შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2013
შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღამ” (კომისიაში რეგისტრაციის №6/5853-13, 16.10.2013), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად ნაცვლად 24 საათისა - 6 საათის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრა გამოწვეულია სარედაქციო პოლიტიკის რებრენდინგით და ასევე კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიას, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 107,4 მგჰც სიხშირეზე 750 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1401-13, 28.10.12წ.) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზია არ არის გაცემული კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ანუ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა არ ყოფილა საკონკურსო პირობა და შესაბამისად ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 29 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
