შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2013
შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 25 იანვრის №10/1570-13 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 2013 წლის 4 ივნისის N365/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის აპარატის რადიოსიხსირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ტარდებოდა ყოველდღიური რადიოსიხშირული მონიტორინგი შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი №B121 და №B122 ლიცენზიებით განსაზღვრულ 21-ე (ქ. ზუგდიდი) და 30-ე (ქ. სენაკი) სატელევიზიო არხებზე. რადიომონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ არ ახორციელებდა მაუწყებლობას 2013 წლის 4 ივლისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პირველი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით და პირველი ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, რაც ჯამში შეადგენს 132 დღეს. რაც შეეხება 27-29 სექტემბერს, მონიტორინგი ტარდებოდა მხოლოდ R&H EB-200 მიმღების მეშვეობით. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 25 იანვრის №10/1570-13 მოხსენებით ბარათს, თან ერთვის ურთის სატაციონალური მონიტორინგის სადგურის ელექტრომექანიკოსის ალექსანდრე ჩაკვეტაძის 2013 წლის 21 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 27-29 სექტემბერს №B121 და №B122 ლიცენზიებით განსაზღვრულ 21-ე (ქ. ზუგდიდი) და 30-ე (ქ. სენაკი) სატელევიზიო არხებზე ვერ ჩატარდა მონიტორინგი ავტომოტოზირებული სისტემის მეშვეობით, რაც გამოწვეული იყო ჭექა-ქუხილის გამო ანალიზატორისა და კომპიუტერის დაზიანებით და ამ ორი დღის მაძილზე მონიტორინგი ჩატარდა სიხშირული მიმღების R&H EB-200-ის მეშვეობით; კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 25 იანვრის №10/1570-13 მოხსენებით ბარათს ასევე დართული აქვს DVD-R დისკებზე (6 დისკი) დატანილი ვიდეო მასალა და სპექტრის გამოსახულების გრაფიკები, რაც აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ადასტურებს შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ 1 წლის განმავლობაში, ჯამურად 134 დღის მანძილზე მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტს.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი - ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმების მიზნით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმებისა და შპს ,,სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის №51/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 8 იანვარს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-
გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ,,შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია
სამეგრელოსათვის “გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
