წვდომის მენიუ

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ,,ჯეოსელისთვის” თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 743 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2013

 

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ,,ჯეოსელისთვის” თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“). ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო  მე-19 მუხლის    მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისიას 2013 წლის 8 ნოემბერს  N2964 (კომისიაში რეგისტრაციის N6/6450-13) განცხადებით მიმართა შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა“. განცხადებას ხელს აწერენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ რეაბილიტაციის მმართველი ირაკლი ქაშაკაშვილი და დირექტორი დავით თუთბერიძე. აღნიშული განცხადების თანახმად, კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილებით შპს ,,ჯეოსელს“ კომისიამ მისცა თანხმობა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან“, 2003 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ, შპს ,,ჯეოსელისგან“ მიღებულ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დარიცხული საფასურის - 162,953.83 ლარის ოდენობით არსებული დავალიანების 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუფარაობის შემთხვევაში. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ არ იქნა დაფარული შპს ,,ჯეოსელის“ დავალიანება და 2010 წლიდან შპს ,,ჯეოსელმა“ შეაჩერა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან“ მოქმედი ურთიერთჩართვა შემომავალი ზარების ნაწილში, ხოლო 2013 წლის 01 აგვისტოდან ფიზიკურად გათიშა ურთიერთჩართვის არხები, როგორც შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებაშია აღნიშნული.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ირკვევა, რომ 2013 წლის 16 მაისიდან შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (საქმე N2/5795-13). აღნიშნული საქმისწარმოების ფარგლებში სასამართლომ განიხილა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა მოთხოვნები და დააამტკიცა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში მეშვიდე რიგის მოთხოვნად გათვალისწინებულია შპს ,,ჯეოსელის“ მოთხოვნა 162,841.81 ლარის ოდენობით.

2013 წლის 01 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა გადაწყვეტილება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ რეაბილიტაციის შესახებ, დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი და განისაზღვრა რეაბილიტაციის მმართველისა და დირექტორის უფლებამოსილებათა ფარგლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ რეაბილიტაციის გეგმა, რომელშიც სხვა მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებულია შპს ,,ჯეოსელის” მოთხოვნის 162,841.81 ლარის სრულად დაკმაყოფილება და აღნიშნული თანხის დაფარვა რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ ევალება 2016 წლის 31 დეკემბრიდან 36 თვის მანძილზე, თვეში 4,523 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელმა“ მოითხოვა, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება  2009 წლის 20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით და გაუქმდეს კომისიის მიერ შპს ,,ჯეოსელისათვის“ მიცემული თანხმობა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან’’ 2003 წლის 01 ოქტომბრის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნა დასაბუთებულია შემდეგი გარემოებებით:

1.       დღეის მდგომარეობით, რეაბილიტაციის გეგმიდან გამომდინარე, აღნიშნული დავალიანება აღარ წარმოადგენს ვადამოსულ დავალიანებას შესაბამისად, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მხრიდან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ აქვს და ამდენად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს;

2.       შპს ,,ჯეოსელის“ დავალიანება გათვალისწინებულია რეაბილიტაციის გეგმაში და მისი შესრულება აღარ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას ურთიერთჩართვის შეჩერების სახით;

3.       ურთიერთჩართვის გათიშვის შედეგად, შპს ,,ჯეოსელის“ აბონენტები ვეღარ რეკავენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ აბონენტთან, რის გამოც კომპანია ვეღარ რთავს ახალ აბონენტებს და უფრო მეტიც, კარგავს ძველ აბონენტებს, რაც ზიანს აყენებს კომპანიას და აზრს უკარგავს კომპანიის რეაბილიტაციის პროცესს, ასევე აზარალებს დანარჩენ კრედიტორთა ინტერესებს;

4.       შპს ,,ჯეოსელის“ მხრიდან ურთიერთჩართვის გათიშვა აიძულებს შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ დამატებითი ძალისხმევა გაწიოს (მაგ. სასამართლო დავა) შპს ,,ჯეოსელთან“ ურთიერთჩართვის აღსადგენად, რაც ცხადია ასევე დააზარალებს დანარჩენ კრედიტორთა ინტერესებს.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 2013 წლის 8 ნოემბრის  N2964 (კომისიაში რეგისტრაციის N6/6450-13) განცხადების საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადების განხილვის მიზნით; საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 13 დეკემბერს 18:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს ,,ჯეოსელს“ ეცნობათ შეტყობინებით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2013 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე, რომელმაც მხარი დაუჭირა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის დავალიანება, რომლის გამო შპს ,,ჯეოსელს“ 2009 წლის  20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ მიეცა თანხმობა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე,  დღესაც არსებობს და ის ფაქტი, რომ სასამართლოს მიერ დავალიანების დასაფარად სხვა ვადები განისაზღვრა არ წარმოადგენს ახალ გარემოებას და განაცხადა, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს. კომისიის მხრიდან დასმულ კითხვაზე, წარმოადგენს, თუ არა ურთიერთჩართვის შეჩერება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას, შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ ურთიერთჩართვის შეჩერება ნაწილობრივ წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას, თუმცა მისი განმარტებით, ურთიერთჩართვის შეჩერება ამავდროულად წარმოადგენს იმ ოპერატორის დაცვის მექანიზმს, რომლის მიმართაც არსებობს დავალიანება.

2013 წლის 13 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ დააყენა წერილობითი შუამდგომლობა და მოითხოვა მისი 2013 წლის 8 ნოემბრის N2964 (კომისიაში რეგისტრაციის N6/6450-13) განცხადების დაკმაყოფილება და აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა; კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი კვირის ვადაში, შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტაციის სრულად და საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.             შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 2013 წლის 8 ნოემბრის N6/6450-13 განცხადება;

2.             თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 01 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნის თაობაზე (საქმე N2/5795-13);

3.             თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 01 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურების დაწყების შესახებ (საქმე N2/5795-13);

4.             თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 01 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორისა და რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრის შესახებ (საქმე N2/5795-13);

5.             თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე (საქმე N2/5795-13);

6.             კომისიის 2013 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორის დავით თუთბერიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

7.             კომისიის 2013 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის დავით თუთბერიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.          ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია, ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა, მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

2.          ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს; ამავე კანონის მე-3 მუხლის ს) პუნქტის თანახმად, რეაბილიტაცია წარმოადგენს საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით; ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან: იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება  ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;

3.          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილებით შპს ,,ჯეოსელს“ კომისიამ მისცა თანხმობა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან“, 2003 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ, შპს ,,ჯეოსელისგან“ მიღებულ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დარიცხული საფასურის - 162,953.83 ლარის ოდენობით არსებული დავალიანების 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუფარაობის შემთხვევაში; აღნიშნული დავალიანება, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ არ იქნა დაფარული, რის შემდეგ შპს ,,ჯეოსელმა“ შეუჩერა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ მოქმედი ურთიერთჩართვა;

2.       თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 01 აგვისტოს განჩინებით შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნის საფუძველზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

3.       თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ რეაბილიტაციის გეგმა, რომელშიც სხვა მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებულია შპს ,,ჯეოსელის“ მოთხოვნის -162,841.81 ლარის სრულად დაკმაყოფილება და აღნიშნული თანხის დაფარვა, რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ დაეკისრა 2016 წლის 31 დეკემბრიდან 36 თვის მანძილზე თვეში 4,523 ლარის ოდენობით;

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული დავალიანების გადახდის პირობები შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც დამტკიცა რეაბილიტაციის გეგმა და არსებული დავალიანების გადახდა გადავადდა 2016 წლის 31 დეკემბრამდე; აღნიშნული წარმოადგენს ისეთ ახალ გარემოებას, რაც იძლევა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ურთიერთჩართვის შეჩერება წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის  გახსნა წარმოადგენს აღნიშნული უზრუნველყოფის შეჩერების საფუძველს;

კომისიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 162,841.81 ლარის ოდენობით  შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული დავალიანების უზრუნველსაყოფად, ვეღარ იმოქმედებს კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები შპს ,,ჯეოსელის“ მიერ შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 მუხლის ს) პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლისა და  63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.           შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.           შევიდეს ცვლილებები კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N628/16 გადაწყვეტილების   მეორე პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მიეცეს თანხმობა შპს ,,ჯეოსელს” შეაჩეროს შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან” 2003 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ 2003 წლის პირველი ოქტომბრის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, შპს ,,ჯეოსელისგან“ მიღებულ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დარიცხულ საფასურს - 162,953.83 ლარსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმით შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ გათვალისწინებულ დავალიანებას -162,841.81 ლარს შორის სხვაობის - 112.02 ლარის, 5 სამუშაო დღის ვადაში, სრულად დაუფარაობის შემთხვევაში;

ბ) რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული თანხის - 162,841.81 ლარის, რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრულ ვადაში (2016 წლის 31 დეკემბრიდან 36 თვის მანძილზე) დაუფარაობის შემთხვევაში;

გ) შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს ,,ჯეოსელს“ შორის 2003 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელზე“ დარიცხული საფასურის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ  ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში“; 

3.           გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

4.           დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისა“ და შპს ,,ჯეოსელისათვის“  გაგზავნა;

5.           გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მისი დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისა” და შპს ,,ჯეოსელისათვის” ჩაბარების დღიდან;

6.           კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                  ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები