მიეცა საშუალება, მათ შორის შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“, კომისიაში წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრება შპს ,,მეცხრე არხ ინფოსთვის“ კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე, კომისიის 2013 წლის 13 სექტემბრის №568/23 გადაწყვეტილება დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“, რომელიც მას ჩაბარდა 2013 წლის 27 სექტემბერს საწარმოს ფაქტობრივ მისამართზე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 39ა, შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა 2013 წლის 11 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე.
2013 წლის 11 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძისა და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მ.ქადეიშვილის მიერ მიცემული განმარტებებით, შპს ,,მეცხრე არხ ინფოსთვის“ ცნობილი იყო კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღის თაობაზე. მეტიც, შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ წარმომადგენლები მათთან პირად საუბრებში ითხოვდნენ შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიის გაუქმებას, ვინაიდან შპს ,,მეცხრე არხი ინფო“ არ ახორციელებდა მაუწყებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ ის უფლებამოსილი იყო გაემართა ზეპირი მოსმენა შპს ,,მეცხრე არხ ინფოსთვის“ კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მის მიერ სრულად იყო შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 116-ე მუხლითა და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2013 წლის 11 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის 2013 წლის 7 აგვისტოს №10/968-13 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ წერილი (№13/1218; 2.08.13.; კომისიაში რეგისტაციის თარიღი: 6.08.13; №6/4263-13);
3. კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №04/1550-13 წერილი;
4. კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის № 624/1 გადაწყვეტილება;
5. კომისიის 2013 წლის 13 სექტემბრის № 568/23 გადაწყვეტილება;
6. კომისიის 2013 წლის 13 სექტემბრის № 568/23 გადაწყვეტილების შპს ,,მეცხრე არხ ინფოსთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძისა და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მ.ქადეიშვილის მიერ 2013 წლის 11 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მიცემული განმარტებები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“ კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის №624/1 გადაწყვეტილებით მიეცა კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 28 სექტემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვრა 24 საათი.
კომისიის ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“ დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 6 თვის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
რ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
2. კომისიის 2013 წლის 22 ივლისის წერილის (№04/1550-13) პასუხად, 2013 წლის 6 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ წერილი (№13/1218; 2.08.13.; კომისიაში რეგისტაციის თარიღი: 6.08.13; №6/4263-13), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,მეცხრე არხი ინფო“ არ ახორციელებს მაუწყებლობას 2012 წლის 7 დეკემბრის 19:00 საათიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.
2013 წლის 11 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“ კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით გამართული ზეპირი მოსმენის შემდეგ, ვინაიდან კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამასთან შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“ კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით კომისიაში წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა 2013 წლის 11 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გადაწყვეტილება მიეღო 2013 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის კომისიის სხდომაზე გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, მათ შორის თავად შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილით (№13/1218; 2.08.13.; კომისიაში რეგისტაციის თარიღი: 6.08.13; №6/4263-13) უტყუარად დასტურდება შპს ,,მეცხრე არხ ინფოს“ მიერ მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის №624/1 გადაწყვეტილება ,,შპს ,,მეცხრე არხი ინფოსთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ და უნდა გაუქმდეს შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის № 624/1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს ,,მეცხრე არხი ინფოს“ კერძო მაუწყებლობის № B130 ლიცენზია;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მეცხრე არხი ინფოსთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მეცხრე არხი ინფოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
