შპს ტელეკომპანია „თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2013
შპს ტელეკომპანია „თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „თბილისმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/342-13, 20.08.2013), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელეკომპანია „თბილისი“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირება მნიშვნელოვნად გაზრდის ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლებს და უზრუნველყოფს ტელეპროდუქციის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „თბილისი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას, 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ. თბილისი).
დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №581/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 22 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელეკომპანია „თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელეკომპანია „თბილისის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 22 ოქტომბერს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ტელეკომპანია „თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. 2013 წლის 22 ოქტომბერს ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 8 სამუშაო დღე - 2013 წლის 1 ნოემბერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ 2013 წლის 1 ნოემბერს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ტელეკომპანია „თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
დ.ა) ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ. თბილისი).
დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „თბილისისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელეკომპანია „თბილისისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
