საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე. ამავე კანონის 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №7/189-13, 08.05.2013წ), შპს ,,არტპალასმა” (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №7/191-13, 10.05.2013წ., №7/190-13, 10.05.2013წ. და №6/2932-13, 03.06.2013წ.), შპს ,,რადიო კომერსანტმა” (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №7/209-13, 27.05.2013წ., და №6/2931-13, 03.06.2013წ.), შპს ,,მედია პაბმა” (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №7/226-13, 04.06.2013წ), შპს ,,რადიო იმედმა” (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №7/233-13, 07.06.2013წ და №7/212-13, 28.05.2013წ.) და მოქალაქე ბეგლარ ლოგუამ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №9/29-13, 18.04.2013წ.) თბილისში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი თბილისში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, რის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს შპს „არტ პალასმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/21-13, 19.07.2013), შპს ,,ენერჯი გრუპმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/22-13, 22.07.2013), შპს ,,სტერეო+”-მა (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/23-13, 22.07.2013), შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/24-13, 22.07.2013) და შპს ,,არტ რადიომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/25-13, 22.07.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად კომისიამ გამოარკვია, რომ ხუთივე კომპანიიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს. კერძოდ, კომპანიების მიერ წარმოდგენილ იქნა: ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის 10%–ს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ)ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) შესაბამისობის დეკლარაცია; ვ) სამაუწყებლო კონცეფცია; ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; თ) ცნობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის შესახებ; ი) ცნობა დაფინანსების შესახებ. ამასთან, შპს ,,ენერჯი გრუპმა“, ისევე როგორც კონკურსში მონაწილე სხვა კომპანიებმა, მათ მიერ წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციებში დაადასტურეს, რომ კომპანიები და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს, ან აქციებს პირდაპირ, ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილებით თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებით შპს „ენერჯი გრუპს“ მიეცა კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზია (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 1 ნოემბრამდე).
კომისია აღნიშნავს, 2013 წლის 20 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, იმავდროულად არის საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია კომისიას წერილობით მიაწოდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №11/22-13, 22.07.2013), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ენერჯი გრუპის“ 20% წილის მფლობელი მესაკუთრე და დირექტორი არის კახა ბაინდურაშვილი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ განმარტებით, ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, კომისიას არ უნდა გაეცა მაუწყებლობის ლიცენზია შპს ,,ენერჯი გრუპისთვის“. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ მიაჩნია, რომ შპს ,,ენერჯი გრუპმა“ კომისიის წევრები შეიყვანა შეცდომაში, რის შედეგად კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაში მოდის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და შესაბამისად, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ბათილია.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე. პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან http://www.gcci.ge/?48/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90/ ირკვევა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაარსდა 1960 წელს. ის აერთიანებს რეგიონალურ პალატებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ბიზნესის განვითარებას. პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგი შექმნილია და მუშაობს სპეციალური კანონის - ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ა) პუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრე არის პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი, შპს ,,ენერჯი გრუპი“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი, ანუ ლიცენზიის ბენეფიციარი მესაკუთრე კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, არ შეიძლება ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების მიღების დროს, კომისიისთვის ცნობილი არ იყო, რომ შპს ,,ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელი და დირექტორი კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; ამასთან, შპს ,,ენერჯი გრუპი“ კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში მიუთითებდა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ახლად გამოვლენილი გარემოება წარმოადგენს კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო - ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-61 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება, თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე, მიღებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებით შპს „ენერჯი გრუპს“ მიეცა კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზია, აღნიშნული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობა უნდა მოხდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ1) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 8 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ენერჯი გრუპისათვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
