ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 10, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2013
ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 28 ოქტომბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2013 წლის 29 ნოემბრის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 8,100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის №686/7 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს „სამაუწყებლო სახლმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/34-13, 23.10.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს; კერძოდ საკონკურსო განაცხადში მითითებული არ იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა არ შეესაბამებოდა კომისის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ შესაბამისობის დეკლარაციის ფორმას. ასევე არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის თაობაზე და ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №639/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”სამაუწყებლო სახლს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2013 წლის პირველ ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/6348-13).
ზეპირი მოსმენა ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 2 დეკემბერს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”სამაუწყებლო სახლის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაღლაფერიძე და მუსიკალური მიმართულების რედაქტორი გიორგი უშიკიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა;
შპს „სამაუწყებლო სახლის“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
შემეცნებით-გასართობი გადაცემები
მუსიკალური გადაცემები
ახალგაზრდული გადაცემები
საბავშვო გადაცემები
სპორტული გადაცემები
სამედიცინო გადაცემები
კულინარიული გადაცემები
ლიტერატურული გადაცემები
რელიგიური გადაცემები
კულტურის სიახლეები
შემეცნებით–გასართობი თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„ხალხური დილა“;
„მთელი დღე ფოლკრადიოზე“;
„ხალხური საღამო“;
„სტუმრად ფოლკრადიოში“;
„რადიო მემუარები“;
„ღიმილიანი ერი“;
„მე ვუსმენ ხალხურს“;
„რადიო ვიქტორინა“;
„რადიოტური“;
„ჩვენიანი“;
„ძეგლები“;
ეკა მამალაძის ყოველკვირეული გადაცემა - „მუსიკალური ოჯახები“;
გიორგი კალანდიას ყოველკვირეული გადაცემა - „დიდი შესვენება“;
ნეკა სებისკვერაძის ყოველკვირეული გადაცემა „სტუდიური დიალოგები";
დათო მაღლაფერიძის ყოველკვირეული გადაცემა - „ბიზნესის ხელოვნება“;
„ორშაბათი მძიმე დღეა?“;
„დაუჯერებელი“;
„ახალი პროფესია“;
„რადიო თეატრი“;
„რჩეული“;
„რადიო კალენდარი“;
ანუკა მურვანიძის ყოველკვირეული გადაცემა - „საპნის შოუ“;
ირინა აბჟანდაძის ყოველკვირეული გადაცემა - „რადიო სალონი“;
ბუბა კუდავას ყოველკვირეული გადაცემა - „ქართული ხელნაწერი“;
ეკა მაზმიშვილის ყოველკვირეული გადაცემა - „თეატრალური შეხვედრები“;
ნანა ჯანელიძის ყოველკვირეული გადაცემა - „ქართული კინო“;
მაია ბარათაშვილის ყოველკვირეული გადაცემა - „მაიას ტომი“;
გიორგი უშიკიშვილის ყოველკვირეული გადაცემა - „ხალხური საღამო“;
კატია ვოლტერისის ყოველკვირეული გადაცემა - „ევროპული არტ კალეიდოსკოპი“;
„ქართული ფოლკლორის ენციკლოპედია“;
„შეუცნობელი“;
„რადიო სომელიე“;
თამაზ სანიკიძის ყოველკვირეული გადაცემა - „დიალოგები ხელოვანებთან“;
„მითები და ლეგენდები“;
„საბრძოლო და სამეურნეო იარაღები“;
„ხალხური რიტუალი“;
„შენ ხარ ვენახი“;
„ძველი პრესა“;
„რადიო ფრაგმენტი“;
„ქვეყნები და ხალხები“.
მუსიკალური თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„ხალხური სიმღერის რადიოგაკვეთილები“;
„მგზავრული“;
„მუსიკალური მიმდინარეობები“;
„მუსიკალური საკრავები“;
„უნიკალური ჩანაწერი“;
„ხალხური სიმღერის ოსტატები“;
„კლასიკური მუსიკის ნიმუში“;
ნიკოლოზ რაჭველის ყოველკვირეული გადაცემა - „აკორდი“;
„მუსიკა სხვა“;
„კინო მუსიკა“.
ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„ახალგაზრდა ტალანტები“;
„ახალი თაობა“;
„მოქალაქე“;
,,ფსიქოლოგის რჩევები“;
,,სწავლა და ხელოვნება“;
,,facebook-ის თაობა“.
საბავშვო თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„თევდორე პაპას ზღაპარი“;
„ანიმაციური ფრაგმენტი“;
„მოზარდი ხელოვნების სამყაროში“.
სპორტული თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„სპორტი დღეს“;
„ფალავნები სპორტიდან“;
„სპორტ კლუბი“.
სამედიცინო თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„ჯანსაღი ცხოვრება“;
„რადიო კარაბადინი“;
„მედიკამენტების ფასები“.
კულინარიული თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„ფოლკრადიოს სამზარეულო“;
„საოჯახო რეცეპტი“;
„საფირმო კერძი“.
ლიტერატურული თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
ბაკურ სულაკაურის „რადიო ბიბლიოთეკა“;
„პირადი წერილები“;
„ლექსის თქმა მწადის ერთისა“.
რელიგიური თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„პატრიარქის საათი“;
„საგალობელი“.
კულტურის თემატიკის ფარგლებში მომზადდება შემდეგი გადაცემები (დეტალური ანოტაცია მოცემულია შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში):
„კულტურის ახალი ამბები“;
„დღის სტუმარი“;
„აფიშა ფოლკრადიოზე“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოადგენილი დასკვნის თანახმად შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში წარმოდგენილია, როგორც საძიებელი ლიცენზიის სახეობით გათვალისწინებული გასართობი პროგრამები, ასევე შემეცნებითი თემატიკის პროგრამებიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში, შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფცია კომისიის დამატებითი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „სამაუწყებლო სახლის“ მუსიკალური მიმართულების რედაქტორმა გიორგი უშიკიშვილმა განმარტა, რომ კონცეფციაში წარმოდგენილ რელიგიურ გადაცემებში საუბარი იქნება საგალობლებზე; ვინაიდან მუსიკალური თვალსაზრისით ქართული საგალობლები ძალიან ახლოა ხალხურ მრავალხმიანობასთან, ამიტომ საძიებელი ლიცენზიით გათვალისწინებული ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა დაცული იქნება კომპანიის მიერ. სამაუწყებლო კონცეფციაში წარმოდგენილ შემეცნებით გადაცემებთან დაკავშირებით მან ასევე განმარტა, რომ როდესაც ეთერით გავა ხალხური სიმღერა (მაგ: „ჩაკრულო“ ან „გრძელი კახური მრავალჟამიერი“), რომელსაც ასრულებს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი შემსრულებელი, მისი გაცნობის მიზნით სიმღერის შემდეგ ეთერში გავა ამ პიროვნების ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მონაცემების თაობაზე მოკლე ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 3 დეკემბერს 16:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”სამაუწყებლო სახლის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაღლაფერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია შესაბამისობაშია საძიებელი ლიცენზიის სახეობასთან და აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტის მოთხოვნებს.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სამაუწყებლო სახლის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მაღლაფერიძემ სალიცენზიო გადასახდელის - 8,100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სამაუწყებლო სახლი”;
2. უზრუნველყოს შპს ”სამაუწყებლო სახლმა”, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1,620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300183062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 5,670.00 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაათი და 00) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (მ. ნინუა);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სამაუწყებლო სახლისთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
