წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და Red-M Wireless Limited -ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული № 04/03-2011-01 და № 3/5-12-1 ხელშეკრულებების საფუძველზე 2011/2012 წლებში Red-M Wireless Limited -ის მიერ შემუშავებულ ანგარიშებში შპს

ნომერი: 70 / 20

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 6 დეკემბერს მიმართა შპს „ჯეოსელმა“(კომისიაში რეგისტრაციის №6/7020-12), 2012 წლის 07 დეკემბერს - შპს „მობიტელმა“(კომისიაში რეგისტრაციის №6/7034-12) და 2012 წლის 07 დეკემბერს - შპს „მაგთიკომმა“(კომისიაში რეგისტრაციის №6/7035-12), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და Red-M Wireless Limited -ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული №04/03-2011-01 და №3/5-12-1 ხელშეკრულებების საფუძველზე,  2011/2012 წლებში, Red-M Wireless Limited -ის მიერ შემუშავებულ ანგარიშებში შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“  ქსელების შესახებ თავმოყრილი ინფორმაციისა და კვლევის ფარგლებში ჩატარებული გათვლებისა და მიღებული მონაცემების ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობისა (დაზუსტებული მონაცემების ჩამონათვალის გარეშე) და კომერციულ საიდუმლოებას მისაკუთვნებელი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ერთობლივი სამუშაო შეხვედრის ჩატარების მოთხოვნით.

შემოსული განცხადებების საფუძველზე, 2012 წლის 14 დეკემბერს კომისიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებთან, რომლის ძირითადი მიზანიც იყო განხილულიყო Red-M Wireless Limited -ის მიერ შემუშავებული ანგარიშები  და ანგარიშებში თავმოყრილი ის მონაცემები, რომლებიც ოპერატორებისთვის წარმოადგენდა კომერციულად მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეხვედრისას შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს გონივრული  ვადა, რათა წერილობით წარმოედგინათ კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების  დაზუსტებული ჩამონათვალი.

2012 წლის 19 დეკემბერს შპს „მობიტელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/7315-12) ოფიციალურად აცნობა კომისიას თავისი პოზიცია და კომერციულ საიდუმლოებას მისაკუთვნებელი მონაცემების ჩამონათვალი.

2012 წლის 25 დეკემბერს კომისიამ წერილობით მიმართა შპს „მაგთიკომს“ (კომისიაში რეგისტრაციის №02/2979-12) და შპს „ჯეოსელს“ (კომისიაში რეგისტრაციის №02/2978-12), შეძლებისდაგავარად მოკლე ვადაში დაეკონკრეტებინათ და წერილობითი სახით წარმოედგინათ კომერციულ საიდუმლოებას მისაკუთვნებელ მონაცემთა ჩამონათვალი.

შპს „მაგთიკომმა“ 2013 წლის  24 იანვრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/514-13)  და შპს „ჯეოსელმა“  2013 წლის 25 იანვრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/540-13) წერილებით  წარმოადგინეს დეტალური ჩამონათვალი იმ ინფორმაციისა, რომლის გამჟღავნებასაც, მათი აზრით, შეუძლია ზიანი მოუტანოს კომპანიების კონკურენტუნარიანობას და მოითხოვეს მითითებული მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება - არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ , შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის ჩამონათვალი შინაარსობრივად  ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე მონაცემებს, რადგან არსებული წარმოადგენს   ინფორმაციას  ოპერატორების მიერ ქსელის მოწყობის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ეკონომიკური ეფექტიანობის შესახებ. შესაბამისად, ამგვარი  ინფორმაციის  საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა, მართლაც ზიანი მიაყენოს კომპანიების კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისა და მისი ვადის გაგრძელების შესახებ, ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“2012 წლის 7 დეკემბრისა და 2013 წლის  24 იანვრის, შპს „ჯეოსელის“ 2012 წლის 6 დეკემბრისა და  2013 წლის 25 იანვრის, აგრეთვე შპს „მობიტელის“ 2012 წლის 7 დეკემბრისა და 19 დეკემბრის განცხადებები ნაწილობრივ:

ა) ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და Red-M Wireless Limited -ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული № 04/03-2011-01 და №3/5-12-1 ხელშეკრულებების საფუძველზე, 2011/2012 წლებში Red-M Wireless Limited-ის მიერ  შემუშავებულ ანგარიშებში (WP 1-6/2011 და WP 1-3/2012) შპს ”მაგთიკომის”, შპს ”ჯეოსელის”, შპს ”მობიტელის” ქსელების შესახებ და კვლევის ფარგლებში ჩატარებული გათვლების, მოდელირების და ანალიზის საფუძველზე  მიღებული  შემდეგი მონაცემები:

ა.ა) საიტების რაოდენობის, მობილური ქსელების დაფარვის, გადაცემის ინფრასტრუქტურის, საიტებზე სექტორების რაოდენობის, ტრანსივერების რაოდენობის, მაკრო-ფიჭებისა და მიკრო-ფიჭების განლაგებისა და რაოდენობის,  საიტების განლაგების რუქების,  ქსელების დაგეგმარების და GSM (900 მჰც, 1800 მჰც)  მობილურ ქსელებში სიხშირეების ხელახალი გამოყენების ფარდობის კოეფიციენტების შესახებ დეტალური მონაცემები;

ა.ბ) ტრაფიკების, ოპერატორების მიერ გამოყენებული მოწყობილობების ჩამონათვალისა და თანამედროვე საშუალებების გამოყენების შესახებ (სიხშირეებზე გადახტომები, ადაპტიური მრავალსიჩქარიანი კოდეკები, პაკეტური რადიო სერვისი) დეტალური ინფორმაცია;

ა.გ) დრაივ-ტესტის ჩატარების დროს შესწავლილი საიტების განლაგების, რაოდენობისა და  ქსელების დაფარვის შესახებ დეტალური მონაცემები;

ა.დ) BCCH RX_Lev (BCCH (dBm)-ის მიმართ) და P-CPICH Ec  (Ec (dBm)-ის მიმართ)  კუმულაციური განაწილების ფუნქციისათვის დრაივ-ტესტით მიღებული მახასიათებლების შესახებ დეტალური მონაცემები;

ა.ე) დრაივ-ტესტის ჩატარების შედეგად ინტერფერენციასთან, ზარების განხორციელებასთან და  სიხშირული სპექტრის გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული სტატისტიკური დეტალური მაჩვენებლები და მახასიათებლები;

ა.ვ) ოპერატორების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური ინფორმაციის ბაზაზე ჩატარებული ეგმ-ზე მოდელირების (სიმულაციის) შედეგები თბილისისთვის და შავი ზღვის სანაპიროსათვის, თბილისის დაფარვის პროგნოზირების დიაგრამები (900 მჰც და 1800 მჰც) და  შავი ზღვის სანაპიროს დაფარვის პროგნოზირების დიაგრამები (900 მჰც და 1800 მჰც);

ა.ზ) მობილური ქსელების პარამეტრები სიხშირეების ხელახალი გამოყენების კოეფიციენტის (N-ის) სხვადასხვა დისკრეტული მნიშვნელობებისათვის,  ინტერეფერენციის პროცენტული სიდიდეები და (N-ის)  თითოეული მნიშვნელობისათვის დაფარვის დიაგრამები როგორც თბილისისათვის, ასევე შავი ზღვის სანაპიროსათვის.

ა.თ) შპს ”მაგთიკომის” მიერ:

ა.თ.ა.) 900 მჰც დიაპაზონში 2x3.2 მჰც და 2x1.4 მჰც სპექტრის  გამოთავისუფლებისათვის განხორციელებული ანალიზური გათვლებისა და მოდელირების ფარგლებში გამოყენებული ქსელის ტექნიკური  პარამეტრების შესახებ ინფორმაცია და  გათვლებითა და მოდელირებით მიღებული  შედეგების ტექნიკური მონაცემები, მობილურ ქსელში სიხშირეების ხელახალი გამოყენების ფარდობის კოეფიციენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით (გარდა ეკონომიკური დანახარჯების შეფასების შესახებ მონაცემებისა);

ა.თ.ბ.) 1800 მჰც დიაპაზონში 2x5.0 მჰც სპექტრის გამოთავისუფლების და/ან  რელოკაციის შემთხვევაში ანალიზური გათვლების/მოდელირების ფარგლებში გამოყენებული ქსელის ტექნიკური  პარამეტრების შესახებ ინფორმაცია და გათვლებითა და მოდელირებით მიღებული ტექნიკური მონაცემები, მობილურ ქსელში სიხშირეების ხელახალი გამოყენების ფარდობის კოეფიციენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით (გარდა ეკონომიკური დანახარჯების შეფასების შესახებ მონაცემებისა); 

ა.თ.გ.) 2100 მჰც დიაპაზონში 2x5.0მჰც სპექტრის გამოთავისუფლების შემთხვევაში ანალიზური გათვლების ფარგლებში გამოყენებული ქსელის ტექნიკური  პარამეტრების შესახებ ინფორმაცია,  მობილურ ქსელში სიხშირეების  გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით (გარდა ეკონომიკური დანახარჯების შეფასების შესახებ მონაცემებისა); 

ა.თ.დ.) CDMA850 ქსელის შესაბამისი სიხშირეების  ”გადაწევის” შემთხვევაში ანალიზური გათვლების ფარგლებში გამოყენებული ქსელის ტექნიკური  პარამეტრების შესახებ ინფორმაცია,  მობილურ ქსელში სიხშირეების  გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით (გარდა ეკონომიკური დანახარჯების შეფასების შესახებ მონაცემებისა); 

ა.ი) ”ჯეოსელის” მიერ:

ა.ი.ა.) 900 მჰც დიაპაზონში 2x1.8 მჰც სპექტრის გამოთავისუფლებისა  და 2x1.4 მჰც სპექტრის ”გადაწევის” შემთხვევაში  ანალიზური გათვლებისა და მოდელირების ფარგლებში გამოყენებული ქსელის ტექნიკური  პარამეტრების შესახებ ინფორმაცია და  გათვლებითა და მოდელირებით მიღებული  ტექნიკური მონაცემები, მობილურ ქსელში სიხშირეების ხელახალი გამოყენების ფარდობის კოეფიციენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით (გარდა ეკონომიკური დანახარჯების შეფასების შესახებ მონაცემებისა); 

ა.ი.ბ.) 1800 მჰც დიაპაზონში 2x5.0 მჰც სპექტრის გამოთავისუფლების და/ან  რელოკაციის შემთხვევაში ანალიზური გათვლების ფარგლებში გამოყენებული ქსელის ტექნიკური  პარამეტრების შესახებ ინფორმაცია და მოდელირებით მიღებული ტექნიკური შედეგები, მობილურ ქსელში სიხშირეების ხელახალი გამოყენების ფარდობის კოეფიციენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით (გარდა ეკონომიკური დანახარჯების შეფასების შესახებ მონაცემებისა); 

ა. კ) ”მობიტელის” მიერ 900 მჰც და 1800 მჰც დიაპაზონში   მის სარგებლობაში არსებული რესურსის   ”გადაწევის” შემთხვევაში, ანალიზური გათვლებისა და მოდელირების ფარგლებში გამოყენებული ქსელის ტექნიკური  პარამეტრების შესახებ ინფორმაცია და  მოდელირებით მიღებული ტექნიკური შედეგები,  მობილურ ქსელში სიხშირეების ხელახალი გამოყენების ფარდობის კოეფიციენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით (გარდა ეკონომიკური დანახარჯების შეფასების შესახებ მონაცემებისა);

 ა.ლ) 1800 მჰც დიაპაზონის ეგმ-ზე მოდელირების (სიმულაციის) შედეგების მისაღებად გამოყენებული ქსელის საწყისი პარამეტრები, ლინკის ბიუჯეტი, 900 მჰც-იანი ფიჭებისა და მასზე ზედდებული 1800 მჰც-იანი ფიჭების მოდელირების (სიმულაციის) შედეგები ”მაგთიკომისა” და ”ჯეოსელისათვის” თითოეული საიტისათვის თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროზე,  900 მჰც-იანი ფიჭებისათვის დაფარვის (კვადრატულ კილომეტრებში), ასევე, პიკური ხმოვანი ტრაფიკების (ერლანგებში)  და 1800 მჰც-იანი ფიჭებისათვის დაფარვის (კვადრატულ კილომეტრებში), ასევე, პიკური ხმოვანი ტრაფიკების (ერლანგებში) მახასიათებლები; აღნიშნული მახასიათებლების  ანალიტიკურ-სტატისტიკური მეთოდით დამუშავებით მიღებული შედეგები.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და Red-M Wireless Limited -ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული № 04/03-2011-01 და №3/5-12-1 ხელშეკრულებების საფუძველზე, 2011/2012 წლის ანგარიშები, დანარჩენ ნაწილში, ცნობილ იქნას ღიად;

3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს მათ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, ვიდრე იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“ და შპს „მობიტელისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“ და  შპს „მობიტელისათვის“ ჩაბარების დღიდან.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტყეშელაშვილი);

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                    ს. ბრიტანჩუკი                                                  

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები