შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2013
შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) სამსახურებრივი ბარათი (№10/571-13; 25.11.13.) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიამ 2013 წლის 13 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება №569/23, კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ,,მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” ცვლილებების შეტანის მიზნით, კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №427/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ამავე დროს კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნული წარმოების ფარგლებში შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს ,,მობიტელს“ დაევალათ 2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 7 თვის მონაცემების საფუძველზე მომზადებული მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმითა და ვადაში კომისიაში წარმოდგენა. ამასთან, კომისიამ 2013 წლის 25 სექტემბრის №08/2016-13 წერილით შპს „მობიტელისაგან“ მოითხოვა შპს „მობიტელის“ მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელისათვის დაემატებინა 2013 წლის ივნისის და ივლისის თვეების მონაცემები. ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2013 წლის 7 ოქტომბერი. შპს ,,მობიტელმა“ სამჯერ მიმართა კომისიას აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანია ვერ შეძლებდა გაანგარიშების მოთხოვნილ ვადაში წარმოდგენას. კერძოდ: 2013 წლის 2 ოქტომბრის №594/13 წერილით მოითხოვა ვადის 14 ოქტომბრამდე გაგრძელება; 2013 წლის 11 ოქტომბრის №601/13 წერილით მოითხოვა ვადის 28 ოქტომბრამდე გაგრძელება; 2013 წლის 28 ოქტომბრის №774/13 წერილით მოითხოვა ვადის 18 ნოემბრამდე გაგრძელება. ვიანიდან, აღნიშნული საკითხის ზეპირი მოსმენა უნდა გამართულიყო 2013 წლის 29 ნოემბერს, შესაბამისად, 18 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე დრო არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაემოწმებინა შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გაანგარიშების სიზუსტე, 2013 წლის 12 ნოემბერს, შპს „მობიტელს“ გაეგზავნა კომისიის წერილობითი (№ 08/2457-13; 12.11.13.) მოთხოვნა ინფორმაციის დაუყონებლივ - 2013 წლის 13 ნოემბრის 19 საათამდე წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული წერილის პასუხად შპს ,,მობიტელმა“ კომისიას წერილობით (№1173/13, 13.11.13.) აცნობა, რომ შპს „მობიტელმა“ 2013 წლის 28 ოქტომბრის წერილით მიმართა კომისიას და მოითხოვა ინფორმაციის წარმოსადგენი ვადის 18 ნოემბრამდე გაგრძელება და ვინაიდან კომისიის მხრიდან პასუხი არ მიუღია, შპს „მობიტელმა“ ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამავე დროს, შპს ,,მობიტელმა“ წერილში მიუთითა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა შეუძლებელია ერთ დღეში, ამიტომ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება 2013 წლის 18 ნოემბრის 19 საათამდე. აღნიშნულის მიუხედავად, შპს „მობიტელს“ დღემდე არ წარმოუდგენია კომისიის 2013 წლის 25 სექტემბრის №08/2016-13 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „მობიტელს“დღემდე არ შეუსრულებია კომისიის 2013 წლის 13 სექტემბრის №569/13 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულება და კომისაში არ წარმოუდგენია 2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 7 თვის მონაცემების საფუძველზე მომზადებული მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოწოდება, შესაბამისი ფორმითა და ვადაში, ამასთან, მიუხედავად კომისიის არაერთი წერილობითი მოთხოვნისა კომისიაში წარმოედგინა შპს „მობიტელის“ მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელი 2013 წლის ივნისის და ივლისის თვეების მონაცემებით, შპს ,,მობიტელს“ დღემდე არ წარმოუდგენია კომისიის მიერ მისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 2 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 6 დეკემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,მობიტელს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება შპს ,,მობიტელს“ ჩაბარდა 2013 წლის 3 დეკემბერს, მისი წარმომადგენელი კომისიის 2013 წლის 6 დეკემბერის სხდომაზე არ გამოცხადდა. კომისიამ, ხმათა უმრავლესობით (ორი ხმა ერთი ხმის წინააღმდეგ), გადადო საკითხის განხილვა 2013 წლის 13 დეკემბრისთვის, რის თაობაზეც შპს ,,მობიტელს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,მობიტელს“ დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება 2013 წლის 9 დეკემბერს (გზავნილის ნომერი: 03/2673-13), მისი წარმომადგენელი 2013 წლის 13 დეკემბრის კომისიის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 25 ნოემბრის №10/1571-13 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2013 წლის 13 სექტემბრის №569/23 გადაწყვეტილება;
3. კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №427/23 გადაწყვეტილება;
4. კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილება;
5. კომისიის 2013 წლის 25 სექტემბრის №08/2016-13 წერილი;
6. შპს ,,მობიტელის“ 2013 წლის 2 ოქტომბრის №594/13 წერილი;
7. შპს ,,მობიტელის“ 2013 წლის 11 ოქტომბრის №601/13 წერილი;
8. შპს ,,მობიტელის“ 2013 წლის 28 ოქტომბრის №774/13 წერილი;
9. კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის 08/2457-13 წერილი;
10. შპს ,,მობიტელის“ 2013 წლის 13 ნოემბრის №1173/13 წერილი;
11. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
12. შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,მობიტელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 9.03.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. კომისიამ 2013 წლის 13 სექტემბერს მიიღო №569/23 გადაწყვეტილება, კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ,,მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” ცვლილებების შეტანის მიზნით, კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №427/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ამავე დროს კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნული წარმოების ფარგლებში შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს ,,მობიტელს“ დაევალათ 2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 7 თვის მონაცემების საფუძველზე მომზადებული მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმითა და ვადაში კომისიაში წარმოდგენა;
4. კომისიამ 2013 წლის 25 სექტემბრის №08/2016-13 წერილით შპს „მობიტელისაგან“ მოითხოვა შპს „მობიტელის“ მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელისთვის დაემატებინა 2013 წლის ივნისის და ივლისის თვეების მონაცემები. ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2013 წლის 7 ოქტომბერი;
5. შპს ,,მობიტელმა“ სამჯერ მიმართა კომისიას აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანია ვერ შეძლებს გაანგარიშების მოთხოვნილ ვადაში წარმოდგენას. კერძოდ: 2013 წლის 2 ოქტომბრის №594/13 წერილით მოითხოვა ვადის 14 ოქტომბრამდე გაგრძელება; 2013 წლის 11 ოქტომბრის №601/13 წერილით მოითხოვა ვადის 28 ოქტომბრამდე გაგრძელება; 2013 წლის 28 ოქტომბრის №774/13 წერილით მოითხოვა ვადის 18 ნოემბრამდე გაგრძელება;
6. ვინაიდან აღნიშნული საკითხის ზეპირი მოსმენა უნდა გამართულიყო 2013 წლის 29 ნოემბერს, შესაბამისად, 18 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე დრო არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაემოწმებინა შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და გაანგარიშების სიზუსტე, 2013 წლის 12 ნოემბერს შპს „მობიტელს“ გაეგზავნა კომისიის წერილობითი (№ 08/2457-13; 12.11.13.) მოთხოვნა ინფორმაციის დაუყონებლივ - 2013 წლის 13 ნოემბრის 19 საათამდე წარმოდგენის თაობაზე;
7. აღნიშნული წერილის პასუხად შპს ,,მობიტელმა“ კომისიას წერილობით (№1173/13, 13.11.13.) აცნობა, რომ შპს „მობიტელმა“ 2013 წლის 28 ოქტომბერს წერილობით მიმართა კომისიას ინფორმაციის წარმოსადგენი ვადის 18 ნოემბრამდე გაგრძელების თაობაზე და ვინაიდან კომისიის მხრიდან პასუხი არ მიუღია, შპს „მობიტელმა“ ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შპს ,,მობიტელი“ წერილში აღნიშნადა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა შეუძლებელი იყო ერთ დღეში, ამიტომ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნებოდა 2013 წლის 18 ნოემბრის 19 საათამდე;
8. კომისიის 2013 წლის 13 სექტემბერის №569/23 გადაწყვეტილებითა და კომისიის წერილობითი მოთხოვნების მიუხედავად, შპს „მობიტელს“ კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია მისგან გამოთხოვილი ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „მობიტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „მობიტელს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „მობიტელს“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,მობიტელს“ უზრუნველყოს 2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 7 თვის მონაცემების საფუძველზე მომზადებული მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მობიტელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარატმენტს (ე.ასანიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
