წვდომის მენიუ

შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 710 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2013

შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/482-13; 21.11.2013) მიმართეს შპს „სტერეო+“-მა  და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“ კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1  და 2013 წლის 25 მარტის №186/2 გადაწყვეტილებებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ± 3 მჰც სიხშირული ზოლი მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 2 ივნისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ა) პუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტერეო+“-ის და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ განცხადებების (კომისიაში რეგისტრაციის N7/472-13, 20.11.2013; N7/473-13, 20.11.2013) საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის № 683/5 გადაწყვეტილებით წინასწარი თანხმობა მიეცა შპს „სტერეო+“-სს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ გადაპირებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“  შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 6 იანვარს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-ისთვის და შპს  საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

 4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                            აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები