ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2013
ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 50-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. გორში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 28 ოქტომბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2013 წლის 29 ნოემბრის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,682.50 (ექვსი ათას ექვსასოთხმოცდაორი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის №686/7 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/30-13, 23.10.2013) და შპს “რადიო საქართველომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/26-13, 23.10.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 50-ე პუნქტით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს; კერძოდ:
ა) შპს “რადიო საქართველოს” მიერ წარმოდგენილ განაცხადზე არ იყო თანდართული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ ასევე არასრულად იყო წარმოდგენილი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);
ბ) შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები. საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არასწორად იყო შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ იყო მითითებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ნომრები), ასევე არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №639/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს “რადიო საქართველოს” და შპს ”ევროპა პლუს თბილისის” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 4 ნოემბერს შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ (წერილი №6/6380-13) და შპს “რადიო საქართველოს” მიერ (წერილი №6/6385-13) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ზეპირი მოსმენა ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 2 დეკემბერს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”რადიო საქართველოს” გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, უფლებემოსილი წარმომადგენლები ნატა ხარაშვილი და ირაკლი ჩხიკვაძე ასევე შპს ”ევროპა პლუს თბილისის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა, შპს „რადიო საქართველოს“ და შპს “ევროპა პლუს თბილისის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე (შედარებითი ანალიზი).
წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციების შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.
1. შპს „ევროპა პლუს თბილისის“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;
- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;
- ახალგაზრდული გადაცემები;
- სპორტული გადაცემები;
- საბავშვო გადაცემები;
ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა.
საინფორმაციო გამოშვება - შპს ”ევროპა პლუს თბილისის” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ კომპანია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს „ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემას, რომელიც ეთერში გავა ყოველი საათის დასაწყისში და მიაწვდის მსმენელს ოპერატიულ, ობიექტურ, მიუკერძოებელ და დეტალურ ინფორმაციას შიდა ქართლის რეგიონში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ‚ სოციალურ‚ კულტურულ თუ სპორტულ მოვლენებზე“.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
მთელი კვირა - „ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, რომელიც შიდა ქართლში რეგიონში, ქვეყანაში და მსოფლიოში კვირის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოიხილავს“.
რთული თემა – „ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, რომელშიც განიხილება რეგიონის და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემატიკის საკითხები. გადაცემა მიეძღვნება ერთ კონკრეტულ პრობლემას და მისი განხილვა მოხდება კომპეტენტურ პიროვნებებთან ერთად“.
სუბიექტური თვალით - „ყოველკვირეული რადიორეპორტაჟი, რომელსაც მონაცვლეობით მოამზადებენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. რადიორეპორტაჟი შეეხება ავტორის მიერ რეგიონში შერჩეულ პრობლემას, მოვლენას თუ ისტორიას. შესაბამისად, ფოკუსში მოხვდება მსმენელისთვის საინტერესო, განსხვავებული თვალით დანახული მრავალფეროვანი თემატიკა“.
ცხელი საუბარი – „ყოველკვირეული ინტერაქტიული თოქ-შოუ, დებატი, დისკუსია რეგიონში თუ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე საზოგადოების სხვადასხვა კომპეტენტური სტუმრების მონაწილეობით“.
პრესის ფურცლებზე - „ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა, რომელიც მიაწვდის მსმენელს რეგიონის, ქვეყნის და საერთაშორისო პრესის მნიშვნელოვანი სტატიების შესახებ ინფორმაციას“.
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
სოციუმი - „ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელიც შესთავაზებს რადიომსმენელს რეგიონში არსებული აქტუალური სოციალური თემების განხილვას“.
ჩემი დრო - „ყოველკვირეული ინტერაქტიული თოქ-შოუ, რომელშიც რადიომსმენელს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი ჩართულობით მონაწილეობა მიიღოს აქტუალური თემატიკის განხილვაში, დასვას კითხვები მისთვის საინტერესო საკითხის გარშემო და მიიღოს განმარტებები და საინტერესო პასუხები“.
საგანძური - „ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა, მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების და ხელოვნების შესახებ“.
საქმიანი საათი – „ყოველდღიური სპეციალური საგანმანათლებო-საინფორმაციო პროგრამა, რომლის მიზანია მოუთხროს მსმენელს ეკონომიკის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ“.
ბიზნესის დრო - „ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნესი, ან გადაწყვეტილი აქვს მისი წამოწყება. ექსპერტების და წარმატებული ბიზნესმენების რჩევები, ნოვაციები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები, ინფორმაცია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არსებული მიღწევების შესახებ“.
მეურნე - „ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა, რომლის მიზანია სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს მსმენელს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ საკითხებზე“.
ჩემი კუთხე - „ყოველკვირეული შემეცნებითი თოქ-შოუ, რომლის მონაწილეები - რეგიონში ცნობილი პერსონები ისაუბრებენ და განიხილავენ კუთხის სოციალურ, კულტურულ და საყოფაცხოვრებო პრობლემატიკას საკუთარი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, რეალურ ფაქტებზე და კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით“.
კოლორიტი - „ყოველკვირეული რადიო-პორტრეტი, რომლის გმირებიც რეგიონში ყველასთვის კარგად ცნობილი კოლორიტული, ღვაწლმოსილი პიროვნებები არიან“.
ვისაუბროთ ჯანმრთელობაზე - „ყოველკვირეული ინტერაქტიული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა მედიცინის შესახებ. უახლესი ინფორმაცია სფეროში არსებული სიახლეების, მსოფლიო მოწინავე პრაქტიკის, ინოვაციების, ტენდენციების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. მსმენელს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში დაუსვას გადაცემაში მოწვეულ სპეციალისტს შეკითხვა და მიიღოს პასუხი და სასარგებლო რჩევები“.
კანონი ხალხისათვის - „ყოველკვირეული ინტერაქტიული საგანმანათლებო-შემეცნებითი ინტერაქტიული გადაცემა სამართლის საკითხებზე, რომელიც საშუალებას მისცემს მსმენელს, გაერკვეს სხვადასხვა კანონებში, მიიღოს ინფორმაცია ძველი თუ ახალი კანონების მნიშვნელობასა და მოქმედებაზე, დასვას კითხვები პირდაპირ ეთერში და კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს პასუხები“.
კულტურის ამბები - „ყოველდღიური საინფორმაციო-საგანმანათლებო-შემეცნებითი ფორმატის გადაცემა, რომელიც გააშუქებს კულტურის სფეროში მომხდარ და მიმდინარე ამბებს, მიაწვდის მსმენელს ინფორმაციას მომავალი პრემიერების შესახებ“.
გურმანი - „ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი კულინარიული გადაცემა, რომელშიც პროფესიონალი მზარეულის მიერ მოწვეული სტუმრები აუდიტორიას სხვადასხვა კერძების საკუთარი რეცეპტებით მომზადების საიდუმლოს გაანდობენ“.
წიგნების კარადა - „ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული სიახლეებისა და კლასიკური ნაწარმოებების შესახებ“.
თარიღები - „ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა, რომელიც კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებულ (კალენდარის მიხედვით) მოვლენებზე მოგვითხრობს“.
სტუმარ-მასპინძელი - „ყოველკვირეული სამოგზაურო ნარკვევი. გადაცემის წამყვანი არჩევს რეგიონის ერთ, ჩვეულებრივ მაცხოვრებელს, სტუმრად ეწვევა მის ოჯახს, სადაც უშუალო, ოჯახურ გარემოში, დიალოგის რეჟიმში ხდება სხვადასხვა თემების, პრობლემების განხილვა“.
მრევლი - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა რელიგიის შესახებ, რელიგიის, საზოგადოების, სახელმწიფოს და კულტურის ურთიერთქმედების საკითხები.
აზრები - ყოველდღიური რუბრიკა, რომელშიც შევა გამოჩენილი ადამიანების საინტერესო მოსაზრებები, ფრაზები, აზრები.
მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:
დილა - „ყოველდღიური საინფორმაციო მუსიკალურ-გასართობი დილის გადაცემა, უახლესი ინფორმაცია რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიოში განვითარებული პოლიტიკური‚ სოციალური‚ კულტურული და სპორტული მოვლენების შესახებ, „დილა“-ს შემოქმედებითი ჯგუფი მოწვეულ სტუმრებთან ერთად შესთავაზებს მსმენელს მრავალფეროვან შემეცნებით, გასართობ და მუსიკალურ ბლოკებს“.
მუსიკალური სკივრი - „ყოველკვირეული მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა, რომლის მეშვეობით, მსმენელი მოისმენს ქართული ეროვნული ფოლკლორისა და მსოფლიო კლასიკის შედევრებს, მოისმენს საინტერესო ინფორმაციას ქართველ და უცხოელ კომპოზიტორებზე, ნაწარმოებებზე, შემსრულებლებზე, ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ“.
მუსიკალური ზონა - „ყოველდღიური ინტერაქტიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც მსმენელს გააცნობს მსოფლიო მუსიკალური სამყაროს სიახლეებსა და მოვლენებს“.
ქართული ჰანგები – „ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელშიც გაჟღერდება როგორც მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი ქართულ ჯგუფების მიერ შესრულებული პოპულარული და რეტრო-ჰიტები, ასევე ამ გადაცემის მეშვეობით მსმენელი გაეცნობა ახალი შემსრულებლებისა და მუსიკალური ჯგუფების შემოქმედებას“.
სიცილის 1 წუთი - „ყოველდღიური იუმორისტული რუბრიკა. სხვადასხვა ადამიანებს ეთმობათ დრო, რომელშიც უნდა მოყვენ ანეკდოტი, ან სახალისო ისტორიები“.
პოეზიის 1 წუთი - „ყოველდღიური რუბრიკა, რომელშიც მსმენელი ეცნობა ქართული პოეზიის შედევრებს“.
ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:
ხაზზე ვარ მე... – „ყოველკვირეული ინტერაქტიური ახალგაზრდული გადაცემა, რომელსაც მრავალფეროვანი ფორმატი ექნება, ამ ფორმატს განსაზღვრავენ წამყვანები მსმენელებთან ერთად. ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყოველდღიური თუ ტაბუირებული თემები, დისკუსიები და განხილვები. ინტერაქტივის ფორმატი ახალგაზრდა მსმენელს მისცემს როგორც საკუთარი აზრისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, ასევე განსხვავებული მოსაზრების მოსმენის საშუალებას“.
ონლაინი – „ყოველდღიური ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც სოციალურ ქსელებში, ბლოგებსა თუ ვებ-გვერდებზე განხილვად აქტუალურ თემებს მიეძღვნება“.
5 წუთი - „ყოველკვირეული თოქ-შოუ, რომლის მიზანია პრინციპით ვინ? რა? სად? როდის? როგორ? მოწვეულ რესპოდენტთან ერთად გააშუქოს და გააანალიზოს კონკრეტული რეზონანსული მოვლენა“.
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
სპორტის სიახლეები - „ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ“.
სპორტული კვირა - „ყოველკვირეული სპორტული საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა, რეგიონში, საქართველოში და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებს დაუთმობს ეთერს“.
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
მაცაცერა - „ყოველდღიური საბავშვო გასართობი შემეცნებით-საგანმანათლებო გადაცემა პატარებისთვის“.
მინი-კლუბი - „ყოველდღიური საბავშვო თამაში-ვიქტორინა პატარა რადიომსმენელებითვის“.
ზღაპრის გუდა - „ყოველდღიური საბავშვო გადაცემა. ქართული და მსოფლიო საუკეთესო ზღაპრები პატარა მსმენელებისთვის“.
2. შპს „რადიო საქართველოს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;
- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;
- სპორტული გადაცემები;
ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა.
საინფორმაციო გამოშვება – „საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა საათში ორჯერ, სრულ საათსა და ნახევარზე. გამოშვება ეთერში იქნება დილის 08:00 დან ღამის 00:00 საათამდე. სრულ საათზე საინფორმაციო გამოშვება გაგრძელდება 6-7 წთ-ის განმავლობაში, ხოლო მოკლე საინფორმაციო გამოშვება 1-2 წთ-ს. საინფორმციო გამოშვებების მთავარ თემებს რადიოს საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციები წარმოადგენს. ეთერში გასული ინფორმაციის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს რადიო “ფორტუნას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. სარედაქციო ჯგუფი დამოუკიდებელი იქნება გადაწყვეტილებებში“.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
პრეს–ნიუსი – „პრეს დაიჯესტი მსმენელს საშუალებას მისცემს დილიდან შეიტყოს, რას წერენ ქართული ჟურნალ-გაზეთები. წამყვანი მოკლედ მიმოიხილავს ბეჭდვითი მედიის სიახლეებს და აქცენტებს მთავარ თემებზე გააკეთებს. ობიექტური მიმოხილვა მსმენელს საშუალებას მისცემს დილიდან გააკეთონ არჩევანი მათთვის საინტერესო გამოცემებსა და თემებზე“.
რაკურსი – „ეკა საათაშვილის საავტორო გადაცემა “რაკურსი”კვირის სოციალურ-პოლიტიკური აქტუალური თემების ანალიზი, კვირის მთავარი მოვლენების შეფასება სტუმრებთან ერთად“.
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
გადაცემა ბიზნეს-ნიუსი – „რუბრიკა ბიზნესის მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელიც დღეში 3-ჯერ გავა ეთერში და უახლეს ინფორმაციას მიაწვდის მსმენელს. გარდა ამისა, გადაცემაში პირდაპირი ჩართვების საშუალებით მოხდება მსმენელისთვის საჭირო და საინტერესო სერვისების ანონსი, უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელთა მონაწილეობით“.
“ვაკანსია” – „ეს იქნება გადაცემა მათთვის, ვისაც დასაქმება სურს. ყოველდრიურად რადიო “ფორტუნას” ეთერში ჟღერს ინფორმაცია HR.COM.GE – ზე არსებული VIP ვაკანსიების შესახებ. მსმენელი აგზავნის CV რეზიუმს მისთვის სასურველ ვაკანსიაზე და დამსაქმებელი კომპანია არჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს. შერჩეულ მონაწილეეებთან გასაუბრება მოხდება პირდაპირ ეთერში კომპანიის HR დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან. საუკეთესო კონკურსანტი გადავა მეორე ეტაპზე ან ავტომატურად ხდება დასაქმებული. პროექტის არსებობის მანძილზე (2008-2013) ათასამდე ადამიანია დასაქმებული“.
ბიზნეს-კურიერი – „რუბრიკა, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა თემას მიეძღვნება და ბიზნეს-სექტორში მიმდინარე სიახლეებს განიხილავს. უცხოური ვალუტის კურსი ქართულ ვალუტასთან მიმართებაში, ოქროსა და საწვავის ფასები და სასაქონლო ბირჟის მიმოხილვა, ჩართვა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟიდან“.
პულსი – „პულსი იქნება გადაცემა, რომელიც ჯანმრთელობას დაეთმობა და უამრავი საინტერსო რჩევით იქნება გაჯერებული. გადაცემა ყოველდღიურად ერთ კონკრეტულ პრობლემას მიეძღვნება და ამ პრობლემის გადაჭრის ტრადიციულ და არატრადიცულ მეთოდებზე მოგვითხრობს. წამყვანის შემეცნებით მასალას თან ახლავს ცნობილი ექიმების და პროფესორ-მეცნიერების კომენტარები და რჩევები, რომელიც ყველა მსმენელისთვის საინტერესოა. ჯანრთელობის 5 წუთი არის საუკეთესო საშუალება დაზოგო დრო და ქვეყნის წამყვანი სპეცილისტებისგან მიიღო სასარგებლო რჩევები“.
ეთსეტერა – „მსოფლიოს ყველაზე ცნობილი, ლეგენდად ქცეული ადამიანების ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ისტორიები, სხვა კუთხით დანახული სამყარო“.
ბონ ვოიაჟი – „ყოველდღე, რადიომსმენელს საშუალება მისცემს იმოგზაუროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მოინახულოს ქვეყნების და ქალაქების ღირსშესანიშნაობები, ეწვიოს ეგზოტიკურ კურორტებს, მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია რომელიც გამოადგება და დასჭირდება გამგზავრებამდე ნებისმიერ ტურისტს“.
weekend-show – „დილის შემეცნებით გასართობი გადაცემა, რომელსაც გაუძღვება 2 წამყვანი. დღის თემა, სატელეფონო ზარები, თხოვნები, უახლოესი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები, კონცერტები, ტურნეები, ახალი ალბომები, ახალი ფილმები, პრემიერები, სიახლეები მაღაზიაბიდან, გათამაშებები და სტუმრები“.
სტილი – „სიახლეები მსოფლიო მოდის სამყაროდან - სეზონური რჩევები ცნობილი დიზაინერებისაგან, ის, რაც უნდა იცოდეთ პარფიუმერიის, ესთეტიკისა და სილამაზის შესახებ. თავის მოვლის უახლესი საშუალებები, პარფიუმერული სამყაროს ნოვაციები და რჩევები ყველაზე აქტუალური თემების გარშემო“.
წარმატების ფორმულა – „წარმატების ფორმულა გასართობ-შემეცნებითი ხასიათის გადაცემა იქნება. იგი მოიცავს საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური თემების ფართო სპექტრს და არ კონცერტრირდება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხზე. გადაცემა ითვალისწინებს ბიზნესში ჩართული ადამიანების სტუმრობას და თავისუფალ თემებზე საუბარს“.
„ასტროლოგიური პროგნოზი“ – „კომპეტენტური ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 12 ზოდიაქოს ნიშნის ასტრო პროგნოზს მიმოიხილავს და შემაჯამებელ პროგნოზს გააკეთებს. როგორც სამაუწყებლო კონცეფციაშია აღნიშნული ეს რუბრიკა განსაკუთრებით დააინტერესებს ჰოროსკოპის მოყვარული მსმენელს, რადგან ესაა უნიკალური საშულება დილიდან და თანაც ექსკლუზიურად მიიღო ინფორმაცია ქვეყნის ყველაზე კომპეტენტური ასტროლოგისგან“.
მუსიკალურ-გასართობი თემატიკის ფარგლებში:
ოქროს ტალღა – „პროექტი ”ოქროს ტალღა” საქართველოშო შოუ-ბიზნესის წახალისების მიზნით ტარდება და ახალი სახეების აღმოჩენასთან ერთად, საუკეთესო სიმღერების გამოვლენისა და პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა. ეს გულისხმობს პროექტში როგორც ახალბედა, ასევე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი სახეების ჩართულობას. დამატებითი სტიმული კონკურსანტებისთვის ის საპრიზო ფონდი იქნება, რომელიც წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა. “ოქროს ტალღა” იქნება სიმღერების დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონია, რომელსაც ჩაატარებს კომპანია “რადიო საქართველო”. როგორც კონცეფციაშია აღნიშნული რადიოები “ფორტუნა”, “ფორტუნა+”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო” სხვადასხვა მუსილაკურ გემოვნებსა და და ასაკობრივ სეგმენტზე გათვლილი რეიტინგული რადიოსადგურებია. ოთხივე რადიოსადგურს გააჩნია ფორმატულად განსხვავებული მუსიკალური არქივი და მუდმივად განახლებადი ბაზა. ეს კი საშუალებას აძლევს პროექტში ჩაერთოს ყველა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ “ოქროს ტალღა” სახალხო პროექტია, რაც გულისხმობს მასში მსმენელთა აქტიურ ჩართულობას, კომპანია “რადიო საქართველოს” მუსიკალური რედაქციას მიიჩნია, რომ მსგვასი სახის პროექტს უნდა ჰქონდეს ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა კომპეტენტური რედაქციის სახით. სწორედ ამ მიზნით, კომპანია “რადიო საქართველოს” ბაზაზე იქმნება საპროდიუსერო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ რადიოსადგურების საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები“.
არტ-FM - "ყველაფერი, რაც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ხდება. კინოპრემიერები, საკონცერტო ტურნეები, კონცერტები, მოდური ჩვენებები, საქველმოქმედო აქციები, გამოფენები, თეატრალური სიახლეები და სხვ. კულტურული სიახლეების შეჯამება, მომდევნო დღის ღონისძიებათა ანონსი და პირდაპირი ჩართვები დღის სტუმრებთან".
ჰიტების გალერეა – „მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსების მიერ შექმნილი ჰიტები. როგორ იწერებოდა ყველაზე პოპულარული სიმღერები და რა საინტერესო ისტორიები უძღოდა წინ მათ შექმნას. ოქროს ჰიტები, რომლებმაც გადალახეს ოქროს სტანდარტის ზღვარი, სიმღერები, რომლებიც მრავალჯერ გაჟღერდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვარსკვლავების შესრულებით“.
ლიმონი – „ყვითელი პრესის მიმოხილვა, ყველაზე ცნობილი გამოცემების მიმოხილვა, ჭორები, ახალი ამბები და საინტერესო ისტორიები მთავარი გმირის არასანქცირებული სატელეფონო ჩართვით. ვინ ადასტურებს და ვინ უარყოფს ბეჭდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას“.
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
სპორტ-ნიუსი – „ეს იქნება გადაცემა სპორტის ნამდვილი მელომანებისთვის. სპორტის ყველა სახეობის მიმოხილვა და გასული დღის სპორტული მოვლენების სრული შეჯამება, მიმდინარე სიაახლეების ანონსი და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრიდან“.
სპორტ-დაიჯესტი – „კვირის განმავლობაში განვითარებული ყველაზე აქტუალური სპორტული მოვლენები. ქართული და უცხოური სპორტის შეჯამება, ანონსი, ანალიზი. მთავარი თემის განხილვა მოწვეულ სტუმართან ერთად“.
შენიშვნა: შპს ”რადიო საქართველო” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის შემდეგ ლიცენზიებს №B63, №B64 (რადიო ფორტუნა), №B65, №B66 (რადიო ფორტუნა პლუსი), №B89 (ავტო რადიო), №B78 (რადიო არ დაიდარდო). აღნიშნული რადიოსადგურები წარმოადგენენ მოქმედ რადიოსადგურებს, შესაბამისად წარმოდგენილ კონცეფციაში მითითებული ცალკეული პროგრამები უკვე განთავსებულია ზემოაღნიშნული რადიოსადგურების სამაუწყებლო ბადეებში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “რადიო საქართველოს” და შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები და შედარებითი ანალიზისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/1556-13, 25.11.2013წ.) საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი უპირატესად უზრუნველყოფილია შპს „ევროპა პლუს–თბილისის“ მიერ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „ევროპა პლუს–თბილისის“ სამაუწყებლო კონცეფციაში წარმოდგენილი საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები გაჯერებულია შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებით, რაც შპს „რადიო საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში უზრუნველყოფილი არ არის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილებით დადგინდა ის თემატური კატეგორიები, რომელთა დეფიციტსაც განიცდის ქართული რადიო სადგურები დღეს. რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით ქართულ რადიო სივრცეს აკლია შემეცნებითი გადაცემები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნას ლიცენზიის მაძიებლების მიერ შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნებაც, რაც როგორც რაოდენობრივად, ისე თემატურად მეტწილად უზრუნველყოფილია შპს „ევროპა პლუს თბილისის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 3 დეკემბერს 16:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “რადიო საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე და შპს ”ევროპა პლუს თბილისის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.
კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. პირველად კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. გორში შპს ”ევროპა პლუს თბილისის” გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის სამივე წევრმა (აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი). შესაბამისად შპს “რადიო საქართველოს” გამარჯვებულად გამოვლენის საკითხი კენჭისყრაზე აღარ დამდგარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ევროპა პლუს თბილისი”;
2. უზრუნველყოს შპს ”ევროპა პლუს თბილისმა”, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1,336.50 (ერთი ათას სამასოცდათექვსმეტი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4,677.75 (ოთხი ათას ექვსასსამოცდაჩვიდმეტი და 75) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (მ. ნინუა);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ევროპა პლუს თბილისისთვის” და შპს “რადიო საქართველოსთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
