შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 01, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
2012 წლის 19 დეკემბერს კომისიას N2543 განცხადებით მიმართა შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ და მოითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სანქცირება გაფართოებული ურთიერთჩართვის უკანონოდ გათიშვის გამო. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ მითითებული აქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის 2009 წლის 01 აგვისტოდან არსებობდა გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
2. 2009 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულების 4.10 პუნქტის თანახმად, მხარეებს ურთიერთჩართვის ადგილად განსაზღვრული ჰქონდათ რუსთაველის 31;
3. ურთიერთჩართვის არხების მიყვანას საკუთარ ოფერტაში გამოცხადებულ ურთიერთჩართვის წერტილიდან ურთიერთჩართვის ადგილამდე თითოეული მხარე უზრუნველყოფდა საკუთარი ხარჯებით;
4. 2012 წლის 19 დეკემბერს შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ გათიშა მხარეებს შორის არსებული ზემოთ აღწერილი გაფართოებული ურთიერთჩართვა;
5. გაფართოებული ურთიერთჩართვის გათიშვა შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მოახდინა ცალმხრივად, მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე;
6. გაფართოებული ურთიერთჩართვის გათიშვამ გამოიწვია შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დაშვების ქსელის პარალიზება შემდეგ გარემოებათა გამო: ა) გაფართოებული ურთიერთჩართვის ლოკალური ტრაფიკი წარიმართა სარეზერვო მიმართულებაში და გამოიწვია საერთაშორისო არხის გადატვირთვა; ბ) აღნიშნულის გამო კრიტიკულად შენელდა არა მარტო ლოკალური, არამედ საერთაშორისო ტრაფიკის სიჩქარე, რის გამოც შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ აბონენტები პრაქტიკულად დარჩნენ, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ინტერნეტის გარეშე;
7. გაფართოებული ურთიერთჩართვის გათიშვა გრძელდებოდა 2.5 საათი, ვიდრე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი იძულებული არ გახდა დათანხმებოდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წამოყენებულ პირობებს;
8. კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ იძულებული გახდა დათანხმებოდა შპს ,,კავკასუს ონლაინის შემოთავაზებას - ურთიერთჩართვის ადგილი გადატანილიყო ასს 22-ში, იმ პირობით, რომ ასს 22-დან ვაჟა-ფშაველას გამზ. N71-მდე გაფართოებული ურთიერთჩართვის არხის მიყვანის საფასურს 1500 ლარს თვეში გადაიხდიდა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი;
შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ N2543 განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიაში დაიწყო დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2013 წლის 8 იანვარს 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ ეცნობათ, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“, შპს ,,კავკასუს ონლაინს” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2013 წლის 8 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ჭელიძე. კომისიის სხდომის თავმჯდომარემ მხარეებს შესთავაზა მორიგება, რის შემდეგაც მხარეებმა ითხოვეს ვადა მოსარიგებლად. მხარეებს ვადა მოსარიგებლად განესაზღვრათ 2013 წლის 15 იანვრამდე, თუმცა 2013 წლის 15 იანვარს შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ კომისიას მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა მორიგებისათვის მიცემული ვადის გაგრძელება 2013 წლის 18 იანვრამდე.
შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ N2543 განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2013 წლის პირველ თებერვლს 16:00 საათზე; აღნიშნულის შესახებ ეცნობათ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელსა“ და შპს ,,კავკასუს ონლაინს” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
2013 წლის 24 იანვარს კომისიას მიმართა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ N2589 განცხადებით, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ და შპს ,,კავკასუს ონლაინი“ მორიგდნენ და სადაო საკითხი აღარ არსებობს.
კომისიის 2013 წლის პირველი თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები სალომე ბერიშვილი და ნინო გიორგობიანი. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ განაცხადა, რომ შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შორის შედგა მორიგება, მან უარი განაცხადა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ დავაზე და მოითხოვა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 2012 წლის 19 დეკემბრის N2543 განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები სალომე ბერიშვილი და ნინო გიორგობიანი დაეთანხმნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორის დავით თუთბერიძის მოთხოვნას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ განცხადების განხილვაზე უარის თქმის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 2012 წლის 19 დეკემბრის N2543 განცხადების საფუძველზე დავის განხილვასთან დაკავშირებით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ,,კავკასიის ციფრული ქსელისა“ და შპს კავკასუს ონლაინისათვის“ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
