საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ”სუპერ ტვ”-ს შორის სასამართლო დავის (საქმე Nბს-177-70 (კ-13)) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ”სუპერ ტვ”-ს შორის სასამართლო დავის (საქმე Nბს-177-70 (კ-13)) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმე დაასრულოს მორიგებით, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისია, ზემოაღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, თუ მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს მიღბულ იქნა გადაწყვეტილება N786/18 „შპს „სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, რომელის შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ არ დაკმაყოფილდა შპს „სუპერ ტვ“-ს სასარჩელო მოთხოვნა და ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის მიმდინარეობს დავა (საქმე Nბს-177-70(კ-13)) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმებისა და შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს დაეკისრა ჯარიმა 43,031.96 (ორმოცდასამიათას ოცდათერთმეტი მთელი ოთხმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო; „საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის Nბს-567-557(კ-12) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფად შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“ კომისიის 2013 წლის პირველი ივლისის N430/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში შევიდა ცვლილება და აღნიშნული პუნქტით შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაკისრებული ჯარიმა 43,031.96 (ორმოცდასამიათას ოცდათერთმეტი მთელი ოთხმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარი გადაანგარიშდა, როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი ჯარიმა და ჯარიმის ოდენობად განისაზღვრა 23,854.05 (ოცდასამიათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 03 თეთრი) ლარი, როგორც შპს „სუპერ ტვ“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებისა და შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის (საქმე Nბს-177-70(კ-13)) განხილვის პროცესში, სასამართლოს მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ იქნა მორიგება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმის ნაწილში.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატაში მხარეებს შორის მიმდინარე დავის მორიგებით დასრულების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაითვალისწინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული წინადადება და განიხილოს მოსარჩელე მხარის - შპს „სუპერ ტვ“ მიერ შემოთავაზებული მორიგების პირობები, რომელიც წარმოდგენილ იქნა შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლის არჩილ თაბაგარის მიერ. ამავე დროს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, განსაზღვროს კომისიის მხრიდან მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი.
კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სუპერ ტვ“-ის დირექტორი გივი ხორხელი და შპს ,,სუპერ ტვ-ს წარმომადგენლები არჩილ თაბაგარი და სოფიო ნემსაძე. შპს ,,სუპერ ტვ-ს დირექტორმა და წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე გამოთქვეს მზადყოფნა მორიგებასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის მოთხოვნებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII-ე თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის არსებული დავა (საქმე Nბს-177-70(კ-13)) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმებისა და შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით დასრულდეს მორიგებით;
2. განისაზღვროს მორიგების შემდეგი პირობები:
ა) მხარეები აღიარებენ, რომ კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილება კანონიერია; შპს ,,სუპერ ტვ“ აღიარებს კომისიის ზემოაღნიშული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული ყველა კანონდარღვევის ჩადენის ფაქტს, ასევე კომისიის კომპეტენციასა და იურისდიქციას გამოეყენებინა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონდარღვევების გამო;
ბ) შპს ,,სუპერ ტვ“ კისრულობს ვალდებულებას, უარი განაცხადოს საკასაციო საჩივარზე, რომელიც წარდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, საქმეზე Nბს-177-70(კ-13) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებასთან დაკავშირებით; ამასთან შპს „სუპერ ტვ“ იღებს ვალდებულებას სრულად დაფაროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განსაზღვრული, სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სახელმწიფო ბაჟი და სხვ.);
გ) კომისია იღებს ვალდებულებას, კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონდარღვევისათვის შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეიცვალოს და შპს ,,სუპერ ტვ“-ს დაეკისროს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური ოდენობის ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, მიჩნეულ იქნება, რომ კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, მისთვის ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილი იყო შპს „სუპერ ტვ“-ს მიმართ კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონდარღვევების ჩადენის გამო გამოეყენებინა - ჯარიმის მინიმალური ოდენობა (3000 ლარი);
დ) წინამდებარე მორიგების პირობების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კომისია იღებს ვალდებულებას, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჯარიმის გადაანგარიშების შემთხვევაში, გადაანგარიშების შედეგად განსხვავების სახით განსაზღვრული თანხის - 20,854.05 ლარის შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაბრუნების შუამდგომლობით;
ე) მხარეები აცხადებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მორიგების პირობების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შემდგომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.\
3. მორიგების აქტის ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ აკაკი სიხარულიძეს;
4. წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მორიგების პირობები ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული მორიგების პირობებისა და შესაბამისი მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ.ყურაშვილი, ი.აბულაძე);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
