შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2013
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2013
შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/381-13, 13.09.2013წ.) მიმართა შპს ”რადიო საქართველომ” კუთვნილი მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო საქართველო” ფლობს მაუწყებლობის №B66 ლიცენზიას 2013 წლის 1 ნოემბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო საქართველოს” მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიების სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 27 სექტემბრის №587/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მისი მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”რადიო საქართველოს” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/6235-13, 25.10.13).
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”რადიო საქართველოს” მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10,692.00 ლარი.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბერის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო საქართველოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა; მან ასევე დააზუსტა რომ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 12 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B66 ლიცენზიას 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე, მოდიფიცირდეს აღნიშნული ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი.
3. შპს ”რადიო საქართველო” ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
4. შპს ”რადიო საქართველოს” კერძო მაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს.
5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
891.00 ლარი – 2013 წლის 28 ნოემბრამდე;
891.00 ლარი – 2013 წლის 28 დეკემბრამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 იანვრამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 თებერვლამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 მარტამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 აპრილამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 მაისამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 ივნისამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 ივლისამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 აგვისტომდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 სექტემბრამდე;
891.00 ლარი – 2014 წლის 28 ოქტომბრამდე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო საქართველოსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მისი დამოწმებული ასლის შპს ”რადიო საქართველოსთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე-3 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
