წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მზისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 206119387) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 638 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2013

 

შპს   „ტელეკომპანია  მზისათვის“  (საიდენტიფიკაციო კოდი: 206119387) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

    ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

   კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი (16.10.2013; №10/1349-13), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მზეს“  2013 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით გააჩნია დავალიანებები, კერძოდ: სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მის კუთვნილ №B15 მაუწყებლობის ლიცენზიაზე, რომელიც მთლიანობაში შეადგენს – 28,231.00 ლარს და  კომისიის მიმართ, რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, რომელიც მთლიანობაში შეადგენს - 1,098.89 ლარს.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 16 ოქტომბრის №10/1349-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია მზის“ სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 25 ოქტომბერს 16.00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელეკომპანია მზეს“ ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით (22.10.2013; №03/2270-13) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრის, კომისიის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ,,ტელეკომპანია მზის“ არაუფლებამოსილი წარმომადგენლები - კომპანიის დამფუძნებელი (90% წილის მფლობელი და დანარჩენი 10%-ის მმართველი) ბატონი ზ. ამირიძე და  კომპანიის იურისტი ლ. თოთლაძე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ  შპს ტელეკმოპანია „მზის“ დავალიანების წარმოშობის პერიოდში დამფუძნებელბი იყვნენ სხვა პირები, რომლებსაც დიდი ფინანსური პრობლებები ჰქონდათ, სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხერხდებოდა სალიცენზიო გადასახდელის გადახდა. მას შემდეგ, რაც მოხდა დამფუძნებლების ცვლილება სალიცენზიო გადასახდელი ყოველთვიურად ირიცხებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო რეგულირების ყოველწლიური საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა გამორჩათ; თუმცა, დღეის მდგომარეობით ყველა დავალიანება დაფარულია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო გადასახდელი  ორი თვის წინსწრებით, ასევე, მეტობით არის ჩარიცხული რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე, რასაც შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი  საგადასახადო დავალებები ადასტურებს (N1-02-39;  N1-02-40 25.10.2013).        

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 16 ოქტომბრის №10/1349-13 სამსახურებრივი ბარათი;

2.       შპს ,,ტელეკომპანია მზის“ კუთვნილი №B15 მაუწყებლობის ლიცენზიის პირობები;

3.       შპს ,,ტელეკომპანია მზისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (22.10.2013; №03/2270-13) და ამ შეტყობინების შპს ,,ტელეკომპანია მზისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.       კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეკომპანია მზის“ შესახებ მონაცემები;

5.       მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები შპს ,,ტელეკომპანია მზის“ შესახებ;

6.       კომისიაში დაცული მონაცემები სალიცენზიო გადასახდელების საქრთველოს ცენტრალურ  ბიუჯეტში ჩარიცხვების შესახებ (2013 წლის 14 იანვრიდან - 2013 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით), საიდანაც ირკვევა რომ, შპს „ტელეკომპანია მზეს“ 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო გადასახდელის გადახდა კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის N745/6 გადაწყვეტილების და NB15 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად; შპს „ტელეკომპანია მზემ“ მხოლოდ სამჯერ განახორციელა გადახდა: 2013 წლის 14 იანვარს, 2013 წლის 15 აგვისტოს და 2013 წლის 20 სექტემბერს;

7.       კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის N745/6 გადაწყვეტილება;

8.       შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებები  (N1-02-39 25.10.2013; N1-02-40 25.10.2013);

9.       შპს ,,ტელეკომპანია მზის” წარმომადგენლის მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

  ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1.     შპს „ტელეკომპანია მზე“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის №B 15 ლიცენზიის მფლობელს (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა);

2.        შპს ,,ტელეკომპანია მზე“, როგორც მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები და სალიცენზიო პირობები;

3.        ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4.     შპს ,,ტელეკომპანია მზეს“ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის -  28.231.00 ლარის გადახდის ვალდებულება განესაზღვრა კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებით და №B15 ლიცენზიის №3 დანართით. აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და დანართში მოცემულია სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვადები. შესაბამისად, შპს ,,ტელეკომპანია მზე“  მასზე დაკისრებული ვალდებულების - სალიცნეზიო პირობის თაობაზე  ინფორმაციას ფლობდა მისთვის გაცემული №B15 სამაუწყებლო ლიცენზიის N3 დანართიდან, ასევე კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის N745/6 გადაწყვეტილებიდან;

5.    ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე;

6.    ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

7.       შპს „ტელეკომპანია მზეს“  კომისიაში 2013 წლის 18 იანვრის შემდეგ არ ჩაურიცხია  რეგულირების  საფასური, რითაც დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე-5 პუნქტი და ასევე, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი;

8.    შპს „ტელეკომპანია მზეს“ 2013 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიის მიმართ გააჩნდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, რომელიც მთლიანობაში შეადგენდა - 1,098.89 ლარს, ხოლო სანქცირების თაობაზე ამ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ (2013 წლის 21 ოქტომბრის შემდგომ), რეგულირების ყოველწყლიური საფასურის დავალიანება შეადგენდა - 1,297.74 ლარს;

9.    შპს „ტელეკომპანია მზემ“ 2013 წლის 25 ოქტომბერს სრულად დაფარა დავალიანებები, კერძოდ შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული იქნა სალიცენზიო გადასახადის მთლიანი ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 36,300.00 ლარი  და კომისიის მიმართ, რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება - 1,297.74 ლარი;

10.  კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;

11.    კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია მზის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე;    

        ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, 71–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების,  ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების  მე-6 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილების მე–5 პუნქტის და №B15 ლიცენზიის №3 დანართის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, (კომისიის წევრმა სოფიო ბრიტანჩუკმა მონაწილეობა არ მიიღო საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო საკითხის განხილვაში და კენჭისყრაში მონაწილე სამი წევრიდან  კომისიის წევრმა ი. მოსეშვილმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა),  ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1.        მიეცეს შპს ,,ტელეკომპანია მზეს“  წერილობითი გაფრთხილება, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის  №745/6 გადაწყვეტილების მე–5 პუნქტის და №B15 სამაუწყებლო ლიცენზიის №3 დანართით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო;

2.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია მზისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,ტელეკომპანია მზის“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4.       გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია მზისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,ტელეკომპანია მზისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                     კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                   ირაკლი მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები