ქ. ყვარელში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2013
ქ. ყვარელში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 73-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ.ყვარელში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 28 ოქტომბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2013 წლის 29 ნოემბრის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 2,227.50 (ორი ათას ორასოცდაშვიდი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის №686/7 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს „რადიო საქართველომ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/28-13, 23.10.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 73-ე პუნქტით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს; კერძოდ არასრულად იყო წარმოდგენილი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ცნობები განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ ასევე სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის - 222,75 ლარის ნაცვლად თანდართული იყო 668,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №639/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”რადიო საქართველოს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2013 წლის 4 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/6382-13).
ზეპირი მოსმენა ქ. ყვარელში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 2 დეკემბერს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”რადიო საქართველოს” გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, უფლებემოსილი წარმომადგენლები ნატა ხარაშვილი და ირაკლი ჩხიკვაძე
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”რადიო საქართველოს” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა;
შპს „რადიო საქართველოს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
რუბრიკები:
News+ – სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საათში ერთხელ, ყოველ სრულ საათზე. „მსოფლიო შოუბიზნესის სიახლეები, საათში ერთხელ. აღნიშნული რუბრიკა მსმენელს მიაწვდის ინფორმაციას ახალი სიმღერების, დისკების, ალბომების შესახებ. გაშუქდება პოპულარული მომღერლების მუსიკალური ტურები“.
მსოფლიო ამბები – სამაუწყებლო ბადეში განთავსდება დღეში სამჯერ. „რუბრიკა “მსოფლიო ამბები” დღეში სამჯერ გავა ღია ეთერში. რუბრიკა თავისი შინაარსით არ იქნება შეზღუდული ერთი კონკრეტული სფეროთი. მასში გაშუქდება სიახლეები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. მაგალითად: მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები, ტექნოლოგიური მიღწევები, საყვარელი მომღერლის, მსახიობის, სპორტსმენის მიერ დამყარებული რეკორდები, პრემიერები. რუბრიკა “მსოფლიო ამბები” –ით ლაკონურად მიწოდებული ინფომაცია შეაავსებს “ფორტუნა პლიუსის” ახალგაზრდა მსმენელის ზოგად ცოდნას, ხელს შეუწყობს ინტელექტის განვითარებას, დაააკმაყოფილებს ადამიანის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას და რაც მთავარია ეს ყველაფერი, მათთვის საყვარელი მუსიკის, ცხელ-ცხელი, თანამდეროვე ჰიტების ფონზე“.
Hi-Tech სიახლეები - სამაუწყებლო ბადეში განთავსდება დღეში სამჯერ, “რუბრიკა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ინტერნეტის საუკუნეში ტექნოლოგიური განვითარება და ამ სფეროში არსებული სიახლეები იმდენად დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ რუბრიკა ახალი ტექნოლოგიების შესახებ რადიოსადგურის მრავალფეროვანი პროდუქტის ძირითად ნაწილად იქცა. ძირითადად მსმენელს მიეწოდება ინფორმაცია კომპიუტერული ტექნიკის, ინტერნეტის, მობილური ტელლეფონების და სხვა პოპულარული ტექნიკის შესახებ”.
ინტერნეტ-ამბები – სამაუწყებლო ბადეში განთავსდება დღეში სამჯერ, „რუბრიკა წარმოადგენს მთელ მსოფლიოში მომხდარ სხვადასხვა საინტერესო, უცნაურ, შემეცნებით და სახალისო ამბებს, რომლებიც ინტერნეტით ვრცელდება. ინტერნეტ-სივრცის მოხმარება კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს, შესაბამისად იქ მუდმივად არის უამრავი საინტერესო ინფორმაცია, რომლის მსმენელისთვის მიწოდება მათ ინფორმირებულობასთან ერთად ხალისიან განწყობასაც შექმნის“.
ჯანსაღი არჩევანი – სამაუწყებლო ბადეში განთავსდება დღეში სამჯერ, „რუბრიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ყოვედღიურად, დღეში სამჯერ გავა პირდაპირ ეთერში. თითოეული ინფორმაცია შერჩეული და დამუშავებული იქნება მსმენელის ასაკისა და ინტერესის გათვალისწინებით. რუბრიკის შინაარსი მოიცავს უამრავ საჭირო ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მისი აუცილებლობის შესახებ. მეტი დაინტერესებისთვის განხორციელდება სატელეფონო ჩართვები ცნობილ სახეებთან. მაგალითისთვის: მსმენელი თავისი საყვარელი მომღერლის, სპორტსმენის ან მსახიობისგან მოისმენს, როგორ დაანება მისმა კუმირმა თავი თამბაქოს მოწევას, რატომ არის საზიანო ნარკოტიკების მოხმარება, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს. გარდა ამისა, გადაცემის ეგიდით, მოეწყობა წამახალისებელი შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს“.
აფიშა – სამაუწყებლო ბადეში განთავსდება დღეში სამჯერ, „რუბრიკა მოიცავს იმ ღონისძიებების გარკვეულ ანონსს, რაც თბილისის კონოთეატრებში, თეატრებში და საგამოფენო სივრცეებში იმ კონკრეტულ დღეს იგეგმება. მსმენელი დილიდანვე მიიღებს ინფორმაციას სად და რა დროს ტარდება მისთვის საინტერესო კულტურული ღონისძიება. შესაბამისად გააკეთებს არჩევანს, რომელ ფილმსა თუ სპექტაკლს მიანიჭოს უპირატესობა ან რომელ გალერეას ესტუმროს“.
გადაცემები:
Request Show - სამაუწყებლო ბადეში განთავსდება ყოველდღე, “ყველაზე პოპულარული გადაცემა რადიო „ფორტუნა პლუსზე“ (ეთერშია 2000 წლის 1 სექტემბრიდან). ყოველდღე, 21.00-22.00-მდე რადიომსმენელები წამყვანს უკავშირდებიან ტელეფონის, SMS-ების და Facebook-ის საშუალებით, ითხოვენ საყვარელ სიმღერებს, აკეთებენ მიძღვნებს, მილოცვებს და ა.შ. ამას გარდა კვირაში 2-ჯერ გადაცემაში მოწვეულია სტუმარი, რომელიმე პოპულარული ადამიანი (მომღერალი, სპორტსმენი, ტელეწამყვანი, მსახიობი და ა.შ.), რომელიც წამყვანთან ერთად უძღვება რიქვესტებს, კითხულობს SMS-ებს და პასუხბს მსმენელის მიერ დასმულ შეკითხვებს”.
პოპკორნი - სამაუწყებლო ბადეში განთავსდება კვირაში ერთხელ, „გადაცემა გულისხმობს ქართული და მსოფლიო კინო-სიახლეების მიმოხილვას.. გადაცემის მსვლელობისას წამყვანი გააცნობს მსმენელებს საინტერესო ფაქტებს კინოვარსკვლავების შესახებ. ახალი ფილმების გამოსვლის თარიღებს, დაგეგმილ პრემიერებს და რელიზებს. მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა რეიტინგების შედეგების შესახებ. მიმოიხილავს ყველა მნიშვნელოვან დაჯილდოვებას. ასევე მოწვეული იქნება სტუმარი, (მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ა.შ) რომელიც ისაუბრებს გარკვეულ სიახლეზე. გადაცემაში განხორციელდება სატელეფონო ჩართვები კინოთეატრებიდან და სხვა საინტერესო და თერმატური ადგილებიდან. ასევე ჩატარდება ვიქტორინა. გამარჯვებულს გადაეცემა პრიზები (ბილეთები კინოთეატრში, სიმღერების კრებული და სხვა). გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელი იქნება ფორტუნა პლუსის ოფიციალურ ვებ გვერდზე fortunaplus.ge“.
Reflector - სამაუწყებლო ბადეში განთავსდება კვირაში ერთხელ, “გადაცემა, რომელსაც წარმოადგენს Red Bull Music Radio, თითოუელ გადაცემაში rbmaradio.com-ს მუსიკალურ კონტენტთან ერთად წარმოდგენილი იქნება ერთი ქართველი არტისტი – დიჯეი, ბენდი ან პროდიუსერი და მხოლოდ მის მიერ შექმნილი მუსიკა”.
სტუმრად გიგასთან - სამაუწყებლო ბადეში განთავსდება კვირაში ერთხელ, “რადიოპროექტი ყველაზე თანამედროვე, წარმატებული და მხიარული ადამიანებისთვის. ყოველ სამშაბათს, 19 საათზე `ფორტუნა პლუსის~ ეთერში მოწვეულია პოპულარული ადამიანი (მომღერალი, მსახიობი, სპორტსმენი, მოდელი და ა.შ.). რადიომსმენელს საშუალება აქვს გაიგოს თუ როგორ იწყებს ის დღეს, გეგმავს მთელ კვირას და რა სიახლეებს სთავაზობს თავის თაყვანისმცემელს”.
Exclusive - სამაუწყებლო ბადეში განთავსდება კვირაში ერთხელ, “კვირაში ერთხელ რადიოსადგურის პარტნიორი ამერიკული კომპანია Radio Express-ი მოგვაწვდის ლიცენზირებულ სიმღერებს, რომლებიც ექსკლუზიურად პირველად გადაცემა “ექსკლიუზივში” გაიჟღერებს. ასევე გადაცემაში გაკეთდება ახალი ქართული სიმღერების პრემიერა. სტუდიაში მოწვეული იქნება მომღერალი ან ჯგუფი, რომლის სიმღერის პრეზენტაციაც იგეგმება”.
ფორტუნა+ ის ჩარტი – სამაუწყებლო ბადეში განთავსდება კვირაში ერთხელ, “გადაცემა მომზადდება მსოფლიოს ოფიციალურ ჩარტებზე დაყრდნობით. მსმენელებს საშუალება მიეცემათ მოუსმინონ იმ 10 სიმღერას, რომლებიც გარკვეულ პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს წამყვან ჩარტებში. გადაცემის მსვლელობისას მსმენელებს მიეწოდებათ ცხელცხელი ინფორმაცია იმ შემსრულებლების შესახებ, რომელთა სიმღერებიც მოხვდა ჩარტში. ასევე მოხდება პარალელების გავლება გასული კვირის ათეულთან, რა ცვლილება განიცადა ერთი კვირის განმავლობაში ამათუიმ სიმღერამ და ა.შ.”.
After Party - სამაუწყებლო ბადეში განთავსდება კვირაში ერთხელ, „ყველ ორშაბათს, კლუბური უიკენდის შემდეგ რადიო "ფორტუნა პლუსი" წარმოგიდგენთ გადაცემას “After Party”. გადაცემის პირველი ნაწილი მოიცავს დისკუსიას სხვადასხვა Dj-ეებთან თუ ივენთების ორგანიზატორებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: ელექტრონული მუსიკა, საქართველოს კლუბები, გართობის სტილი ქვეყანაში, კლუბური ეთიკა, ფასები და ა.შ. გადაცემაში აქტიურადაა ჩართული მსმენელი, რომელიც წამყვანებს უკავშირდება ტელეფონის ან ფაცებოოკ-ის საშუალებით. გადაცემის მეორე ნაწილში მოწვეული Dj –ი მსმენელს სთავაზობს ერთსაათიან Live Set-ს. ასევე გადაცემაში ხდება ახალი თრექების პრეზენტაცია. გaდაცემის წმყვანი დიჯეები: პაატა დათუნაშვილი, QASRA“.
ერთი ერთში – სამაუწყებლო ბადეში განთავსდება კვირაში ერთხელ, “ტელეკომპანია GDS-ის და “ფორტუნა პლუსის” ერთობლივი პროექტი. გადაცემა ცნობილი ტელეშოუს პოპულარიზაცის უწყობს ხელს და მონაწილეებისა და ჟიურის წევრების სხვა კუთხით წარმოჩენას ემსახეურება. როგორები არიან რეალურად შოუს მონაწილეები, როგორ დგამენ პირველ ნაბიჯებს წარმატებისკენ და როგორ ცხოვრობენ ლეგენდარული ადამიანების ცხოვრებით. ესაა უპრეცენდენტოდ რეიტინგული სატელევიზიო შოუს რადიო დღიური, რომელიც მსმენელს უკეთ გააცნობს მონაწილეებს, ჟიურის წევრებსა და გადაცემის შემქმნელებს”.
შენიშვნა: შპს ”რადიო საქართველო” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის შემდეგ ლიცენზიებს №B63, №B64 (რადიო ფორტუნა), №B65, №B66 (რადიო ფორტუნა პლუსი), №B89 (ავტო რადიო), №B78 (რადიო არ დაიდარდო). აღნიშნული რადიოსადგურები წარმოადგენენ მოქმედ რადიოსადგურებს, შესაბამისად წარმოდგენილ კონცეფციაში მითითებული ცალკეული პროგრამები უკვე განთავსებულია ზემოაღნიშნული რადიოსადგურების სამაუწყებლო ბადეებში.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ყვარელში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 3 დეკემბერს 16:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”რადიო საქართველოს” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/1556-13, 25.11.2013წ.) საფუძველზე მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო საქართველოს” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩხიკვაძემ სალიცენზიო გადასახდელის - 2,227.50 (ორი ათას ორასოცდაშვიდი და 50) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ყვარელში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”რადიო საქართველო”;
2. უზრუნველყოს შპს ”რადიო საქართველომ”, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 445.50 (ოთხასორმოცდახუთი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 1,559.25 (ერთი ათას ხუთასორმოცდაცხრამეტი და 25) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (მ. ნინუა);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო საქართველოსთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
