წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ს განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: 753 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2013

 

 

           საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ნოემბერს  კომისიას საჩივრით მიმართა შპს „პალიტრა TV“-მ (კომისიაში რეგისტრაციის 12.11.13 N6/6471-13) შპს „მაგთიკომის“  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.  კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „პალიტრა TV”-მ არაერთხელ  მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს „მაგთიკომს“, შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებასთან დაკავშირებით. როგორც საჩივარშია აღნიშნული, მოთხოვნა ეფუძნებოდა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველ პუნქტს .  შპს „პალიტრა TV” საჩივარში აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, შპს „მაგთიკომის“  მიერ არ განხორციელდა შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ განიხილოს აღნიშნული საკითხი და ამავე დროს, დაავალდებულოს შპს „მაგთიკომი“,  რათა მან  განათავსოს  შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხი მის  სამომხარებლო პაკეტში,  გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველი პუნქტიდან და ასევე ითხოვს შპს „მაგთიკომის“ სანქცირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

             კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პალიტრა TV”–ს 2013 წლის 12 ნოემბრის საჩივართან დაკავშირებით, შპს „მაგთიკომმა“  2013 წლის 14 ნოემბერს N13/212-2 (კომისიაში რეგისტრაციის   N6/6519-13 - 14.11.2013) წერილობითი შეპასუხება წამოადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიამ 2013 წლის 01 აგვისტოს განიხილა შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ს განცხადება და კომისიის 2013 წლის 01 აგვისტოს N477/12 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა შპს „პალიტრა TV“-ს განცხადება (30.07.2013 N6/4169-13)  შპს „მაგთიკომის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „მაგთიკომის“ გაფრთხილების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის  ფაქტის დაუდასტურებლობის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის 01 აგვისტოდან დღემდე არ შეცვლილა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის N477/12 გადაწყვეტილებას და შპს „პალიტრა TV“–ს საჩივრიდან არ იკვეთება რაიმე სახის ახლად აღმოჩენილი გარემოება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182–ე მუხლის თანახმად, შპს „პალიტრა TV“–ს უარი უნდა ეთქვას საჩივრის განხილვაზე.

             კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პალიტრა TV“–მ საჩივარი,  შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლით გათვალისწინებული  ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის 12 ნოემბერს; შესაბამისად,  საკითხის წარმოებაში მიღების განსახილველად საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ  წერილობითი  შეტყობინებებით ეცნობათ  შპს „პალიტრა TV“–ს (19.11.2013 N04/2508-13)  და შპს „მაგთიკომს“ (19.11.2013 N04/2507-13) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ იურისტი  დავით ძიძიგური და შპს „პალიტრა TV”–ს უფლებამოსილი წარმომადგენლები დავით ბასლანძე, კახაბერ გელაშვილი და თამუნა გიორგაძე.

            შპს „პალიტრა TV”–ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დავით ბასლანძემ აღნიშნა, რომ შპს „პალიტრა TV” ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია მოსთხოვოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს სავალდებულო ტრანზიტის განხორციელება. შპს „პალიტრა TV”–ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის 2013 წლის 01 აგვისტოს N477/12 გადაწყვეტილება „შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ს განცხადების განხილვის თაობაზე“ არ შეიძლება გახდეს  შპს „პალიტრა TV”–ს საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–401 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

2013 წლის 21 ნოემბერის კომისიის სხდომაზე,  შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხსნის 2013 წლის 14 ნოემბრის N13/212–2 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6519–13) დაყენებულ შუამდგომლობას შპს „პალიტრა TV”–ს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და თანახმაა აღნიშნული საჩივარი კომისიის მიერ მიღებულ იქნას წარმოებაში და შედგეს საკითხის არსებითი განხილვა.

კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს შპს „პალიტრა TV”–ს საჩივრის (N6/6471-13; 12.11.13)  წარმოებაში მიღებას და ფორმალური  ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას შპს „პალიტრა  TV”–ს საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი  მოსმენა ჩაინიშნა 2013 წლის 06 დეკემბრისათვის, 16:00 საათზე.

ამასთან, განსახილველი საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძეს) დაევალა ზეპირი მოსმენისათვის  დოკუმენტაციისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლის საფუძველზე, წარმოედგინა ტექნიკური დასკვნა თუ რამდენად შეესაბამება, სამომხმარებლო პაკეტში ჩართვის მიზნით, შპს  „პალიტრა TV”–ს  მიერ შპს „მაგთიკომისათვის“ შეთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა, კომისიის მიერ დადგენილ (2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილება) ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს, ხოლო კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალა შპს „პალიტრა TV”-ს მიერ თანამგზავრული მაუწყებლობის პრაქტიკული განხორციელების თაობაზე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

2013 წლის 06 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის  N6963-13; 06.12.2013) ჩანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე, რისი დაკმაყოფილების შედეგად,  საკითხის განხილვა გადაიდო 2013 წლის 11 დეკემბრისათვის, ხოლო შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N03/2690-13; 10.12.2013) სხდომის გადადების შესახებ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2013 წლის 04 დეკემბერს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ბ-ნ ნ. ასანიძეს N10/1636-13 სამსახურებრივი ბარათი, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ შპს „მაგთიკომი“ ვერ განათავსებს შპს „პალიტრა TV”–ს  მიერ ქ. თბილისში მდებარე „მაგთისატის“ სადგურამდე მიყვანილ სამაუწყებლო პროგრამას, თანამგზავრულ სამომხმარებლო პაკეტში, ვინაიდან  „მაგთისატის“ სამაუწყებლო პაკეტების ფორმირებისათვის გამოყენებული მიწისზედა თანამგზავრული სადგური მდებარეობს ქ. სტოკჰოლმში. შპს „პალიტრაTV”–ს  სამაუწყებლო პროგრამის „მაგთისატის“ სამაუწყებლო პაკეტში განთავსება შესაძლებელი გახდება, შპს „მაგთიკომის“ მიერ ქ. თბილისში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ 2014 წლის პირველი კვარტალი). რადიო სიხშირეთა მართვის დეპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ ის პროგრამები, რაც არ ვრცელდება თანამგზავრული სისტემების გამოყენებით „მაგთისატის“ მიერ ქ. თბილისის მიწისზედა სადგურიდან ქ. სტოკჰოლმამდე მიიტანება თანამგზავრული კავშირის დამხმარე ხაზის მეშვეობით, რომელშიც გამოყენებულია ორბიტალური შუალედური სადგური Astra 4A (პოზიცია 4,8◦). „მაგთისატის“ ინფორმაციით, Astra 4A-ს ოპერატორის მიერ ქ. თბილისში მდებარე მიწისზედა სადგურიდან ამ თანამგზავრამდე აღმავალი არხის სიხშირული ზოლის სიგანე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შეზღუდულია და მხოლოდ 12 მჰც ზოლის გამოყენებაა შესაძლებელი. ვინაიდან, ეს ზოლი მთლიანად ათვისებულია იმ პროგრამებით, რაც სადღეისოდ ქ. თბილისიდან ამ შუალედურ თანამგზავრამდე მიიტანება, ამავე ზოლში თუნდაც ერთი პროგრამის დამატება, შეუძლებელია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წლის 06 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის N10/1658-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შპს „პალიტრა TV”–ს მიერ თანამგზავრული მაუწყებლობა არ ხორციელდება, ვინაიდან, შპს „პალიტრა TV”–ს სიგნალი ხელმისაწვდომია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შპს „მაგთიკომი“  შეიძენს მესამე პირის (შპს „ბლექ სი სატის“) მიერ განხორციელებულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას (ტელემაუწყებლობის ტრანზიტის  მომსახურება), ხოლო სხვა შემთხვევაში შპს „პალიტრა TV“–ს სიგნალი მიუწვდომელია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადნენ შპს „მაგთიკომის“ იურისტი დავით ძიძიგური და შპს „პალიტრა TV”–ს უფლებამოსილი წარმომადგენლები: დავით ბასლანძე, კახაბერ გელაშვილი და თამუნა გიორგაძე.

შპს „პალიტრა TV”-ის წარმომადგენელმა  დავით ბასლანძემ ზეპირ მოსმენაზე აღნიშნა, რომ  შპს „მაგთიკომი“ მზადყოფნას აცხადებს შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავზებაზე, მხოლოდ შპს „პალიტრა TV”-ს ღია თანამგზავრული სიგნალის არსებობის შემთხვევაში, თუმცა შპს „მაგთიკომი“ ავტორიზებულია არა მხოლოდ თანამგზავრულ ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე, არამედ არათანამგზავრული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტზეც, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი დაშვების ქსელების მეშვეობით ტრანზიტზეც. შპს „პალიტრა TV”-ის წარმომადგენლისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეიძლება, რომ შპს „მაგთიკომმა“ არა თანამგზავრული სისტემებით, არამედ სხვა საკომუნიკაციო სისტემებით (ოპტიკით, კაბელით და ა.შ) ჩასვას თავის პაკეტში თანამგზავრული ლიცენზიის მქონე მაუწყებელი, ამ შემთხვევაში შპს „პალიტრა TV”-ი ?!.

შპს „პალიტრა TV”-ის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალბატონმა თამუნა გიორგაძემ ზეპირ მოსმენაზე განაცხადა, რომ შპს „პალიტრა TV”-ი წარმოადგენს თანამგზავრულ მაუწყებელს, ვიანაიდან  იგი მაუწყებლობს სიხშირის გამოყენებით შპს „ბლექ სი სატის“ მეშვეობით.

კომისიამ შპს „პალიტრა TV”-ის უფლებამოსილ წარმომადგენლებს განუმარტა, რომ თანამგზავრულ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებისას, ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს სავალდებულო ტრანზიტი მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირებისათვის, მათ შორის თანამგზავრული მაუწყებლისათვის, თუ რასაკვირველია ის უკანასკნელი პრაქტიკულად ახორციელებს თანამგზავრულ მაუწყებლობას. რაც შეეხება კაბელით ან IP ტექნოლოგიებით მაუწყებლობას, აღნიშნული წარმოადგენს არა ლიცენზირებად, არამედ ავტორიზებულ მაუწყებლობას, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის ვალდებულებითი დანაწესი - სავალდებულო ტრანზიტი არ ვრცელდება;  თუმცა, შპს „მაგთიკომს“ არ ეკრძალება მისთვის სასურველი მაღალი რეიტინგის მქონე ავტორიზებული მაუწყებლის  ჩასმაც თავის სამომხმარებლო პაკეტში.

2013 წლის 11 დეკემბერს ზეპირ მოსმენაზე შპს „მაგთიკომის“ იურისტმა დავით ძიძიგურმა განაცხადა, რომ თუ სიგნალი ღიაა, მაშინ ესეთი სიგნალი უპრობლემოდ იხსნება თანამგზავრიდან და ხდება მისი სამომხმარებლო პაკეტში ჩასმა. შპს „პალიტრა TV”-ის შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ვინაიდან სიგნალი არის კოდირებული შპს „ბელქ სი სატის“ მიერ,  ამ უკანასკნელის მიერ მხოლოდ საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განთავსებისათვის. შპს „ბლექ სი სატმა“ რომ გახსნას შპს „პალიტრა TV”-ის სიგნალი და შპს „მაგთიკომის“ მიერ მოხდეს ამ სიგნალის მიღება, შპს „პალიტრა TV”-ის სამაუწყებლო არხი იმ დღესვე მოხვდება  „მაგთისატის“ სამომხმარებლო პაკეტში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს ზეპირ მოსმენაზე კომისიის ინიციატივით დამატებით იქნა მოთხოვნილი შპს „ბლექ სი სატის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მოწვევა მოწმის სტატუსით, რის თაობაზეც შპს „ბლექ სი სატს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040007342594), ხოლო საკითხის განხილვა შედგა 2013 წლის 20 დეკემბერს.

კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „პალიტრა TV”-ის   უფლებამოსილი წარმომადგენლები დავით ბასლანძე, კახაბერ გელაშვილი და თამუნა გიორგაძე. აგრეთვე, შპს „მაგთიკომის“ იურისტი დავით ძიძიგური და შპს „ბლექ სი სატის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები მიხეილ ქადეიშვილი და გიორგი კობახია.

შპს „პალიტრა TV”–ს წარმომადგენელმა დავით ბასლანძემ მოახდინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის ციტირება და აღნიშნა , რომ „პალიტრა TV” მაუწყებლობს თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში და როგორც თანამგზავრულ მაუწყებელს მას კანონით აქვს მინიჭებული უფლება მოსთხოვოს მაუწყებლობის ტრანზიტზე  ავტორიზებულ პირს, ამ შემთხვევაში შპს „მაგთიკომს“, თავისი სამაუწყებლო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). შპს „პალიტრაTV”–ს  მიერ შეთავაზებული იყო ორნაირი საშუალება სიგნალის მიწოდების - ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით სს „სილქ ნეტის“ მეშვეობით ან შპს „ბლექ სი სატის“ რესივერით თანამგზავრზე ატანა, თუმცა ორივე შემთხვევაში შპს „მაგთიკომმა“  უარი განაცხადა შპს „პალიტრა TV”–ს  სამაუწყებლი არხის შპს „მაგთიკომის“ სამომხმარებლო პაკეტში განთავსებაზე.                                                                               

 შპს „პალიტრა TV”–თვის გაუგებარია  შპს „მაგთიკომის“ ორივე არგუმენტი; პირველი: ის რომ 12 მჰც ზოლი მთლიანად ათვისებულია იმ პროგრამებით, რაც სადღეისოდ ქ. თბილისიდან შუალედურ თანამგზავრამდე მიიტანება (Astra 4A)  და  რომ ამავე ზოლში თუნდაც ერთი პროგრამის დამატება, შეუძლებელია, ვერ იქნება გამაბათილებელი  არგუმენტი, რადგან კანონი ამას არ ითვალისწინებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლში გარკვევით წერია,  რომ მაუწყებელს აქვს უფლება მოსთხოვოს „სავალდებული ტრანზიტი“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ხოლო მეორე მხრივ, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მიიღოს მიწოდებული სიგნალი და სამომხმარებლო პაკეტში განათავსოს.  შპს „პალიტრა TV”–ს   წარმომადგენლისათვის მიუღებელია შპს „მაგთიკომის“ მეორე არგუმენტიც, რომ თანამგზავრული სიგნალი აუცილებლად უნდა იყოს ღია იმისათვის, რომ მოხდეს მისი მოხსნა და სამომხმარებლო პაკეტში ჩასმა, რადგან თვლის, რომ  კანონი არ მიუთითბს სიგნალი ღია უნდა იყოს თუ დახურული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „პალიტრა TV”–ს  მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მოთხოვნები და მათი სამაუწყებლო არხის შპს „მაგთიკომის“ სამომხმარებლო პაკეტში ვერ განთავსება გამომდინარებოს შპს „მაგთიკომის“ შიდა პოლიტიკიდან და არა იქიდან, რომ შპს „პალიტრა TV” ვერ ახერხებს მათზე  კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს შპს „მაგთიკომს“  მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს შპს „პალიტრა TV”–ს  სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. 

            შპს „მაგთიკომის“ იურისტის დავით ძიძიგურის აზრით, კანონი ვერ გაითვალისწინებს ყველაფერს, თუმცა ის, რომ  თანამგზავრული სიგნალი უნდა ვრცელდებოდეს თანამგზავრის მეშვეობით და არა ოპრიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, ამას ბევრი მსჯელობა არ სჭირდება. შპს „მაგთიკომის“ იურისტმა განაცხადა, რომ შპს „პალიტრა TV”  ვერ ახორციელებს თავსი ვალდებულებას, ის რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-3 პუნქტშია გაწერილი, კერძოდ, ვერ ახერხებს თავისი ხარჯით, ერთჯერადად მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანას.  შპს „მაგთიკომის“  იურისტმა კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ  შპს „ ბლექ სი სატის“ საშუალებით, დახურული კოდით მაუწყებლობა არ ნიშნავს თანამგზავრულ მაუწყებლობას, იმისათვის, რომ შპს „მაგთიკომმა“ მოხსნას შპს „პალიტრა TV”-ს სიგნალი და თავის სამომხმარებლო პაკეტში ჩასვას, შპს „მაგთიკომი“ უნდა გახდეს შპს „ბლექ სი სატის“ აბონენტი, უნდა დაიყენოს შპს „ბლექ სი სატის“ რესივერი ქ. სტოკჰოლმში, გახსნას ეს სიგნალი, როგორც ბოლო მომხმარებელმა და შემდეგ აღნიშნული სიგნალი ჩასვას თავის პაკეტში, რისი ვალდებულებაც შპს „მაგთიკომს“ არ აქვს.

          კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით, კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის სხდომისთვის მოწვეული იქნენ შპს „ბლექ სი სატის“ წარმომადგენლები მოწმის სტატუსით, რომლებმაც განაცხადეს, რომ შპს „პალიტრა TV” და შპს „ბლექ სი სატს“ შორის არის გაფორმებული ორი ხელშეკრულება, ერთი შპს „პალიტრა TV”-ს  შპს „ბლექ სი სატის“ პაკეტში ჩასმაზე და მისი კონტენტის შპს „ბლექ სი სატის“ სამომხმარებლო პაკეტით გავრცელებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია, მხოლოდ შპს „ბლექ სი სატის“ აბონენტებისათვის, და მეორე -  შპს „ბლექ სი სატის“ რესივერების გადაცემაზე შპს „პალიტრა TV“ - თვის; სხვა რაიმე სახის ხელშეკრულება მათ შორის არ არსებებს. შპს „ბლექ სი სატის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ შპს „პალიტრა TV” -ის სიგნალი ხელმისაწვდომია, მხოლოდ მათ ქსელში და მათი აბონენტებისათვის და არ არის თანამგზავრზე აყვანილი, როგორც ყველასათვის ხელმისაწვდომი მაუწყებელი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.             კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი (27.11.13 - N10/1584-13);

2.             შპს „პალიტრა TV”–ს  2013 წლის 12 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N6/6471-13);

3.             შპს „მაგთკომის“ 2013 წლის 14 ნოემბრის N13/212-2  შეპასუხება შპს „პალიტრა TV”–ს 2013 წლის 12 ნოემბრის საჩივარზე (კომისიაში რეგისტრაციის 14.11.2013; N6/6519-13);

4.             შპს „პალიტრა TV”–ს 2013 წლის 19 ნოემბრის N33 შეპასუხება (კომისიაში რეგისტრაციის 20.11.2013; N6/6658-13) დანართით - 9 ფურცელით;

5.             შპს „მაგთიკომის“ 2013 წლის 11 დეკემბრის N13/228-1 შეპასუხება შპს „პალიტრა TV”-ს 2013 წლის 12 ნოემბრის N6/6471-13 საჩივარზე და შპს „პალიტრა TV”-ს 19 ნოემბრის N33 შეპასუხებაზე (კომისიაში რეგისტრაციის 20 ნოემბრი  N6/6658-13) ;

6.             შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნილი შეტყობინებები (19.11.2013; N04/2507-13; 10.12.2013; N03/2690-13);

7.             შპს „პალიტრა TV”–თვის გაგზავნილი შეტყობინება (19.11.2013; N04/2508-13);

8.             შპს „ბლექ სი სატისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (040007342594);

9.             შპს „პალიტრა TV”–ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

10.          შპს „მაგთიკომისი“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეეესტრიდან;

11.           შპს „ბლექ სი სატისათვის“ გაგზავნილი კომისიის 2013 წლის 26 ნოემბრის N04/2551-13 წერილი;

12.          შპს „ბლექ სი სატი“-ს 2013 წლის 02 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/6914-13);

13.           შპს „პალიტრა TV”-თვის გაგზავნილი კომისიის 2013 წლის 26 ნოემბრის  N04/2550-13 წერილი;

14.          შპს „პალიტრა TV”–ს 2013 წლის 29 ნოემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/6886-13) თანდართული დოკუმენტებით - 3 ფურცელი;

15.          კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტაემენტის 2013 წლის 04 დეკემბრის N10/1636-13 სამსახურებრივი ბარათი;

16.          კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის  06 დეკემბრის N10/1658-13 სამსახურებრივი ბარათი;

17.          შპს „მაგთიკომის“ იურისტის დ. ძიძიგურის მიერ  კომისიის 2013 წლის 21 ნოემბერის, 11 და 20 დეკემბერის კომისიის სხდომებზე მიცემული  ახსნა-განმარტებები;

18.          შპს „პალიტრა TV”–ს უფლებამოსილი წარმომადგენლის დავით ბასლაძეს მიერ კომისიის 2013 წლის 21 ნოემბერის,  11 და 20 დეკემბერის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

19.          შპს „ბლექ სი სატის“ წარმომადგენლების მიერ მიხეილ ქადეიშვილის და გიორგი კობახიას მიერ კომისიისათვის  2013 წლის 20 დეკემბერს მიცემული ჩვენება.

ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, ასევე მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2.       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

3.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა.

4.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

5.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთ ვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებ გვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.

6.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

7.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში) შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, რომლის დაცვის ვალდებულებაც „ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აკისრია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

8.       კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები“, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელე-ბისათვის  აუცილებელი ტექნიკური   საშუალებების ტექნიკური მონაცემები, კერძოდ:

ტექნიკური საშუალების დასახელება

ტექნიკური საშუალების შესასვლელი

ტექნიკური საშუალების გამოსასვლელი

შენიშვნა

1

2

3

4

5

1

მიმღები ანტენა (ოფსეტური ან პარაბოლური) თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში

სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ)  შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში

ანტენის ფოკუსში მოთავსებული მაძლიერებელ-

-გარდამსახთან (LNB) შეთანხმებული, კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე

2

თანამგზავრული მიმღები:  არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების,  ტექნიკური საშუალებების კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის)  საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი, თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში

სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ)  შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

3

ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიღებული სატელევიზიო სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების   მიმღებ-გარდამსახი

ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიწოდებული ნაკადი

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

გამოყოფილი ხაზის უზრუნველყოფა (PP)  

4

მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის ანალოგური სიგნალის საარხო მიმღები

45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული  მაუწყებლობის  სიგნალი დონით არა უმცირეს 57დბმკვ VHF დიაპაზონში

65დბმკვ UHF დიაპაზონში

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

5

კოაქსიალური კაბელით მეტრულ ან დეციმეტრულ დიპაზონში ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების   მიმღებ-გარდამსახი

45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული  მაუწყებლობის  სიგნალი

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

6

ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის საარხო მოდულიატორი კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის)  საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი,   მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონებში ფუნქციონირებისთვის

ა) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური  ვიდეო(V) სიგნალის დონე

V-(0,8ვ÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

ბ) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური  ბგერითი(A) სიგნალის დონე

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

45მჰც÷862მჰც სიხშირულ დიაპაზონში ანალოგური ფორმატის სამაუწყებლო  სიგნალი,   მაქსიმალური დონით

120დბმკვ დატვირთვაზე 75ომი

7

MPEG კოდირების მოწყობილობა

ანალოგური ან ციფრული    (A/V, CVBS, SDI) სატელევიზიო სიგნალი

MPEG2 ან/და MPEG4 ფორმატის სიგნალი

8

ენკოდერი

ანალოგური ან ციფრული    (A/V, CVBS, SDI, H264) სატელევიზიო სიგნალი

 ციფრული სატრანსპორტო ნაკადი (TS)  

ციფრული/ანალოგური ფორმატის ცვლილებისათვის

9

მულტიპლექსორი

ციფრული სატრანსპორტო ნაკადები (TS)

გაერთიანებული ციფრული სატრანსპორტო ნაკადი

10

ეთერიდან  მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის პროგრამის მიმღები ანტენა (საარხო ან ფართე ზოლოვანი)

სამაუწყებლო სიგნალის დონე საარხო სიხშირეზე 57დბმკვ (VHF) დიაპაზონში

65დბმკვ (UHF) დიაპაზონში

ანტენასთან შეთანხმებული კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე

11

რადიოსარელეო ხაზის მიმღები მოწყობილობა საანტენო სისტემით

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი სიგნალი

9.       შპს „პალიტრა TV“ ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის NB136 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში შპს „პალიტრა TV”-ს განთავსების ვალდებულება აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს.

10.    შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.. A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ა) სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

გ) სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

დ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

2. A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

3. A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

4. A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

5. A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

6.A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM;

WCDMA;

CDMA.

7.A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

ა) თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

8.B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ა) ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ბ) საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

გ)საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

დ)ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

9.B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

ა) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ბ) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiMax;

WiFi;

3G;

CDMA.

10. B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი

ა) ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

ბ) რადიომაუწყებლობის ტრანზიტი;

11. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ა) ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ბ) მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

გ) როუმინგული კავშირით მომსახურება;

12. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ა) ტექსტური შეტყობინებებით მომსახურება;

ბ) მულტიმედიური შეტყობინებებით მომსახურება;

გ) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა)

დ)მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

ე) სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება;

13. B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

14. B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

ციფრული მონაცემის გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით;

15.B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;

16. B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

17. B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება;

          შპს „მაგთიკომი“, ავტორიზაციით გათვალისწინებულ სამაუწყებლო სატრანზიტო მომსახურებიდან ახორციელებს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას (B.S.4)  საქართველოს ტერიტორიაზე; შესაბამისად, მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს განათავსოს თანამგზავრული მაუწყებლობის განმახორციელებელი ნებისმიერი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის, მათ შორის, შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო პროგრამები სამომხმარებლო პაკეტში, თუ რასაკვირველია ამ უკანასკნელის მიერ პრაქტიკულად ხორციელდება თანამგზავრული მაუწყებლობა და მისი სიგნალი ხელმისაწვდომია სავალდებულო ტრანზიტის განმახორციელებელი ავტორიზებული პირისათვის, იმგვარად რომ ამ უკანასკნელს არ მოუწიოს სხვა მისივე კონკურენტი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებილისათვის (აბონენტისათვის) შეთავაზებული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების შესყიდვა.

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

12. შპს „მაგთიკომის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკიაციების“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  არც ერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.

13. კომისიას მიაჩნია, რომ არ დასტურდება შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველი პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებისა და კანონსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს შპს „მაგთიკომის“ მიმართ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხსიმგებლობის, კერძოდ, გაფრთხილების გამოყენების საფუძველი.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის,  მე-401 მუხლის,  „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3, მე-11 და 43-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 98-ე მუხლების,  VII და VIII თავებისა და კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილების   შესაბამისად, კომისიამ,  კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „პალიტრა TV”-ის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის N6/6471-13; 12.11.2013) და დაევალოს  შპს „მაგთიკომს“ უზრუნველყოს შპს „პალიტრა TV”-ის სამაუწყებლო არხის სავალდებულო გატარება საკუთარ თანამგზავრულ სატრანზიტო  ქსელში, მას შემდეგ, რაც შპს „პალიტრა TV” უზრუნველყოფს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანასა და გავრცელებას ისე, რომ შპს „მაგთიკომს“ არ მოუხდება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული სხვა პირის მიერ გაწეული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების სასყიდლიანი თუ უსასყიდლო მიღება; ასევე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის მაუწყებლობის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების მიწოდებას;

2.       არ დაკმაყოფილდეს შპს „პალიტრა TV”-ის  საჩივარი იმ ნაწილში, რომელშიც შპს „პალიტრა TV” ითხოვს შპს „მაგთიკომის“ სანქცირებას, შპს „მაგთიკომის“ მიერ კანონსაწინააღმდეგო  ქმედების ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;

3.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „პალიტრა TV“-თვის  ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისათვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

5.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პალიტრა TV”-სა და შპს „მაგთიკომისათვის“  ჩაბარების დღიდან;

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირებისა და რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტებს  (ს. შავგულიძე; ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარის                                                    აკაკი სიხარულიძე                                                                                                 

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                      სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                      ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები