შპს ,,მაგთიკომისთვის“ შპს ,,ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2013
შპს ,,მაგთიკომისთვის“ შპს ,,ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
2013 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (№13/198-3. 25.10.2013.) მიმართა შპს ,,მაგთიკომმა” და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს“ შპს ,,მაგთიკომის” მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2013 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 71766 (სამოცდათერთმეტი ათას შვიდას სამოცდაექვსი ლარი) ლარს. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად შპს ,,მაგთიკომმა” კომისიაში წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომსა” და შპს „ახალ ტექნოლოგიებს“ შორის 2012 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშკრულება და 2013 წლის 10 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შპს “მაგთიკომის“ გენერალური დირექტორი გ. კოშორიძე და, მეორე მხრივ, შპს „ახალი ტექნოლოგიების“ გენერალური დირექტორი დ. პატარქალიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის N6/6240-13 25.10.2013) განხილვის მიზნით, კომისიაში 2013 წლის 04 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 15 ნოემბერს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,მაგთიკომსა” და შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს“ (შეტყობინების გაგზავნის თარიღი: 2013 წლის 04 ნოემბერი). შეტყობინებასთან ერთად შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნა შპს ,,მაგთკომის” განცხადება (N6/6240-13 25.10.2013) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 15 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ იურისტი დავით ძიძიგური, ხოლო შპს „ახალი ტექნოლოგიების“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, რის გამოც აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო კომისიის მომდევნო სხდომისათვის, კერძოდ, 2013 წლის 21 ნოემბრისათვის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ახალ ტექნოლობიებს“ 2013 წლის 18 ნოემბერს, განმეორებით, გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N03/2506-13) და მოწვეულ იქნა კომისიის სხდომაზე. 2013 წლის 20 ნოემბერს შეტყობინება (N03/2506-13) შპს „ახლი ტექნოლოგიების“ დამფუძნებელს ე. ქორქიას ხელზე ჩაბარდა, რაც მისი ხელისმოწერით დასტურდება. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ტექნოლოგიების“ უფლებამოსილი წარმომადგენელი კვლავ არ გამოცხადებულა. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ახალი ტექნოლოგიების“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
2013 წლის 21 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ იურისტი დავით ძიძიგური, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „ახალ ტექნოლოგიებს“ შპს „მაგთიკომის“ მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა ყოველდღე იზრდება, თუმცა კომპანია, საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, ითხოვს მხოლოდ 2013 წლის 10 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული და უდავოდ აღიარებული დავალიანების - 71766.11 (სამოცდათერთმეტი ათას შვიდას სამოცდაექვსი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის დაფარვის მიზნით ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობას.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. შპს „მაგთიკომის” 2013 წლის 25 ოქტომბრის N13/198-3 (კომისიაში რეგისტრაციის №6/6240-13) განცხადება;
2. შპს ,,მაგთკომსა” და შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს“ შორის 2012 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული ურთიეირთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სამი თვით თუმცა, თუ რომელიმე მხარე წერილობით უარს არ განაცხადებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად იმავე პირობებით ყოველი შემდეგი სამი თვის განმვალობაში (მუხლი 14);
3. შპს ,,მაგთკომსა” და შპს ,,ახალი ტექნოლოგიების“ მიერ ხემოწერილი 2013 წლის 10 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილება;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
5. შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (გზავნილის კოდი 040006064064; 06.11.2013);
6. შპს „ახალი ტექნოლოგიებისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (გზავნილის კოდი 040006064077; 06.11.2013);
7. შპს „ახალი ტექნოლოგიებისათვის“ განმეორებით გაგზავნილი შეტყობინება (N03/2506-13; 18.11.2013);
8. 2013 წლის 21 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ტექნოლოგიებს“ შორის მოქმედებს 2012 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის მე-14 მუხლში განსაზღვრულია ხელშკრულების მოქმედების ვადა და გაგრძელების პირობები;
2. შპს „ახალი ტექნოლოგიები“ აღიარებს შპს „მაგთიკომის“ მიმართ, მათ შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, ფინანსურ ვალდებულებას, კერძოდ, იმას, რომ 2013 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ახალ ტექნოლოგიებს“ შპს “მაგთიკომის“ მიმართ ერიცხება ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობაც შეადგენს 71766.11 ლარს (სამოცდა თერთმეტი ათას შვიდას სამოცდაექვსი ლარი და თერთმეტი თეთრი), რაც დასტურდება შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი და შპს „ახალ ტექნოლოგიების“ მიერ ხელმოწერილი 2013 წლის 10 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის შედეგად შპს ,,ახალი ტექნოლოგიების“ მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება შპს ,,მაგთიკომის” მიმართ 71766.11 ლარის (სამოცდათერთმეტი ათას შვიდას სამოცდაექვსი ლარი და თერთმეტი თეთრი) ოდენობით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა შპს ,,ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად (კომისიის წევრმა ი. მოსეშვილმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს, სადაც დავალიანების გადახდის ვადად შპს „ახალ ტექნოლოგიებს“ განესაზღვრა 5 კალენდარული დღე) ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადება შპს ,,ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს“, შპს ,,მაგთიკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ მიმართ 71766.11 ლარის (სამოცდათერთმეტი ათას შვიდას სამოცდაექვსი ლარი და თერთმეტი თეთრი) ოდენობის დავალიანების დასაფარად მიეცეს 5 კალენდარული დღე, წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისათვის“ ჩაბარებიდან;
3. შპს ,,ახალი ტექნოლოგიების“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,მაგთიკომს” მიეცეს თანხმობა შპს ,,ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისა” და შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისათვის“ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი შპს ,,მაგთიკომისთვის” და შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში,;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
