წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელისთვის“ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: 658 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების შესაბამისად,  შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელისთვის“ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 17 ივლისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N450/18 „შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისადაც, შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“, საკუთარი შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საბითუმო ფუნქციური ქვედანაყოფის მიერ, ამავე შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საცალო ფუნქციური ქვედანაყოფისთვის მიწოდებული სატელეფონო ხმოვანი ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით, დაეკისრათ ვალდებულება უზრუნველეყოთ  2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის (მათ შორის, ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და დატვირთული კაპიტალის განაწილების ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით) კომისიისთვის წარმოდგენა 2013 წლის 16 ოქტომბრამდე; ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა, რომ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესებს“ და დამოწმებული უნდა იყოს იმ აუდიტორის მიერ, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების მიხედვით;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მომართეს შპს „მაგთიკომმა“ (16.09.2013 N13/172-6), შპს „ჯეოსელმა“ (02.10.2013 N2/333-13) და შპს „მობიტელმა“ (02.10.2013 N592/13) და მოითხოვეს კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გაგარძელება, კერძოდ, შპს „მაგთიკომი“ და შპს „ჯეოსელი“ ითხოვენ აღნიშნული ვადის გაგრძელებს 9 თვემდე, ხოლო შპს „მობიტელი“ 3 თვემდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები და წარმოდგენილია კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (07.10.2013 10/1297-13) რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომს“  განცალკევებული ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენის  ვადის გაგრძელების  მოთხოვნასთან დაკავშირებით მოჰყავს შემდეგი  სამი მიზეზი (იგივე მიზეზები მოყვანილია აუდიტორული კომპანია „KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალის“ მიერ  შპს  „მაგთიკომისთვის“ გაგზავნილ წერილში):

1. კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აქტივის ღირებულება, რომელიც განაწილებულია საქმიანობის სახეებზე (დატვირთული კაპიტალი),  უნდა განისაზღვროს თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის პრინციპის შესაბამისად“.

აღნიშნულთან დაკავშირებით „KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალი“ წერილში აღნიშნავს, რომ აქტივების მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის  მეთოდის გამოყენება საჭიროებს დიდ დროს;  შპს „მაგთიკომი“ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარი მოკვლევით  კომპანიის საკუთრებაში არსებული  41380 გრძელვადიანი აქტივის შეფასებას ესაჭიროება 6-7 თვე. ხოლო თუ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში მომზადდება არა მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის პრინციპის საფუძველზე, არამედ ისტორიული ღირებულების პრინციპის შესაბამისად, მაშინ ეს პერიოდი აღარ იქნება საჭირო.  თუმცა, აუდიტორი („KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალი“) ვერ გასცემს უპირობო დასკვნას, სანამ კომისიის  2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებში”  არ შევა ცვლილება ისტორიული ღირებულებით აღრიცხვის პრინციპების გამოყენების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომი“ ითხოვს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის  წარმოდგენის ვადის 9 თვით გადავადებას.

კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ თუ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში მომზადდება აქტივების ისტორიული ღირებულების აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად, ამით  განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის   მიზანი და ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიცვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აუდიტორს მოცემულ შემთხვევაში შეუძლია გასცეს კომპანიის მიერ მომზადებულ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშზე არა უპირობო დასკვნა, არამედ გასცეს პირობითი მოსაზრება (მოდიფიცირებული დასკვნა). აუდიტორის დასკვნა შესაძლოა  იყოს შემდეგი შინაარსის, რომ გარდა აქტივების ისტორიული ღირებულებით აღრიცხვის გავლენისა განცალკევებულ აღრიცხვის ანგარიშგებაზე, სხვა დანარჩენი უტყუარად და სამართლიანად ასახავს კომპანიის მიერ მომზადებულ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშს. შესაბამისად, თუ კომისიის მიერ მოთხოვნილი არ იქნება განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადება თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის პრინციპის შესაბამისად, მაშინ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების  9 თვით გადავადების საკითხის განხილვა არ არის აქტუალური.

2. შპს „მაგთიკომი“  და კომპანიის აუდიტორი  „KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალის“ წერილებში აღნიშნავენ,  რომ რადგან შპს „მაგთიკომის“  2013 წლის 6 თვის ფინანსური ანგარიშგება არა არის აუდირებული, შესაბამისად აუდიტორმა კომპანიის მიერ  განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშზე მოსაზრების გამოსათქმელად უნდა ჩაატაროს აღნიშნული პერიოდის  აუდიტორული შემოწმება, რასაც „KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალის“ მოსაზრებით ესაჭიროება 1-2 თვე.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული  2013 წლის 6 თვის ფინანსური მონაცემები უნდა იყოს აუდირებული, შესაბამისად აღნიშნული მიზეზით განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის  წარმოდგენის ვადის 2 თვით გადავადება მიზანშეწონილია. 

3. შპს „მაგთიკომი“   და კომპანიის აუდიტორი,  „KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალი“, წერილებში აღნიშნავენ, რომ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი დააჩქარებს, როგორც კომპანიის მიერ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადებას, ასევე აუდიტორის მხრიდან მომზადებული ანგარიშის შემოწმებას. კერძოდ,  შპს „მაგთიკომი“   წერილში აღნიშნავს, რომ მათ მიერ მომზადებულ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული იქნება მხოლოდ შემოსავლები და ხარჯები საცალო და  საბითუმო მობილური ხმოვანი მომსახურებების მიხედვით, ხოლო სხვა დანარჩენი წარმოდგენილი იქნება ერთ ჯგუფში ბიზნეს მიმართულებების დეტალიზაციის გარეშე. 

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ მომზადებულ განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო მომსახურება ცალ-ცალკე, ხოლო ყველა  საცალო მომსახურება შეიძლება გაერთიანდეს ერთ ჯგუფში.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელმა“  2013 წლის 2 ოქტომბრის №592/13  წერილით  მოითხოვა კომისიის  2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით შპს „მობიტელისთვის“ დაკისრებული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენის  ვადის 3 თვით გაგრძელება. შპს „მობიტელს“  ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენის  ვადის 3 თვით გაგრძელების  მოთხოვნასთან დაკავშირებით მოჰყავს შემდეგი  მიზეზი: შპს „მობიტელმა“  აღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადებთან  დაკავშირებით მიმართა შპს „მობიტელის“  აუდიტორს  შპს „ერნსტ ენდ იანგს“, რაზეც შპს „მობიტელს“  აუდიტორისგან პასუხი  ჯერ კიდევ არ მიუღია. 

შპს „ჯეოსელმა“  2013 წლის 2 ოქტომბრის №2/333-13  წერილით  მოითხოვა კომისიის    2013 წლის 17 ივლისის N450/18 გაწყვეტილებით შპს „ჯეოსელისთვის“ დაკისრებული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენის  ვადის 9 თვით გადავადება. შპს „ჯეოსელს“ ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენის  ვადის 9 თვით გადავადების  მოთხოვნასთან დაკავშირებით მოჰყავს იგივე სამი მიზეზი, რომელიც აღნიშნულია შპს „მაგთიკომის“   2013 წლის  17 სექტემბრის N13/173-5 წერილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გაწყვეტილების მიღებიდან გასულია თითქმის 3 თვე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი 2013 წლის  7 ოქტომბრის N10/1297-13 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „ჯეოსელისთვის“ და შპს „მობიტელისთვის“  დაკისრებული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენის  ვადის 2 თვით გადავადება საკმარისი უნდა იყოს, როგორც კომპანიების მიერ ანგარიშის მოსამზადებლად, ასევე აუდიტორისთვის მომზადებული ანგარიშის შესამოწმებლად. 

ამავე დროს, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს ასევე შესაძლებლად მიაჩნია:

ა) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის მომზადება აქტივების (დატვირთული კაპიტალი) ისტორიული ღირებულების გამოყენების   შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ბ) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“   მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულ ანგარიშში  ყველა საბითუმო მომსახურების ცალ-ცალკე დეტალიზება, ხოლო ყველა  საცალო მომსახურების გაერთიანება ერთ ჯგუფში. 

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2013 წლის 25 ოქტომბერს 16:00 საათზე, კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლები, შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი არ გამოცხადებულა კომისიის სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 2013 წლის 18 ოქტომბერს გაეგზავნა შეტყობინება, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2013 წლის 22 ოქტომბერს (გზავნილის კოდი 040006065068).

კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილებში დაფიქსირებულ მოთხოვნას ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა უშუალოდ არის დაკავშირებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელისთვის“ აუდიტორული დასკვნის მომზადებასთან. აღნიშნული კი უპირველეს ყოვლისა მოითხოვს აუდიტორულ კომპანიებთან შესაბამის ხელშეკრულებების გაფორმებას და მათთვის ზუსტად განსაზღვრული დავალების მიცემას.  როგორც შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ ჰქონდათ წინასწარი მოსამზადებელი შეხვედრები საერთაშორისო აუდიტორ კომპანიებთან, კერძოდ, შპს „მაგთიკომს“ „KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალის წარმომადგენლებთან, ხოლო შპს „ჯეოსელს“ საერთაშორისო აუდიტორ კომპანია „PWC”-თან და აღნიშნული მოსამზადებელი შეხვედრების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ  აუდიტორებს სამუშაოების შესასრულებლად ესაჭიროებათ დამატებითი ვადა, კერძოდ, როგორც შპს „ჯეოსელის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით მოთხოვნილია 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, რაც გულისხმობს აქტივის ღირებულების განსაზღვრას თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის პრინციპის შესაბამისად, კომპანიებს აღნიშნული ინფორმაციის იმ სახით წარმოსადგენად, ესაჭიროებათ 9 თვიანი ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ გაზიარებულ იქნება შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ არგუმენტაცია, და კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის მომზადება განხორციელდეს აქტივების (დატვირთული კაპიტალი) ისტორიული ღირებულების გამოყენების   შესაძლებლობის გათვალისწინებით და ამავე დროს, შემუშავებული იქნება მოდელი, რომელიც შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“ მთლიანი ხარჯების და დანახარჯების მხოლოდ იმ ნაწილს განაცალკევებს, რომელიც უშუალოდ მიეკუთვნება სატელეფონო ხმოვან მომსახურებას, კომპანიებს შესაძლებლად მიაჩნიათ აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2014 წლის 1 მაისისა (აღნიშნული თარიღი დააზუსტეს შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე).

კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა ასევე კომისიის წინაშე დააყენეს შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოუსმინოს თავად აუდიტორი კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავად წარმოადგენენ არგუმენტაციას მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესრულების მიზნით საკმარის ვადასთან დაკავშირებით.

კომისიის სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიებს, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ისედაც დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შესაბამისად, კომპანიებს ეს ვალდებულება უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეთ და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელის აზრით ბუნებრივია იბადება კითხვა, ხომ არ ემსახურება შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ ინფორმაციის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების მოთხოვნა პროცესის გაჭიანურებას.

შპს “კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა ურთიერთჩართვის ტარიფის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისად, როდესაც კომისია მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განმახორციელებელი ავტორიზებული პირებისგან მიიღებს ინფორმაციას და დოკუმენტაციას ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების მიზნით, კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ იქნება დამოწმებული აუდიტორის მიერ, შესაბამისად, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების მიზნით არ არის აუცილებელი კომპანიებისგან აუდირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რატომ არის აუცილებელი აუდიტორული დასკვნა  მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ ცვლილება შევიდეს კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ კომპანიების მიერ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციისთვის აღარ იყოს აუცილებელი  აუდიტორული კომპანიის დასკვნა და კომპანიებს კომისიაში ინფორმაციის წარმოსადგენად მიეცეთ ვადა 2013 წლის ბოლომდე.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად იმსჯელა როგორც შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობის, ასევე შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლების მიერ დაყენებული შუამდგომლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის:

1.  მე-2 ნაწილის ბ) პუნქტიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ შუამდგომლობა კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინაიდან კომპანიების მიერ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული, კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის უტყუარობის მიზნით და შესაბამისად, კომისიის მიერ საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ კომპანიების მიერ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაცია იყოს დამოწმებული სწორედ იმ საერთაშორისო აუდიტორის მიერ, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების მიხედვით;

2. მე-2 ნაწილის ა) პუნქტიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, თავად აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლების კომისიის სხდომაზე გამოცხადებისა და შესაბამისი ახსნა-განმარტებების მიცემის მიზნით;

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის სხდომა გადაიდო 2013 წლის 1 ნოემბერს 16:00 საათზე. სხდომის გამართვის თარიღისა და დროის თაობაზე მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე.

    კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ წარმომადგენლები. კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდნენ აუდიტორული კომპანია „KPMG CIS-ის (ქეი-ფი-ემ-ჯი სი-აი-ეს ლიმიტედი) თბილისის ფილიალის“ და აუდიტორული კომპანი „PWC”-ის წარმომადგენლები.

  კომისიის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „მობიტელის“ წერილი (01.11.2013 6/6365-13) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელმა“ განიხილა კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხი, რაც კომპანიის აზრით საჭიროებს დამატებით დაზუსტებას, კერძოდ, როგორც წერილშია აღნიშნული, შპს „მობიტელის“ 2012 წლის ფინანსურ აუდიტს აწარმოებს კომპანია „Ernst & Young“-ი, აუდიტი არის დასრულების პროცესში, ხოლო რაც შეეხება 2013 წლის 6 თვის მონაცემებს, შპს „მობიტელის“ განცხადებით, ამ პერიოდის აუდიტის დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2013 წლის დასრულების შემდგომ. შპს „მობიტელი“ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია არის სს „ვიმპელკომ ლტდ“-ს ჯგუფის წევრი, რომელსაც აქციები განთავსებული აქვს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება დაექვემდებაროს აშშ საფონდო ბირჟის მარეგულირებელ კანონმდებლობას - SOX 404 რეგულაციას, რომლის შესაბამისადაც, ნებისმიერი მომსახურების დაკვეთა კომპანიის მიმდინარე ანგარიშგების აუდიტორისთვის უნდა მოხდეს „ვიმპელკომ ლტდ“-ს აუდიტორთა საბჭოს თანხმობის საფუძველზე, რაც თავის მხრივ მოითხოვს კომპანია „Ernst & Young“-ის მიერ განხორციელებული მომსახურების აშშ-ს ზემოაღნიშნულ რეგულაციასთან შესაბამისობის ანალიზს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა კომპანიის მიერ მოითხოვს საკმაოდ შრომატევად საქმიანობას; როგორც შპს „მობიტელი“ აღნიშნავს, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია „Ernst & Young“-თან და 15 ნოემბრისთვის შპს „მობიტელს“ განსაზვრული ექნება აუდიტორის მიერ შესასრულებელი მომსახურების სახე და მოცულობა. შესაბამისად, კომპანიის შეფასებით, კომისიის ზემოღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიას ესაჭიროება არანაკლებ 6 თვისა 2012 წლის აუდიტის და 2013 წლის 6 თვის აუდიტორული პროცედურების დასრულების შემდგომ, იმ პირობით, რომ გამოყენებული იქნება აქტივების შეფასების ისტორიული და არა მიმდინარე ღირებულებების მეთოდი.

     კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე, კომისიამ მოუსმინა აუდიტორული კომპანია „KPMG CIS“ და აუდიტორული კომპანი „PWC”-ის წარმომადგენლებს; კომპანია „PWC”-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შესწავლისა და აუდიტორის მიერ შესაბამისი აუდიტის ჩატარების მიზნით აუცილებელია აქტიური მუშაობა კომისიასა და აუდიტორს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ თავად აუდიტორს აქვს გარკვეული კითხვები იმ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რა მეთოდოლოგიასაც ითვალისწინებს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესები”.

  აუდიტორული კომპანია „KPMG CIS“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ გადახედეს კომისიის ზემოაღნიშნულ დადგენილებას და მათთვის აღნიშნული დადგენილების მოთხოვნები სავსებით გასაგები და მისაღებია, თუმცა კომპანია, შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, აპირებს წერილობით მომართოს კომისიას და წარმოუდგინოს მათი ხედვა დადგენილებით გათვალისწინებული გაანგარიშების პრონციპებთან დაკავშირებით.

  აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე დაადასტურეს, რომ აუდიტორული დასკვნის მოსამზადებლად აუციელებელია დამატებითი დრო.

   კომისიის სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის მიმდინარე სხდომაზე შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ასევე აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მას მიაჩნია, რომ კომისიამ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება შევიდეს კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებაში და კომპანიების მიერ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციისთვის აღარ იყოს აუცილებელი  აუდიტორული კომპანიის დასკვა.

    კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად კვლავ იმსჯელა შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) პუნქტიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან 2013 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე არ გამოვლენილა რაიმე დამატებით გარემოება თუ არგუმენტაცია, რაც შეცვლიდა კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

      კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა კვლავ მხარი დაუჭირეს საკუთარ პოზიციას კომისიის მიერ ინფორმაციის წარმოდგენის ვადის 2014 წლის 1 მაისამდე განსაზღვრის თაობაზე, ხოლო შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით მოითხოვა ვადა 2014 წლის 1 ივლისამდე.

     კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის სხდომებზე  კომისიის მიერ სრულად იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით, კერძოდ, კომისიამ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად მოუსმინა შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“ და შპს  „კავკასიის ციფრული ქსელების“ წარმომადგენლების პოზიციებს, ასევე აუდიტორული კომპანიების „KPMG CIS“  და „PWC”-ის წარმომადგენლებს და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს და სწორედ კომისიის სხდომებზე წარმოდგენილი  ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ საკუთარი შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საბითუმო ფუნქციური ქვედანაყოფის მიერ, ამავე შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საცალო ფუნქციური ქვედანაყოფისთვის მიწოდებული სატელეფონო ხმოვანი ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით აუცილებელია კომისიაში კომპანიების მიერ წარმოდგენილ იქნას ის ინფორმაცია, რაც გათვალისწინებულია კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით. კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კომპანიების მიერ აღნიშნული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოსადგენად მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელია, ასევე კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ იმ საერთაშორისო აუდიტორებს, რომლებმაც უნდა განახორციელონ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის აუდიტორული შემოწმება ესაჭიროებათ დრო დოკუმენტაციის შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ მიეცეთ ვადა 2014 წლის 1 მაისამდე, რათა უზრუნველყონ  კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, ამავე დროს, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია:

ა) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის მომზადება აქტივების (დატვირთული კაპიტალი) ისტორიული ღირებულების გამოყენების   შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ბ) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“   მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულ ანგარიშში  ყველა საბითუმო მომსახურების ცალ-ცალკე დეტალიზება, ხოლო ყველა  საცალო მომსახურების გაერთიანება ერთ ჯგუფში.

     კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელისთვის“ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვადის 2014 წლის 1 მაისამდე გაგრძელების საკითხს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა ა.სიხარულიძემ და ი.მოსეშვილმა, კომისიის წევრმა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ს.ბრიტანჩუკმა ვადის გაგრძელების საკითხს მხარი არ დაუჭირა, რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ  კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის მომზადება შესაძლებელია განხორციელდეს აქტივების (დატვირთული კაპიტალი) ისტორიული ღირებულების გამოყენების   შესაძლებლობის გათვალისწინებით და ამავე დროს, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“   მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულ ანგარიშში  შესაძლებელია ყველა საბითუმო მომსახურების ცალ-ცალკე დეტალიზება, ხოლო ყველა  საცალო მომსახურების გაერთიანება ერთ ჯგუფში, ამ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის სამივე წევრმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) და ბ) პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 28-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით, ორი ხმა ერთის წინააღმდეგ:

   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის ვადა გაუგრძელდეთ 2014 წლის 1 მაისამდე;

2. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია:

ა) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის მომზადება აქტივების (დატვირთული კაპიტალი) ისტორიული ღირებულების გამოყენების   შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ბ) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“   მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულ ანგარიშში  ყველა საბითუმო მომსახურების ცალ-ცალკე დეტალიზება, ხოლო ყველა  საცალო მომსახურების გაერთიანება ერთ ჯგუფში. 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“  გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეთათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);

7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

                კომისიის წევრი                                                                                                 ა.სიხარულიძე

                კომისიის წევრი                                                                                                 ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები