წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2013

ნომერი: 754 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2013

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესწავლისა და უფრო ეფექტური რეგულაციის დადგენის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.

ამავე გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად განისაზღვრა კომისიის წევრი - ირაკლი მოსეშვილი. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვა ყველა დაინტერესებული ავტორიზებული პირის წარმომადგენელს. სამუშაო ჯგუფს ეთხოვა შეემუშავებინა რეკომენდაციები საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დროებითი უფრო ეფექტური რეგულაციის შემუშავების თაობაზე და ეს რეკომენდაციები წარედგინა კომისიისათვის განსახილველად.

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ერთი თვის ვადით.

აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში ავტორიზებული პირების მიერ ჩამოყალიბებული იქნა პოზიცია, რაც ასახულ იქნა მათ მიერ გამოგზავნილ წერილებში; კერძოდ, კომისიას მიმართეს, შპს “მაგთიკომმა“, შპს “მობიტელმა“, შპს “გუდვილკომმა“, სს “გლობალ ერთმა“, შპს “ჯეონეთმა“, შპს “ლაგმა“, შპს “მაიფონმა“, შპს “სერვისნეტმა“ ერთობლივი წერილით (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/6834-13 26.11.2013), ასევე იდენტური შინაარსის წერილით მიმართეს კომისიას შპს “ჯეოსელმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/6839-13 26.11.2013), შპს “ალექს დეველოფმენთმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/6833-13 26.11.2013), შპს “კავკასუს ონლაინმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/6803-13 25.11.2013), რომლის თანახმადაც, ოპერატორებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საერთაშორისო ზარის საქართველოში დასრულების მომსახურების ტარიფები განისაზღვროს შემდეგნაირად:

1.    საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის, დადგინდეს  საერთაშორისო ბაზარზე შესათავაზებელი  ქვედა ზღვრული ტარიფები:

1.1 -  ქსელის/აბონენტის მფლობელი ოპერატორებისთვის:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში -  0,16 აშშ დოლარი - 1 წუთი. 

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში  -  0,085 აშშ დოლარი - 1 წუთი.

1.2 -  სხვა ავტორიზებული ოპერატორებისთვის:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში  - 0,15 აშშ დოლარი - 1 წუთი. 

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში  ქსელის  - 0,075 აშშ დოლარი - 1 წუთი.

2.  საერთაშორისო ზარის დასრულების საფასური ქსელის/აბონენტის მფლობელი ოპერატორების ქსელში, განისაზღვროს შემდეგნაირად:

მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში

თვის განმავლობაში დასრულებული საერთაშორისო წუთების რაოდენობა (x)

x

 500 000

 1 000 000

 1 500 000 < x

საერთაშორისო ზარის დასრულების საფასური ($)

0,10

0,11

0,12

0,13

ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში

თვის განმავლობაში დასრულებული საერთაშორისო წუთების რაოდენობა (x)

X

 150 000

 200 000

 300 000 < x

საერთაშორისო ზარის დასრულების საფასური ($)

0,05

0,055

0,06

0,065

            ამასთან ერთად, ოპერატორები აღნიშნავენ, რომ:

ა) ოპერატორებს შორის ანგარიშსწორებისას საჭიროა განისაზღვროს, რომ ნებისმიერი ზარი, რომელიც არ არის წარმოდგენილი ეროვნული ნომრის ფორმატით, ჩაითვალოს საერთაშორისო ზარად. საერთაშორისო ფორმატი გულისხმობს ნომრის პრეფიქსად ქვეყნის კოდს, რაც ცალსახად გამოარჩევს შიდა ტრაფიკს (995) სხვა ტრაფიკისაგან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ტრაფიკად, გარდა როუმინგული მომსახურების ზარებისა. ეს ერთის მხრივ, უბიძგებს იგივე შუამავალ კომპანიებს აიძულონ სხვა კომპანიები რათა ნომრები გადაცემულ იქნას სრულყოფილად. მეორეს მხრივ კი, ქსელის მფლობელი ოპერატორები, თავიანთი ტექნიკური საშუალებებით შეეცდებიან თავად გამოავლინონ მანიპულირების (ნომრის გადაკეთების) ფაქტები და მიაწოდონ იგი შესაბამის ორგანოებს. ამდენად, ამ მოდელის პირობებში, არაკეთილსინდიერი ქმედების გამოვლენაში კომისიასთან ერთად ჩართულ იქნებიან თავად ოპერატორები, რაც გაუადვილებს კომისიას აღნიშნული რეგულაციის შესრულებაზე კონტროლს.

ბ) თითოეული ოპერატორი ვალდებულია გააგზავნოს დეტალური მონაცემები ტრაფიკების  შესახებ მარეგულირებელ კომისიაში, 15 დღეში ერთხელ, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების ანალიზს, რაც შესაძლებელს გახდის დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის ოდენობა კონკრეტული დროის მონაკვეთში. პერიოდულად და საჭიროებისამებრ, მარეგულირებელი კომისია მოახდენს საერთაშორისო ოპერატორებთან თანამშრომლობით სატესტო ზარების განხორციელებას ან/და არსებული ტრაფიკის ჩანაწერის გადამოწმებას. დარღვევების შემთხვევაში,  სანქცირების ფინანსური ოდენობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს დარღვევით მისაღებ სარგებელზე. 

გარდა ამისა, ოპერატორების აზრით, კომისიამ  ავტორიზებული პირების მიერ  კომისიაში წარდგენილი ტრაფი­კების დეტალური მონაცემებისა და სტატისტიკური ფორმების მიხედვით, უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) მოახდინოს მთლიანი ტრაფიკის ანალიზი,  განახორციელოს ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის შედარება სტატისტიკურ ფორმებში წარდგენილ მონაცემებთან;

ბ) მოახდინოს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის მთლიანი მოცულობის შედარება თითოეული ავტორიზებული პირის ქსელში დასრულებული საერთაშორისო ტრაფიკის მოცულობების ჯამთან;

გ) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს ავტორიზებული პირის შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის მონაცემების შედარება საერთაშორისო ტრაფიკის მომწოდებელ საერთაშორისო ოპერატორთან;

დ) პერიოდულად, საერთაშორისო ოპერატორებთან თანამშრომლობით, მოახდინოს სატესტო ზარების განხორციელება.

ზემოაღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში ოპერატორები თვლიან, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედი ტარიფები აღარ იქნება დაწესებულ ზღვრულ ტარიფებზე ნაკლები, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში სავალუტო სახსრების შემოდინებას; ქსელის მფლობელი ოპერატორები აღნიშნული მიდგომით მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ მცირე ზომის ოპერატორებს ბიზნეს საქმიანობაში; ქსელის არამფლობელი ოპერატორები თანაბარ კონკურენტულ გარემოში მოექცევიან და საერთო თამაშის წესებით განაგრძობენ ოპერირებას; ამოქმედდება მკაცრი კონტროლის მექანიზმები უპირობოდ ყველა ოპერატორისათვის, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

განსხვავებული პოზიცია აქვს შპს “სილქნეტს“, რომელიც თავის წერილში  (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/6835-13 26.11.2013) აღნიშნავს, რომ კომპანია ეთანხმება ძირითად პრინციპს, ქსელის მფლობელი ოპერატორებისათვის საერთაშორისო ზარების დასრულებაზე მოქმედებდეს ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფი. მაგრამ, ამავე დროს, არ ეთანხმება ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების სხვადასხვა საფასურის შემოღებას დასრულებული წუთების ოდენობის მიხედვით, შემდეგი მიზეზების გამო:

-         ისედაც დიფერენცირებული ტარიფების არსებობის პირობებში დამატებითი გრადაციის დაშვება გაზრდის არაკეთილსინდისიერი სქემების გამოყენების რისკებს;

-         შპს “სილქნეტს“ არ გააჩნია ამგვარი მოდელის ტექნიკური აღსრულების შესაძლებლობა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს “მაიფონის“ წერილი №103 03.12.2013 (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/6920-13), რომლითაც ითხოვს კომისიისაგან დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი, კერძოდ, კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის  №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, პირთა ფართო წრეს ეხება, ამ წინადადებების განსახილველად მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან ერთად, კომისიამ განმარტა, რომ 20 სამუშაო დღის ვადაში ავტორიზებული პირები არ იქნებიან შეზღუდულნი დააზუსტონ ან დამატებით წარმოადგინონ კომისიაში განსხვავებული ალტერნატიული წინადადებები.  

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის  №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვის მიზნით დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 22 იანვარს 16 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე) და კომისიის წევრს ირაკლი მოსეშვილს.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                    ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                       ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები