წვდომის მენიუ

შპს “INTERMEDIARY“-ის 100% წილის ფიზიკურ პირ არჩილ კაპანაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 752 / 11

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 25 ნოემბერს წერილით მიმართა შპს “INTERMEDIARY“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6801-13. 25.11.2013), ფიზიკურ პირ ირაკლი ბაკურაძის მფლობელობაში არსებული შპს “INTERMEDIARY“-ის 100% წილის ფიზიკურ პირ არჩილ კაპანაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “INTERMEDIARY“   წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

WiFi.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “INTERMEDIARY“-ის  მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- შპს “INTERMEDIARY“-ის  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № 6/6801-13. 25.11.13)  შპს “INTERMEDIARY“-ის  წილის 100%-ის მფლობელის ირაკლი ბაკურაძისაგან შპს “INTERMEDIARY“-ის  წილის 100%-ის  არჩილ კაპანაძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;

- ინფორმაცია  შპს “INTERMEDIARY“-ის  საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “INTERMEDIARY“-ის  შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “INTERMEDIARY“-ის  აბონენტთა ოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “INTERMEDIARY“-ის  ურთიერთდამოკიდებული/აფილირე-ბული პირების შესახებ;

- შპს “INTERMEDIARY“-ის  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

შპს “INTERMEDIARY“-ის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “INTERMEDIARY“-ის  დამფუძნებელი და წილის 100%-ის მფლობელია ირაკლი ბაკურაძე, რომელიც ამავე დროს არის შპს “INTERMEDIARY“-ის  დირექტორი.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის №10/1635-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “INTERMEDIARY“-ის, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის   წილის 100%-ის შეძენის მსურველი არჩილ კაპანაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 3 დეკემბრის №10/1630-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ  შპს “INTERMEDIARY“-ის  საქმიანობის ძირითადი სახეა WiFi ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურება და აღნიშნულ მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქალაქ თბილისში. შპს “INTERMEDIARY“-ის   აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 170 აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 25870 ლარი.

შესაბამისად, შპს “INTERMEDIARY“-ის  აბონენტთა ხვედრითმა წილმა ქალაქ თბილისში ინტერნეტის საცალო მომხმარებლების საერთო რაოდენობაში 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 0,06% შეადგინა, ხოლო ქალაქ თბილისში ინტერნეტ მომსახურებით გაწეული მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “INTERMEDIARY“-ის შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა - 0,03%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს “INTERMEDIARY“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არჩილ კაპანაძის მიერ შეძენის შემთხვევაში,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, შპს “INTERMEDIARY“-ის წილის შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე  შესვლისას.  

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “INTERMEDIARY“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არჩილ კაპანაძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “INTERMEDIARY“-ს, შპს “INTERMEDIARY“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არჩილ კაპანაძის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “INTERMEDIARY“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “INTERMEDIARY“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის  თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                          აკაკი სიხარულიძე  

         კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები