შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 08, 2013
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 24 იანვრის N10/74-13 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ პირთა მიერ შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიმართ 2013 წლის 18 იანვარს შედგენილი შემოწმების აქტი N78 თანდართული მასალებით (2 CD დისკი, აბონენტის გადახდის ქვითრები, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 24 იანვრის N10/74-13 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2013 წლის 18 იანვარს, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Mультимания“, „Домашний“, „Россия Культура“, „History”, “ახალი არხი“, “TV3”, “ Шансон ТВ”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “აფხაზეთის ხმა“, „Planeta RTR”, “მეცხრე არხი“, “ Охота и рыбалка” „მეცხრე ტალღა“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, “OPT”, “იმედი“, „GDS”, “RTVI”. ზემოაღნიშნული არხებიდან შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „Mультимания“, „Домашний“, „History”, “TV3”, “Шансон ТВ”, „Planeta RTR”, “Охота и рыбалка”, „მაესტრო“, “OPT”, “RTVi”. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს”, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (24.01.13 N10/74-13) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 30 იანვარს - შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 08 თებერვალს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. 2013 წლის 8 თებერვლის კომისიის სხდომაზე შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ შეტყობინება ჩაბარდა და ამდენად, მისთვის ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ. კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (24.01.13. 10/74-13); 2. 2013 წლის 18 იანვრის შემოწმების აქტი; 3. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ აბონენტის ქვითრები; 4. 2013 წლის 18 იანვრის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ( 2 CD); 5. 2013 წლის 18 იანვრის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი; 6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილი; 7. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; 8. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის თებერვლის N04/80-13 წერილი; 9. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; 10. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილება კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა); 2. 2013 წლის 18 იანვარს, 12:43 საათზე განხორციელდა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შემოწმება მისამართზე ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი N21/45, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“-ის აბონენტთან რომანოზ ჯგუბურიასთან, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდნენ: რომანოზ ჯგუბურია (პირადი N42001003229) და მარინა სიჭინავა (პირადი N42001014622). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N78. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე და ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები - რომანოზ ჯგუბურია და მარინა სიჭინავა; 3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Mультимания“, „Домашний“, „Россия Культура“, „History”, “ახალი არხი“, “TV3”, “ Шансон ТВ”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “აფხაზეთის ხმა“, „Planeta RTR”, “მეცხრე არხი“, “ Охота и рыбалка” „მეცხრე ტალღა“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, “OPT”, “იმედი“, „GDS”, “RTVi”; 4. კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება ი.მახარაძეს მინიჭებული ჰქონდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ კომისიის 2012 წლის 4 დეკემბრის №762/19 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტ ზ.კვირკველიას მინიჭებული ჰქონდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, 2013 წლის 13 იანვარს ჩატარებული შემოწმება განხორციელებულია და 2013 წლის 18 იანვრის შემოწმების აქტი №78 შედგენილია არაუფლებამოსილი პირების მიერ. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არაუფლებამოსილი პირების მიერ 2013 წლის 18 იანვარს ჩატარებული შემოწმება და შემოწმების საფუძველზე შედგენილი №78 შემოწმების აქტი ვერ გახდება შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19, ჰჰგ43-ე და 44-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა: 1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; 2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” შემოწმების ხელახალი ჩატარება სათანადო წესის დაცვით; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.gncc.ge გამოქვეყნებიდან; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე |
