ქ. ყვარელში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2013
ქ. ყვარელში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების მე-80 პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ყვარელში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 28 ოქტომბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2013 წლის 29 ნოემბრის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 2,227.50 (ორი ათას ორასოცდაშვიდი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის №686/7 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს „რადიო საქართველომ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/29-13, 23.10.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების მე-80 პუნქტით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს; კერძოდ არასრულად იყო წარმოდგენილი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ცნობები განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ ასევე საკონკურსო განაცხადში არასწორად იყო მითითებული მოთხოვნილი ლიცენზიის სახეობა.
კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №639/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”რადიო საქრთველოს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2013 წლის 4 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/6383-13).
ზეპირი მოსმენა ქ. ყვარელში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 2 დეკემბერს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”რადიო საქართველოს” გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, უფლებემოსილი წარმომადგენლები ნატა ხარაშვილი და ირაკლი ჩხიკვაძე
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”რადიო საქართველოს” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.
1. შპს „რადიო საქართველოს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
საინფორმაციო გამოშვება – „საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა საათში ორჯერ, სრულ საათსა და ნახევარზე. გამოშვება ეთერში იქნება დილის 08:00 დან ღამის 00:00 საათამდე. სრულ საათზე საინფრომაციო გამოშვება გაგრძელდება 6-7 წთ-ის განმავლობაში, ხოლო მოკლე საინფორმაციო გამოშვება 1-2 წთ-ს. საინფორმციო გამოშვებების მთავარ თემებს რადიოს საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციები წარმოადგენს. ეთერში გასული ინფორმაციის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს რადიო “ფორტუნას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. სარედაქციო ჯგუფი დამოუკიდებელი იქნება გადაწყვეტილებებში“.
გადაცემა ბიზნეს-ნიუსი – „რუბრიკა ბიზნესის მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელიც დღეში 3-ჯერ გავა ეთერში და უახლეს ინფორმაციას მიაწვდის მსმენელს. გარდა ამისა, გადაცემაში პირდაპირი ჩართვების საშუალებით მოხდება მსმენელისთვის საჭირო და საინტერესო სერვისების ანონსი, უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელთა მონაწილეობით“.
“ვაკანსია” – „ეს იქნება გადაცემა მათთვის, ვისაც დასაქმება სურს. ყოველდრიურად რადიო “ფორტუნას” ეთერში ჟღერს ინფორმაცია HR.COM.GE – ზე არსებული VIP ვაკანსიების შესახებ. მსმენელი აგზავნის CV რეზიუმს მისთვის სასურველ ვაკანსიაზე და დამსაქმებელი კომპანია არჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს. შერჩეულ მონაწილეეებთან გასაუბრება მოხდება პირდაპირ ეთერში კომპანიის HR დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან. საუკეთესო კონკურსანტი გადავა მეორე ეტაპზე ან ავტომატურად ხდება დასაქმებული. პროექტის არსებობის მანძილზე (2008-2013) ათასამდე ადამიანია დასაქმებული“.
ოქროს ტალღა – „პროექტი ”ოქროს ტალღა” საქართველოშო შოუ-ბიზნესის წახალისების მიზნით ტარდება და ახალი სახეების აღმოჩენასთან ერთად, საუკეთესო სიმღერების გამოვლენისა და პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა. ეს გულისხმობს პროექტში როგორც ახალბედა, ასევე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი სახეების ჩართულობას. დამატებითი სტიმული კონკურსანტებისთვის ის საპრიზო ფონდი იქნება, რომელიც წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა. “ოქროს ტალღა” იქნება სიმღერების დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონია, რომელსაც ჩაატარებს კომპანია “რადიო საქართველო”. როგორც კონცეფციაშია აღნიშნული რადიოები “ფორტუნა”, “ფორტუნა+”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო” სხვადასხვა მუსილაკურ გემოვნებსა და და ასაკობრივ სეგმენტზე გათვლილი რეიტინგული რადიოსადგურებია. ოთხივე რადიოსადგურს გააჩნია ფორმატულად განსხვავებული მუსიკალური არქივი და მუდმივად განახლებადი ბაზა. ეს კი საშუალებას აძლევს პროექტში ჩაერთოს ყველა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ “ოქროს ტალღა” სახალხო პროექტია, რაც გულისხმობს მასში მსმენელთა აქტიურ ჩართულობას, კომპანია “რადიო საქართველოს” მუსიკალური რედაქციას მიიჩნია, რომ მსგვასი სახის პროექტს უნდა ჰქონდეს ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა კომპეტენტური რედაქციის სახით. სწორედ ამ მიზნით, კომპანია “რადიო საქართველოს” ბაზაზე იქმნება საპროდიუსერო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ რადიოსადგურების საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები“.
პრეს–ნიუსი – „პრეს დაიჯესტი მსმენელს საშუალებას მისცემს დილიდან შეიტყოს, რას წერენ ქართული ჟურნალ-გაზეთები. წამყვანი მოკლედ მიმოიხილავს ბეჭდვითი მედიის სიახლეებს და აქცენტებს მთავარ თემებზე გააკეთებს. ობიექტური მიმოხილვა მსმენელს საშუალებას მისცემს დილიდან გააკეთონ არჩევანი მათთვის საინტერესო გამოცემებსა და თემებზე“.
„ასტროლოგიური პროგნოზი“ – „კომპეტენტური ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 12 ზოდიაქოს ნიშნის ასტრო პროგნოზს მიმოიხილავს და შემაჯამებელ პროგნოზს გააკეთებს. როგორც სამაუწყებლო კონცეფციაშია აღნიშნული ეს რუბრიკა განსაკუთრებით დააინტერესებს ჰოროსკოპის მოყვარული მსმენელს, რადგან ესაა უნიკალური საშულება დილიდან და თანაც ექსკლუზიურად მიიღო ინფორმაცია ქვეყნის ყველაზე კომპეტენტური ასტროლოგისგან“.
არტ-FM - "ყველაფერი, რაც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ხდება. კინოპრემიერები, საკონცერტო ტურნეები, კონცერტები, მოდური ჩვენებები, საქველმოქმედო აქციები, გამოფენები, თეატრალური სიახლეები და სხვ. კულტურული სიახლეების შეჯამება, მომდევნო დღის ღონისძიებათა ანონსი და პირდაპირი ჩართვები დღის სტუმრებთან".
ჰიტების გალერეა – „მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსების მიერ შექმნილი ჰიტები. როგორ იწერებოდა ყველაზე პოპულარული სიმღერები და რა საინტერესო ისტორიები უძღოდა წინ მათ შექმნას. ოქროს ჰიტები, რომლებმაც გადალახეს ოქროს სტანდარტის ზღვარი, სიმღერები, რომლებიც მრავალჯერ გაჟღერდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვარსკვლავების შესრულებით“.
სპორტ-ნიუსი – „ეს იქნება გადაცემა სპორტის ნამდვილი მელომანებისთვის. სპორტის ყველა სახეობის მიმოხილვა და გასული დღის სპორტული მოვლენების სრული შეჯამება, მიმდინარე სიაახლეების ანონსი და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრიდან“.
ბიზნეს-კურიერი – „რუბრიკა, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა თემას მიეძღვნება და ბიზნეს-სექტორში მიმდინარე სიახლეებს განიხილავს. უცხოური ვალუტის კურსი ქართულ ვალუტასთან მიმართებაში, ოქროსა და საწვავის ფასები და სასაქონლო ბირჟის მიმოხილვა, ჩართვა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟიდან“.
პულსი – „პულსი იქნება გადაცემა, რომელიც ჯანმრთელობას დაეთმობა და უამრავი საინტერსო რჩევით იქნება გაჯერებული. გადაცემა ყოველდღიურად ერთ კონკრეტულ პრობლემას მიეძღვნება და ამ პრობლემის გადაჭრის ტრადიციულ და არატრადიცულ მეთოდებზე მოგვითხრობს. წამყვანის შემეცნებით მასალას თან ახლავს ცნობილი ექიმების და პროფესორ-მეცნიერების კომენტარები და რჩევები, რომელიც ყველა მსმენელისთვის საინტერესოა. ჯანრთელობის 5 წუთი არის საუკეთესო საშუალება დაზოგო დრო და ქვეყნის წამყვანი სპეცილისტებისგან მიიღო სასარგებლო რჩევები“.
ლიმონი – „ყვითელი პრესის მიმოხილვა, ყველაზე ცნობილი გამოცემების მიმოხილვა, ჭორები, ახალი ამბები და საინტერესო ისტორიები მთავარი გმირის არასანქცირებული სატელეფონო ჩართვით. ვინ ადასტურებს და ვინ უარყოფს ბეჭდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას“.
ეთსეტერა – „მსოფლიოს ყველაზე ცნობილი, ლეგენდად ქცეული ადამიანების ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ისტორიები, სხვა კუთხით დანახული სამყარო“.
ბონ ვოიაჟი – „ყოველდღე, რადიომსმენელს საშუალება მისცემს იმოგზაუროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მოინახულოს ქვეყნების და ქალაქების ღირსშესანიშნაობები, ეწვიოს ეგზოტიკურ კურორტებს, მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია რომელიც გამოადგება და დასჭირდება გამგზავრებამდე ნებისმიერ ტურისტს“.
weekend-show – „დილის შემეცნებით გასართობი გადაცემა, რომელსაც გაუძღვება 2 წამყვანი. დღის თემა, სატელეფონო ზარები, თხოვნები, უახლოესი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები, კონცერტები, ტურნეები, ახალი ალბომები, ახალი ფილმები, პრემიერები, სიახლეები მაღაზიაბიდან, გათამაშებები და სტუმრები“.
სტილი – „სიახლეები მსოფლიო მოდის სამყაროდან - სეზონური რჩევები ცნობილი დიზაინერებისაგან, ის, რაც უნდა იცოდეთ პარფიუმერიის, ესთეტიკისა და სილამაზის შესახებ. თავის მოვლის უახლესი საშუალებები, პარფიუმერული სამყაროს ნოვაციები და რჩევები ყველაზე აქტუალური თემების გარშემო“.
წარმატების ფორმულა – „წარმატების ფორმულა გასართობ-შემეცნებითი ხასიათის გადაცემა იქნება. იგი მოიცავს საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური თემების ფართო სპექტრს და არ კონცერტრირდება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხზე. გადაცემა ითვალისწინებს ბიზნესში ჩართული ადამიანების სტუმრობას და თავისუფალ თემებზე საუბარს“.
რაკურსი – „ეკა საათაშვილის საავტორო გადაცემა “რაკურსი”კვირის სოციალურ-პოლიტიკური აქტუალური თემების ანალიზი, კვირის მთავარი მოვლენების შეფასება სტუმრებთან ერთად“.
სპორტ-დაიჯესტი – „კვირის განმავლობაში განვითარებული ყველაზე აქტუალური სპორტული მოვლენები. ქართული და უცხოური სპორტის შეჯამება, ანონსი, ანალიზი. მთავარი თემის განხილვა მოწვეულ სტუმართან ერთად“.
შენიშვნა: შპს ”რადიო საქართველო” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის შემდეგ ლიცენზიებს №B63, №B64 (რადიო ფორტუნა), №B65, №B66 (რადიო ფორტუნა პლუსი), №B89 (ავტო რადიო), №B78 (რადიო არ დაიდარდო). აღნიშნული რადიოსადგურები წარმოადგენენ მოქმედ რადიოსადგურებს, შესაბამისად წარმოდგენილ კონფეცფიაში მითითებული ცალკეული პროგრამები უკვე განთავსებულია ზემოაღნიშნული რადიოსადგურების სამაუწყებლო ბადეებში.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ყვარელში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 3 დეკემბერს 16:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”რადიო საქართველოს” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/1556-13, 25.11.2013წ.) საფუძველზე მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო საქართველოს” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩხიკვაძემ სალიცენზიო გადასახდელის - 2,227.50 (ორი ათას ორასოცდაშვიდი და 50) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ყვარელში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”რადიო საქართველო”;
2. უზრუნველყოს შპს ”რადიო საქართველომ”, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 445.50 (ოთხასორმოცდახუთი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 1,559.25 (ერთი ათას ხუთასორმოცდაცხრამეტი და 25) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (მ. ნინუა);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო საქართველოსთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
