შპს „პალიტრა TV“–ს საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2014
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2013
შპს „პალიტრა TV“–ს საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6471-13 – 12.11.2013) მიმართა შპს „პალიტრა TV”-მ, შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.
კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „პალიტრა TV”-მ არაერთხელ მიმართა შპს „მაგთიკომს“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, შპს „პალიტრა TV”–ს სამაუწყებლო არხის შპს „მაგთიკომის“ სამომხმარებლო პაკეტში განთავსების მოთხოვნით. განაცხადში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომს“ დღემდე არ განუხორციელებია შპს „პალიტრა TV”–ს სამაუწყებლო არხის საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება და შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
1. დაევალოს შპს „მაგთიკომს“, შპს „პალიტრა TV”–ს სამაუწყებლო არხის შპს „მაგთიკომის“ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება;
2. დაეკისროს შპს „მაგთიკომს“ შესაბამისი სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო;
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის 14 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ შეპასუხება (კომისიაში რეგისტრაციის N6/6519–13), რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში განთავსებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ვინაიდან შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს თანამგზავრული ტრანზიტული მომსახურების მიწოდებას, კანონმდებლობაზე და კომისიის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის შპს „მაგთიკომისათვის“ მიწოდება: თანამგზავრის სახელწოდება და მდებარეობა (კოორდინატი) გეოსტაციონალურ ორბიტაზე, სამუშაო სიხშირის (მიღების სიხშირის) მნიშვნელობა, პოლარიზაციის სიბრტყის პარამეტრი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური), სატელიტის მიმღების კოდი, კოდების ტიპი და სიჩქარე, რაც შპს „პალიტრა TV“–ს მიერ არ განხორციელებულა. შპს „მაგთიკომის“ შეპასუხებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიამ 2013 წლის 01 აგვისტოს განიხილა შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ს განცხადება და კომისიის 2013 წლის 01 აგვისტოს N477/12 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა შპს „პალიტრა TV“-ს განცხადება (30.07.2013 N6/4169-13) შპს „მაგთიკომის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „მაგთიკომი“ გაფრთხილების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის 01 აგვისტოდან დღემდე არ შეცვლილა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის N477/12 გადაწყვეტილებას და შპს „პალიტრა TV“–ს საჩივრიდან არ იკვეთება რაიმე სახის ახლად აღმოჩენილი გარემოება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182–ე მუხლის თანახმად, შპს „პალიტრა TV“–ს უარი უნდა ეთქვას საჩივრის განხილვაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (N04/2507–13 – 19.11.13; N04/2508 – 19.11.13) ეცნობათ დაინტერესებულ პირებს (შპს „მაგთიკომს“, შპს „პალიტრა TV“–ს) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური და შპს „პალიტრა TV”–ს წარმომადგენლები დავით ბასლანაძე, კახაბერ გელაშვილი და თამუნა გიორგაძე.
შპს „პალიტრა TV”–ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „პალიტრა TV” ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია მოსთხოვოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს სავალდებულო ტრანზიტის განხორციელება. შპს „პალიტრა TV”–ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის 2013 წლის 01 აგვისტოს N477/12 გადაწყვეტილება „შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ს განცხადების განხილვის თაობაზე“ არ შეიძლება გახდეს შპს „პალიტრა TV”–ს საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–401 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხსნის 2013 წლის 14 ნოემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6519–13) დაყენებულ შუამდგომლობას შპს „პალიტრა TV”–ს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და თანახმაა აღნიშნული საჩივარი კომისიის მიერ მიღებულ იქნას წარმოებაში და შედგეს საკითხის არსებითი განხილვა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პალიტრა TV” ფლობს კერძო (საერთო) მაუწყებლობის NB136 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე კანონის 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს, ხოლო ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის, ავტორიზებული პირების მიერ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული დავების განხილვა შედის კომისიის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სფეროში და გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი საჩივრების განხილვისთვის ითვალისწინებს ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „პალიტრა TV“–ს საჩივრის განხილვის მიზნით.
განსახილველი საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით, კომისიას, ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია დაავალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს ტექნიკური დასკვნის წარმოდგენა, თუ რამდენად შეესაბამება შპს პალიტრა TV”–ს მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ შეთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების თაობაზე“, ასევე რამდენად შესაძლებელია მაუწყებლის მიერ მიწოდებული ტექნიკური საშუალებებით სამაუწყებლო არხის გატარება, სათანადო ხარისხით სამომხმარებლო პაკეტში ტრანზიტულად, ხოლო კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს შპს „პალიტრა TV”-ს მიერ თანამგზავრული მაუწყებლობის პრაქტიკული განხორციელების თაობაზე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე–401 მუხლის მე–11 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 და 45–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად (შენიშვნა: კომისიონერმა ი. მოსეშვილმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას მე–4 პუნქტის გარეშე, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს შერჩევით სამართალს)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „პალიტრა TV“-ს საჩივრის (N6/6471–13 – 12.11.13) განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 06 დეკემბერს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) ტექნიკური დასკვნის წარმოდგენა, თუ რამდენად შეესაბამება შპს „პალიტრა TV”–ს მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ შეთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების თაობაზე“, ასევე რამდენად შესაძლებელია მაუწყებლის მიერ მიწოდებული ტექნიკური საშუალებებით სამაუწყებლო არხის გატარება, სათანადო ხარისხით, სამომხმარებლო პაკეტში ტრანზიტულად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) შპს „პალიტრა TV”-ს მიერ თანამგზავრული მაუწყებლობის პრაქტიკული განხორციელების თაობაზე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება (გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 1 თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
