წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 642 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2013

 

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები: მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი; ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი. ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

   კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ აგვისტომდე.

კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №474/19 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ ნოემბრამდე. ამასთან, კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №474/19 გადაწყვეტილებით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის  და სამართლებრივ დეპარტამენტებს დაევალათ მოემზადებინათ დაინტერესებულ პირთა და საკუთარი მოსაზრებების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით  საკითხის საკანონმდებლო რეგულაციის თაობაზე წერილის პროექტი.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №474/19 გადაწყვეტილების თანახმად, მომზადდა და საქართველოს პარლამენტს  გაეგზავნა  საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით  საკითხის საკანონმდებლო რეგულაციის თაობაზე წერილი №08/2098-13.  07.10.2013.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით ეფექტურ რეგულაციასთან დღეისათვის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, კომისიას ერთობლივი წერილით მიმართეს სს “გლობალ ერთმა“, შპს “მაიფონმა“, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“, შპს “სმარტლაინმა“ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/5820-13 15.10.2013). წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ადგილი აქვს საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინციის ზღვრული ტარიფების შემცირებას, ეს არ უნდა გახდეს დადგენილი ზღვრული ტარიფების გაუქმების საფუძველი, არამედ კომისიისა და ოპერატორების ერთობლივი ძალისხმევით უნდა განისაზღვროს ისეთი მოდელი, რაც საქართველოში საერთაშორისო ტრაფიკების გენერირების პროცესს გახდის გამჭირვალეს და შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ბაზრის ყველა მონაწილის მხრიდან ზღვრული ტარიფების დაცვა. ამასთან ერთად, წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან მეზობელ ქვეყნებში ადგილი აქვს საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ფასების მკვეთრ მატებას, სასურველია საქართველოში ზარის დასრულება განისაზღვროს: მობილურ ქსელებში 0,15 აშშ დოლარი - ერთი წუთი, ხოლო ფიქსირებულ ქსელებში 0,08 აშშ დოლარი - ერთი წუთი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერატორები ითხოვენ კომისიისა და ავტორიზებული პირების ერთობლივი ძალისხმევით არსებული პრობლემების გადაჭრას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ასევე ერთობლივი წერილით მიმართეს შპს “მაგთიკომმა“, შპს “მობიტელმა“ და სს “სილქნეტმა“ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/6343-13 31.10.2013). წერილში აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობით:

ა) ქსელის მფლობელ ოპერატორებს კვლავ უარყოფითი ფინანსური ბალანსი აქვთ რიგი ქვეყნების მიმართ;

ბ) ბაზარზე არსებული საერთაშორისო ზარების ტერმინციაზე მოქმედი ტარიფები გაცილებით ნაკლებია აღნიშნულ მომსახურებაზე კომისიის გადაწყვეტილებით დაწესებული ქვედა ზღვრული ტარიფებისა;

გ) ქვეყნიდან გაედინება სავალუტო სახსრები;

დ) არ არსებობს მკაცრად გაწერილი კონტროლის მექანიზმები, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი რყევები კომპანიებს შორის არსებულ ბიზნეს ურთიერთობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერატორები თვლიან, რომ აუცილებელია კომისიის არსებულ გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ხარვეზებს; კერძოდ, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დადგენილი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები უნდა დადგინდეს ავტორიზებული პირის ქსელში, რისთვისაც საჭიროა გადაწყვეტილებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში (მათ შორის ზარის ტრანზიტული ოპერატორის საშუალებით დასრულების შემთხვევაში) ქსელის მფლობელი ოპერატორისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება 0,10 აშშ დოლარი - 1 წუთი; ამავე დროს კომისიამ უნდა დაავალდებულოს ქსელის მფლობელი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები, რომ მათ მიერ საერთაშორისო ბაზარზე შეთავაზებული ზარის ტერმინციის ტარიფი იქნება მობილურ ქსელში 0,15 აშშ დოლარი - ერთი წუთი; ფიქსირებულ ქსელში 0,075 აშშ დოლარი - ერთი წუთი;

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში (მათ შორის ზარის ტრანზიტული ოპერატორის საშუალებით დასრულების შემთხვევაში) ქსელის მფლობელი ოპერატორისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება 0,05 აშშ დოლარი - 1 წუთი.

ამასთან ერთად, წერილში აღნიშნულია, რომ ქსელის არ მქონე ავტორიზებული პირებისათვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, საჭიროა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ამ კონკრეტულ ბაზარზე მუშაობის სპეციფიკას და შეიმუშავებს შესაბამის პროექტს.  

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “პ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, კომისია უფლებამოსილია, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციები.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი რეგულაციის დადგენა უნდა მოხდარიყო კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად,  კომისიის მიერ 2013 წლის 03 ოქტომბერს მიღებულ იქნა №592/23 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2013 წლის 31 ოქტომბერს  16:00 საათზე.

ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ: ვ.აბაშიძე - სს ”სილქნეტის” ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; ზ.გორგაძე - შპს ”მობიტელის” ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; დ.ძიძიგური - შპს ”მაგთიკომის” იურისტი; ნ.კახიძე – შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე; გ.კოშორიძე - შპს “მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე; გ. მაჩიტიძე - სს “გლობალ ერთის“ დირექტორი; გ. არღანაშვილი - სს “გლობალ ერთის“ დირექტორის მოადგილე; რ.გოგინავა - სს ”გლობალ ერთის” იურისტი; გ. ხანჯალაძე - შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” დირექტორი; მაია გოხაძე - შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი; თ.ხარაზიშვილი – შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი; ლ. გიორგაძე - შპს “ჯეოსელის“ იურისტი; გ.ყურულაშვილი – შპს “სმარტლაინის“ დამფუძნებელი; ლ.ჯავახიშვილი – შპს “სმარტლაინის“ მენეჯერი; ქ. ჩლაიძე - შპს ”მაიფონის” გენერალური დირექტორი; გ. მელიქიძე – შპს ”მაიფონის” ფინანსური დირექტორი; მ. გოთოშია - შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის” წარმომადგენელი; ვაჟა ფცქიალაძე - შპს “ლაგის“ წარმომადგენელი; ხ. ინჯია - შპს “ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე; ნ. შარაშენიძე - შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.   

    ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ (მ.კანკავა)  წარმოდგენილ იქნა საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ზოგადი სურათი, რაც ჩამოყალიბდა  კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი დროებითი ეფექტური რეგულირების შემდეგ, კერძოდ, ინფორმაციის სახით წარმოდგენილი იქნა შემომავალი და გამავალი საერთაშორისო ტრაფიკების სტატისტიკა, ავტორიზებულ პირთა მიერ საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტრაფიკების მომსახურების ხვედრითი წილები, საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტრაფიკების დინამიკა ოპერატორების ჭრილში.

ავტორიზებულმა პირებმა გამოთქვეს გარკვეული მოსაზრებები შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, კერძოდ:

შპს “მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ნ. კახიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საერთაშორისო ტრაფიკის ტერმინაციაზე დღეისათვის დადგენილი ტარიფები (10 ცენტი მობილურ ქსელში და 5 ცენტი ფიქსირებულ ქსელში) უნდა დაწესდეს ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში და არა ე.წ. „საზღვარზე“. ხოლო “საზღვარზე“ დადგინდეს 15 ცენტი მობილურ ქსელებში და 7,5 ცენტი ფიქსირებულ ქსელებში. კომისიამ უნდა დაავალდებულოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები, რომ საერთაშორისო ბაზარზე ტრაფიკები გაყიდონ შესაბამისად, არანაკლებ 15 და 7,5 აშშ ცენტად. ამასთან ერთად, შპს “მაგთიკომის“ წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაადგენს ახალ რეალობას ტრანზიტული ოპერატორების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შესაქმნელად და შესაბამისად შეიმუშავებს რეკომენდაციებს კომისიისათვის წარსადგენად, ახალი  რეგულაციის დადგენის მიზნით.

შპს “გუდვილკომის“ წარმომადგენელმა მ. გოთოშიამ აღნიშნა, რომ ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირებს  უნდა დაუდგინდეთ ურთიერთჩართვის ტარიფზე მეტი ტარიფი მათ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებისათვის. ამავე დროს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირები ვალდებულნი უნდა იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე ტრაფიკი გაყიდონ პირობითად, მინიმუმ 8 ცენტად - ტერმინაცია ფიქსირებულ ქსელებში და 15 ცენტად - ტერმინაცია მობილურ ქსელებში. ამავე დროს უნდა დაწესდეს კვოტები ტრანზიტორი ოპერატორებისათვის ტრაფიკების ოდენობიდან გამომდინარე; უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონტროლის მექანიზმებს და მოამზადებს წინანადებებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

სს “გლობალ ერთის“ წარმომადგენელმა გ. მაჩიტიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში ტერმინაციის რეალური ფასები ბევრად ნაკლებია კომისიის მიერ დადგენილ ქვედა ზღვრულ ტარიფებზე, სასურველია ქვედა ზღვარი გაიზარდოს ფიქსირებულ ქსელში 8 ცენტამდე, ხოლო მობილურ ქსელებში 15 ცენტამდე, ხოლო უშუალოდ ქსელის ოპერატორებისათვის დადგინდეს ის ტარიფები, რაც დღეს მოქმედებს ე.წ. “საზღვარზე“. ამავე დროს საჭიროა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონტროლის მექანიზმებზე და ფინანსური და ტექნიკური პრობლემებს გადაწყვეტს. ამისათვის კომისიამ უნდა მოითხოვოს ინფორმაცია ავტორიზებული პირებისაგან თვეში ორჯერ და ამ მონაცემებზე დაკვირვება მოხდეს ყოველდღიურად. ასევე სასურველია ეს ინფორმაცია იყოს საჯარო და ყველა ავტორიზებული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი.

 შპს “ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს მხოლოდ ზარის ტერმინაციას და ტრანზიტულ მომსახურებას. აქედან გამომდინარე მართებული იქნება, თუ დადგენილი ზღვრული ტარიფები დაწესდება უშუალოდ ავტორიზებული პირის ქსელში ზარის დასრულებისათვის, ხოლო ტრანზიტული კომპანიები მიიღებენ შესაბამის ტრანზიტზე მომსახურების ანაზღაურებას, ანუ ტრანზიტული გატარების საფასურს. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად უნდა დაწესდეს სამი ტარიფი: ლოკალური ზარის ტერმინაციაზე, საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე და ტრანზიტულ გატარებაზე.

შპს “სილქნეტის“ წარმომადგენელმა ვ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ არსებული რეგულაცია უნდა გაგრძელდეს და არ შეიძლება მისი გაუქმება, ვინაიდან ეს პირველ რიგში მნიშვნელოვნად დააზარალებს ტრანზიტულ კომპანიებს და გამოიწვევს მათი ფუნქციონირების შეწყვეტას, მეორე მხრივ, ადგილი ექნება მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ უკუსვლას, რაც აისახება როგორც კომპანიებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზე. გარდა ამისა აღინიშნა, რომ ახალი რეგულაციის პირობებში, რასაც დღეს სთავაზობენ კომისიას ავტორიზებული პირები, ანუ ქსელში ზარის დასრულებაზე ორი ტარიფის  (ლოკალურის და საერთაშორისოს) შემოღებას, ფაქტიურად, ქსელის მფლობელი ოპერატორები უარს ამბობენ საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე. ისინი იქნებიან მხოლოდ ზარის მიმღებნი და ამ მომსახურებას განახორციელებენ მხოლოდ ტრანზიტული ოპერატორები.

შპს “ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე არსებულ რეგულაციას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს, კერძოდ შეუძლებელი ხდება ფინანსური და ტექნიკური კონტროლი, რისი გამოსწორებაც  შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ორი ტარიფის შემოღების შემდეგ, რაც დაარეგულირებს როგორც ფინანსურ მხარეს, ასევე ტექნიკურად ბევრად მეტი შესაძლებლობები გაუჩნდებათ ქსელის მფლობელ ოპერატორებს, რათა გააკონტროლონ ტრანზიტული ოპერატორისაგან შემოსული “ა“ ნომერი და მიიღონ კუთვნილი შემოსავალი.

კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებამ ავტორიზებული პირებისათვის შემოსავლების გაზრდის კუთხით დადებითი შედეგი გამოიღო, ამასთან ერთად გაიზარდა დადებითი ფინანსური ბალანსი უმეტეს საერთაშორისო ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას; ამავე დროს,  კომისია ითავისებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეფექტიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხარვეზიც გააჩნია, რაც ძირითადად დადგენილი ზღვრული ტარიფების ხელოვნურ შემცირებაში და კონტროლის მექანიზმების შესაძლებლობის არქონაში გამოიხატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 4 თვით, უცვლელი სახით. ამავე დროს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომისიისათვის მოამზადებს რეკომენდაციას საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დროებითი ეფექტური რეგულაციის შემუშავების თაობაზე. ამავე დროს იმ შემთხვევაში, თუ უფრო ეფექტური რეგულაციისათვის საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, ეს წინადადებები სამუშაო ჯგუფის მიერ წარედგინება კომისიას განსახილველად.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ზღვრული ტარიფები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 მარტამდე;”

3. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესწავლისა და უფრო ეფექტური რეგულაციის დადგენის შესაძლებლობის განხილვის მიზნით;

4. სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად დაინიშნოს კომისიის წევრი - ირაკლი მოსეშვილი;

5. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ ყველა დაინტერესებული ავტორიზებული პირის წარმომადგენელს;

6. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს, დაინტერესებული ავტორიზებული პირების მოწვევა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

7. სამუშაო ჯგუფი შეიქმნას ერთი თვის ვადით;

8. ეთხოვოს სამუშაო ჯგუფს, შეიმუშაოს რეკომენდაციები საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დროებითი უფრო ეფექტური რეგულაციის შემუშავების თაობაზე და ეს რეკომენდაციები წარუდგინოს კომისიას განსახილველად; უფრო ეფექტური რეგულაციისათვის საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში, წინადადებები  ასევე წარედგინოს განსახილველად კომისიას;

9. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე) და კომისიის წევრს ირაკლი მოსეშვილს.

კომისიის თავმჯდომარე                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები