წვდომის მენიუ

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ შუამდგომლობის განხილვის თაობაზე

ნომერი: 755 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2013

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ შუამდგომლობის  განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ  შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ კომისიას 2013 წლის 13 დეკემბერს მიმართა N2981 შუამდგომლობით (კომისიაში რეგისტრაციის N6/7075) და მოითხოვა კომისიის 2009 წლის N628/16 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა; შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში,  შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ აბონენტებთან ვერ რეკავენ შპს ,,ჯეოსელის“ აბონენტები, რაც მომხმარებლებს უქმნის სირთულეებს და შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“  რამოდენიმე მსხვილი აბონენტი უკვე დაპორტირდა სხვა ქსელში; შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“  შუამდგომლობის თანახმად, მისი არაერთი მიმართვის მიუხედავად, შპს ,,ჯეოსელმა“ არ მოახდინა ურთიერთჩართვის აღდგენა.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ შუამდგომლობა კომისიამ განიხილა 2013 წლის 20 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, სადაც გამოცხადდნენ შპს ,,კავკასიიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე და შპს ,,ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან გიორგაძე.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ უარი განაცხადა ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე, ვინაიდან შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს ,,ჯეოსელს“ შორის, შუამდგომლობის განხილვის ეტაპისათვის, ფაქტობრივად უკვე აღდგენილია ურთიერთჩართვა, რაც დაადასტურა შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.          შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” 2013 წლის 13 დეკემბერს N2981 შუამდგომლობის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7075) განხილვასთან დაკავშირებით;

2.          დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისა” და  შპს ,,ჯეოსელისათვის”  გაგზავნა;

3.          გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.          გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები