შპს „ტელეკომპანია მზის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2013
შპს „ტელეკომპანია მზის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 7 ოქტომბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/5672-13) მიმართა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვიმ” (საიდენტიფიკაციო კოდი: N404947475) და შპს „ტელეკომპანია მზემ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N206119387) შპს „ტელეკომპანია მზის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის” სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია მზე“ კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 28 ნოემბერი.
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
დ.ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;
დ.ბ) მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ კომისიაში, წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „ტელეკომპანია მზის“ დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ზაზა თანანაშვილი (პირადი ნომერი: 01011009127), კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე ზვიად ამირიძე (პირადი ნომერი: 01008015551), ხოლო 10%-იანი წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე გიორგი გეგეშიძე (პირადი ნომერი: 01025011313).
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი” კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №468/5 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 აპრილამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „ტელეკომპანია მზის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (10/1331-13, 15.10.13წ.) შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”, ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა;
ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი” ისევე როგორც მისი 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ბერა ივანიშვილი (პირადი ნომერი: 65002010838) კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის გარდა არ ფლობენ სხვა ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით ასევე არ დგინდება შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის” დირექტორის საქართველოს მოქალაქე ანრი კაპანაძის (პირადი ნომერი: 01025011756) აფილირება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა იურიდიულ პირებთან. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 1 ნოემბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია მზის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ლევან თოთლაძე და ზვიად ამირიძე, ასევე შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ ფარადაშვილი. სხდომაზე შპს „ტელეკომპანია მზის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ზვიად ამირიძემ დააზუსტა, რომ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზია შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაეცემა საკუთრებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტელეკომპანია მზის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „ტელეკომპანია მზეს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის გადაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს „ტელეკომპანია მზეს“ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოს შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის”, რომ შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ და შპს „ტელეკომპანია მზესთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი