წვდომის მენიუ

შპს “Sputnik TV“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 774 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2013

შპს  “Sputnik TV“-თვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

                ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, 2013 წლის 13 დეკემბერს   კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 12 დეკემბრის   №10/1720-13 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია  შპს “Sputnik TV“-ს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N6/6867-13 28.11.2013), რომლის თანახმადაც შპს “Sputnik TV“-ს განზრახული აქვს საფირმო სახელწოდების შეცვლა, აგრეთვე შპს “Sputnik TV“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილება, კერძოდ ფიზიკური პირების - ეკატერინე ოჩიგავას (წილის 25%),  თეიმურაზ თათეშვილის (წილის 25%), გიორგი აბუაშვილის (წილის 25%) და ეკატერინე ებანოიძის (წილის 25%) მიერ ფიზიკურ პირ ნინო რჩეულიშვილის მფლობელობაში არსებული შპს “Sputnik TV“-ს 100% წილის შეძენა.

შპს “Sputnik TV“-ს მიერ წარმოდგენილი  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (ამონაწერის მომზადების თარიღი 27 აგვისტო 2013 წელი), წილის 100%-ის მფლობელად ფიქსირდება ფიზიკური პირი ნინო რჩეულიშვილი.

იმისათვის, რომ კომისიას განეხორციელებინა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები, შპს “Sputnik TV“-ს გაეგზავნა წერილი №08/2646-13 04.12.2013, რომლის თანახმად შპს “Sputnik TV“-ს წილის - საოპერაციო აქტივის შეძენასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მოთხოვნილი ინფორმაცია შპს “Sputnik TV“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა №18 11.12.2013 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი 6/7050-13 11.12.13).

           წილის შეძენის თაობაზე პროექტის მომზადების პროცესში გაირკვა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (ამონაწერის მომზადების თარიღია 29 ნოემბერი 2013 წელი), შეცვლილია კომპანიის დასახელება და განხორციელებულია წილების შეძენა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე.  კერძოდ:

                დამფუძნებლის ცვლილება და წილების გადანაწილება: კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მფლობელმა ნინო რჩეულიშვილმა, თავის 100% წილი გადასცა: ეკატერინე ოჩიგოვას (25%), ეკატერინე ებანოიძეს (25%), თეიმურაზ თათეშვილს (25%) და გიორგი აბუაშვილს (25%);

                დირექტორის ცვლილება: ნინო რჩეულიშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა -  ალექსანდრე ოჩიგავა.

                საფირმო სახელწოსების ცვლილება:  შპს “Sputnik TV“-ს  მაგივრად საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა  შპს  „IVERIA SAT“- ი  ივერია სატი.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 12 დეკემბრის  №10/1720-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 19 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოებაშპს შპს “Sputnik TV“-ს   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 27 დეკემბერს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს  “Sputnik TV“-ს  ეცნობა  წერილობითი შეტყობინებით, რომელიც მას ჩაბარდა 2013 წლის 20 დეკემბერს (წერილის N03/2797-13). შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

                კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე არ  გამოცხადებულა შპს “Sputnik TV“-ს   უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა კომპანიას 2013 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება 2013 წლის 27 დეკემბრის კომისიის სხდომის თაობაზე. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს “Sputnik TV“-ს     წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.                      კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (12.12.3013; N10/1720-13);

2.                       შპს “Sputnik TV“-ს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N6/6867-13 28.11.2013);

3.                       შპს “Sputnik TV“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.                       შპს “Sputnik TV“-ს ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

                ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.             შპს “Sputnik TV“-ი  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 18.09.2013.);

2.             შპს “Sputnik TV“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.             შპს “Sputnik TV“-ს  არ მიუღია კომისიისაგან წინასწარი თანხმობა თავისი წილის გასხვისებასთან  დაკავშირებით;

4.             შპს “Sputnik TV“-ს   დამფუძნებლებმა და 100% წილის მფლობელებმა ნინო რჩეულიშვილმა, თავის 100% წილი გადასცა: ეკატერინე ოჩიგოვას (25%), ეკატერინე ებანოიძეს (25%), თეიმურაზ თათეშვილს (25%) და გიორგი აბუაშვილს (25%) (ამონაწერის მომზადების თარიღი: 29 ნოემბერი,  2013 წელი);

5.             შპს “Sputnik TV“-ის   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

         ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

                „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს “Sputnik TV“-ს   მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი.  გამომდინარე იქიდან, რომ  შპს “Sputnik TV“-ის   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.       

            ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს “Sputnik TV“-ის მიერ 2013 წლის 11 დეკემბერს  N18 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/7050-13; 11.12.13) წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე,  98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 26-ე და  43-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს გაფთხილება შპს “Sputnik TV“-ს   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “Sputnik TV“-ს   დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე) შპს „Sputnik TV“-ის მიერ წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6 ) შპს “Sputnik TV“-თვის   ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “Sputnik TV“-თვის   ჩაბარების დღიდან;

6.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე)  შპს “Sputnik TV“-ის  სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა  მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                        მოვალეობის შემსრულებელი                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები