შპს ”TV კვირიკეს”კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის №818/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2013
შპს ”TV კვირიკეს”კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის №818/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/525-12, 03.10.2012წ.) მიმართა შპს ”TV კვირიკემ” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად; განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საზოგადოების მოთხოვნა უფრო მეტად არის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, კომპანია მიიჩნევს, რომ მოდიფიცირების შემდგომ გაიზრდება ტელემაყურებელთა რაოდენობა და კომპანიის სარეკლამო შემოსავლები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”TV კვირიკე” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიას კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის №818/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 24 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბერს №609/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”TV კვირიკეს” კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 4 ნოემბერს 16:00 საათზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები გაწერილია სპეციალიზებული ტელემაუწყებლობისთვის, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა ლიცენზიის სახეობასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ”TV კვირიკეს” კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის №818/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ”TV კვირიკეს” კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზია შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის №818/1 გადაწყვეტილებაში და
ა) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;”
ბ) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტ) ქვეპუნქტი:
”ტ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”TV კვირიკესთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
