წვდომის მენიუ

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 711 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2013

 

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6836-13 – 26.11.2013) მიმართა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით.

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ 2013 წლის 17 ოქტომბერს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის საფუძველზე მიმართა შპს „სუპერ ტვ“-ს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნით და მოსთხოვა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ შპს „სუპერ ტვ“-ს სამომხმარებლო პაკეტში განთავსება, რასთან დაკავშირებითაც შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ 2013 წლის 19 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილ იქნა სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ სიგნალის ქსელში განთავსებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების მიწოდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ შპს „სუპერ ტვ“-ს მიაწოდა ტექნიკური საშუალებები იმ ტექნიკური პარამეტრებით, რაც განსაზღვრულია „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-სთვის შემდეგი ტექნიკური საშუალებების მიწოდება:

-    მეტრული (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის ანალოგური სიგნალის საარხო მიმღები (ე.წ. მოდულატორი) -მწარმოებელი Terraelectronics; მოდელი Teraa MT 420; სერიული CMT420C13390229;

-      თანამგზავრული მიმღები, ოფსეტური ანტენა, მიმღები თავაკი + მაგთისატის ბარათი-მწარმოებელი Magtisat; მოდელი ZHD210 HDTV; სერიული 12308245206;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებული ტექნიკური საშუალებების ზუსტი ხარისხი და მახასიათებლები წინასწარ იყო შეთანხმებული შპს „სუპერ ტვ“-ს ტექნიკურ სამსახურთან, 2013 წლის 28 ოქტომბრის წერილით, შპს „სუპერ ტვ“-მ უარი განაცხადა მის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტში სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ ჩართვაზე იმის გამო, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ მიწოდებული თანამგზავრული მიმღები საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო და შესაბამისად, არ შეესაბამებოდა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებას.

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ მიაჩნია, რომ მათ მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის მიწოდებული ტექნიკური აღჭურვილობა სრულად შეესაბამება კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ სიხშირის ტრანზიტორს და ახდენს სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ რეტრანსლირებას „მაგთისატის“ ქსელში, ამავე დროს, შპს „მაგთიკომი“ ასევე უზრუნველყოფს ტელეკომპანიისთვის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების მიმღებ-გადამცემი ტექნიკური საშუალებების მიწოდებას. ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ განმარტებით მიწოდებული თანამგზავრული მიმღები (რესივერი) არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ტექნიკას; იგი, მის ოფსეტურ ანტენასთან, მიმღებ თავაკთან და „მაგთისატის“ ბარათთან ერთად წარმოადგენს სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ სიგნალის მიმღებ-გადამცემ მოწყობილობას, აღნიშნული აპარატურა არ არის ჩართული „მაგთისატის“ ბილინგის სისტემაში, რაც გამორიცხავს აღნიშნული ტექნიკის საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

მოთხოვნები:

1. დაევალოს შპს „სუპერ ტვ“-ს, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ შპს „სუპერ ტვ“-ს სამომხმარებლო პაკეტში განთავსება;

2. დაეკისროს შპს „სუპერ ტვ“-ს შესაბამისი სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოსკანონის 401 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო;

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 ნოემბერს, კომისიაში დამატებით წარმოდგენილ იქნა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ განცხადება (28.11.2014 N6/6878-13) სადაც აღნიშნულია, რომ „მაგთისატის“ ის ტექნიკური საშუალებები, რომლის მიწოდებაც უზრუნველყო ააიპ „სამოქალქო განათლების ფონდმა“ შპს „სუპერ ტვ“-სთვის, უკვე გამოიყენება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული სხვა პირების (შპს „სინემა კახეთი“, შპს „გორდა“, შპს „ტელევიზია კახეთი“) მიერ სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ საკაბელო ქსელში რეტრანსლირებისთვის.

   კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის 4 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სუპერ ტვ“-ს შეპასუხება (კომისიაში რეგისტრაციის N6/6945–13), რომელშიც აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში განთავსებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. როგორც შეპასუხებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 ოქტომბერს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნით მიმართა შპს „სუპერ ტვ“-ს, ამ უკანასკნელის მიერ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ განემარტა, თუ რა ტექნიკური საშუალებები იყო საჭირო იმისთვის, რომ მომხდარიყო სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ ჩართვა შპს „სუპერ ტვ“-ს როგორც ანალოგურ, ასევე DVBT სისტემის ქსელში, ასევე ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ გაეგზავნა ტრანზიტის განხორციელების შეთანხმება ხელმოსაწერად. როგორც შეპასუხებაშია აღნიშნული, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის არ იქნა მიწოდებული ის აპარატურა, რაც შესაბამისობაში იქნებოდა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებთან. შეპასუხებაში ასევე აღნიშნულია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ, შპს „სუპერ ტვ“-სთვის მიწოდებულ იქნა საერთო სარგებლობის (საყოფაცხოვრებო) თანამგზავრული მიმღები მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება „მაგთისატის“ თანამგზავრიდან სატელევიზიო სიგნალის აბონენტებისთვის მისაწოდებლად. შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადებით, აღნიშნულს ადასტურებს ასევე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ინჟინრის მიერ 2013 წლის 15 ნოემბერს შედგენილი ტექნიკური დათვალიერების ოქმით.

შპს „სუპერ ტვ“-ს შეპასუხებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ შპს „სუპერ ტვ“-ს ქსელში განთავსებისთვის, შპს „სუპერ ტვ“ ითხოვს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ მიწოდებულ იქნას კომპანია BLANKOM Digital GmbH პროფესიული რესივერი, სასურველია ჰქონდეს ASI გამოსასვლელი - DRD 694/695 (ან სხვა მსგავსი პროფესიული აპარატურა) რომელიც აღიქვამს/გახსნის თანამგზავრული ოპერატორის სიგნალს ან დამატებით CAM მოდული და კომპანიის სატელევიზიო სიგნალის მისაღებად შესაბამისი ბარათი http://www.dvbc.ruphp/catalogue/digital-headend-products/ird/blankom-drd-694.

  კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2013 წლის 5 დეკემბერის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (N04/2574-13 - 19.11.13; N04/2575-13 - 19.11.13) ეცნობათ შპს „სუპერ ტვ”-ს და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

საკითხის განხილვას ესწრებოდნენ შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლები სოფო ნემსაძე, არჩილ თაბაგარი  და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  წარმომადგენლები გიორგი ფრუიძე, ირაკლი მჟავია და თორნიკე უსტარაშვილი.

     კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საჩივარში ჩამოყალიბებულ პოზიციას და აღნიშნეს, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ შპს „სუპერ ტვ“-ს მიაწოდა ტექნიკური საშუალებები იმ ტექნიკური პარამეტრებით, რაც განსაზღვრულია „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლიდან გამომდინარე განათავსოს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ სამაუწყებლო არხი „ტაბულა“ კომპანიის სატრანზიტო პაკეტში.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლებმა (ს.ნემსაძე, ა.თაბაგარი) აღნიშნეს, რომ შპს „სუპერ ტვ“ მზად არის განათავსოს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ სამაუწყებლო არხი „ტაბულა“ საკუთარ სატრანზიტო ქსელში, იმ სტანდარტებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც შესაბამისობაშია კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებთან. რაც შეეხება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის მიწოდებულ ტექნიკურ საშუალებას, შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის მიწოდებული „მაგთისატის“ თანამგზავრული მიმღები ZHD210 HDTV (რესივერი) წარმოადგენს საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობას და შესაბამისად, არ შეესაბამება კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ პარამეტრებს.

კომისია, მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე აღნიშნავს შემდეგს:

1. ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ ფლობს კერძო (საერთო) მაუწყებლობის NB21, NB91 და NB99  ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებს კერძო (საერთო) ტელემაუწყებლობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში (მათ შორის ქ.თბილისში) რადიოსიხშირული სპექტრის (საეთერო მაუწყებლობა) გამოყენებით; ამავე დროს, ააიპ “სამოქალაქო განათლების ფონდი“ კერძო მაუწყებლობის NB21 ლიცენზია ასევე ითვალისწინებს მაუწყებლობის უფლებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

2. შპს „სუპერ ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს და ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ქ.თბილისში.

3. „მაუწყებლობისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ხოლო 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებ გვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს. 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს, ხოლო ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ავტორიზებული პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა შედის კომისიის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სფეროში და გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი საჩივრების განხილვისას ითვალისწინებს ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით.

   კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს ზეპირი მოსმენის სხდომაზე დასკვნის წარმოდგენა, თუ რამდენად შეესაბამება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის შეთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული   სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის   სიგნალის გავრცელებისთვის  აუცილებელი ტექნიკური   საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებას და რამდენადაა შესაძლებელი ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის მიწოდებული ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტული გავრცელება შპს „სუპერ ტვ”-ის ქსელში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე–401 მუხლის მე–11 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის (N6/6836-13 – 26.11.13) განხილვის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 20 დეკემბერს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) ტექნიკური დასკვნის წარმოდგენა, თუ რამდენად შეესაბამება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის შეთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული   სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის  აუცილებელი ტექნიკური   საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებას და რამდენადაა შესაძლებელი ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ შპს „სუპერ ტვ“-სთვის მიწოდებული ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტული გავრცელება შპს „სუპერ ტვ”-ის ქსელში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (მ. ნინუა);

5. გადაწყვეტილება (გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) 1 თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                        აკაკი სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                              სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                              ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები